პროლოგი
ტერეზამ საუკეთესო მეგობარს დახედა და გაიფიქრა, ნეტავ მის დავიწყებას როგორ შევძლებო. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი ჩანდა, არადა, თომასამდე ბიჭებისთვის ბლოკატორების ჩადგმის პროცესი ტერეზას არაერთხელ ენახა. ღია ყავისფერი თმა, სულში ჩამწვდომი მზერა და მუდამ შეფიქრიანებული სახე - ნუთუ ეს ბიჭი მისთვის მართლა უცხო გახდებოდა? როგორ შეიძლებოდა, ისინი ერთ ოთახში ყოფილიყვნენ და უცნაურ სუნზე არ ეხუმრათ, ვინმე უმეცრისთვის სიზანტის გამო არ დაეცინათ ან ტელეპათიურად არ ელაპარაკათ?
ეს ხომ შეუძლებელი იყო!
თუმცა აქამდე ერთი დღეღა რჩებოდა.
ტერეზას, თორემ თომასს - მხოლოდ რამდენიმე წუთი. ბიჭი საოპერაციო მაგიდაზე თვალდახუჭული იწვა. მკერდი რიტმულად აუდ-ჩაუდიოდა, ეტყობოდა, რომ თანაბრად სუნთქავდა. თომასს კორდის ფორმა - შორტი და მაისური - ეცვა. ტერეზას მოეჩვენა, თითქოს ძველ ფოტოსურათს უმზერდა. თომასი ჩვეულებრივ ბიჭს ჰგავდა, რომელსაც სკოლიდან დაბრუნებულს, ჩასძინებოდა. ასე იყო მანამდე, სანამ მზეზე აფეთქებები და დაავადების გავრცელება სამყაროს საგიჟეთად აქცევდა, ყველგან სიკვდილს და განადგურებას დათესავდა, სანამ ბავშვების მოტაცება, მათთვის მეხსიერების წართმევა და ისეთ საზარელ ადგილას გაგზავნა, ლაბირინთი რომ ერქვა, აუცილებლობად იქცეოდა. ეს იყო დრო, როცა ადამიანის ტვინს სასაკლაო ზონა არ ერქვა და მეცნიერებისა და მედიცინის სახელით მუდმივად მისი შესწავლა საჭირო არ იყო.
ექიმი და ექთანი თომასს საოპერაციოდ ამზადებდნენ. სახეზე ნიღაბი დაადეს. ტერეზას ესმოდა ტკაცუნი, სისინი და წრიპინი. ბიჭს ყურებში ლითონისა და პლასტმასის მილები შეუცურეს. თომასს თითები უნებლიეთ აუკანკალდა. გამაყუჩებლების მიუხედავად, მას რაღაც მაინც ეტკინებოდა, თუმცა, გამოღვიძებულს ეს აღარ ეხსომებოდა. დანადგარი ამუშავდა. ნელ-ნელა იგი თომასის მეხსიერებას წაშლიდა. მისი გონებიდან გაქრებოდა დედის და მამის სახეები. დაავიწყდებოდა განვლილი ცხოვრება. და ტერეზაც.
ტერეზას გონების ნაწილი ხვდებოდა, რომ ამის გამო უნდა გაბრაზებულიყო, წივილ-კივილი აეტეხა და დახმარებაზე უარი ეთქვა, მაგრამ მისი გონების უფრო დიდი ნაწილი კლდესავით უდრეკი და შეუვალი იყო. ამ ნაწილმა იცოდა, რომ მეორე დღეს, პროცედურის შემდეგაც კი, ტერეზას ეს გადაწყვეტილება საეჭვო არ მოეჩვენებოდა. ის და თომასი, ნებაყოფლობით დასთანხმდნენ იმას, რასაც სხვებსაც სთხოვდნენ. თუნდაც დახოცილიყვნენ! სამაგიეროდ, უკეთური განკურნების საშუალებას აღმოაჩენდა, მილიონობით ადამიანს სიკვდილისგან იხსნიდა და ერთ მშვენიერ დღეს დედამიწა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა. ტერეზას ეს ისევე სჯეროდა, როგორც ადამიანების დაბერება, ან ფოთოლცვენა შემოდგომაზე.
თომასი შეკრთა, ჩაისუნთქა, დაიკვნესა და შეტოკდა. ტერეზა შიშმა აიტანა. გაიფიქრა, იმ საზარელი რაღაცებისგან, რაც ახლა მის ტვინში ხდება, შეიძლება, გამოეღვიძოსო. მაგრამ ბიჭი მალევე დამშვიდდა, სუნთქვაც დაუმშვიდდა. დანადგარების ტკაცუნი და სისინი განახლდა. ტერეზას საუკეთესო მეგობრის მოგონებები ნელ-ნელა ქრებოდა, ისე, როგორც ვარსკვლავები დილის ცაზე.
ისინი ერთმანეთს გამოემშვიდობნენ. ტერეზას ისევ ჩაესმოდა მისი ნათქვამი: „ხვალ გნახავ“. თომასის ამ სიტყვებმა ტერეზა გააოგნა, ხოლო რასაც ბიჭი დასთანხმდა, არარეალური და არაბუნებრივი ჩანდა.
ხვალ ერთმანეთს კი ნახავდნენ, მაგრამ ტერეზა უგონოდ იქნებოდა, თომასს კი არ ეცოდინებოდა, ვინ იყო ეს გოგო. მხოლოდ მისი გონების ყველაზე ბნელ კუნჭულს მოეჩვენებოდა, რომ ტერეზა სადღაც ენახა. ხვალ... ერთად გადატანილი ამდენი შიშის, წვრთნისა თუ დაგეგმვის შემდეგ მთავარი ახლა იწყებოდა. თომასს და ტერეზას საკუთარ თავზე უნდა გამოეცადათ ის, რაც ალბის, ნიუტს, მინჰოსა და სხვებს დამართეს. უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო.
ტერეზას სულში გამეფებული მყუდროება ნარკოტიკით გაბრუებას ჰგავდა. გრივერებისა და შიზების შიში უკვალოდ გაუქრა და მის ნაცვლად უცნაური სიმშვიდე დაეუფლა. უკეთურს სხვა გზა არ ჰქონდა. არც მას და თომასს ჰქონდათ სხვა გზა. ამდენი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად თავგანწირვაზე უარს როგორ იტყოდნენ? ახლა სინანულის, დარდისა და ოცნების დრო არ იყო. ტერეზა ბედს შეურიგდა - რაც მოსახდენი იყო, მოხდა, მალე კი მომავალში მოსახდენიც მოხდებოდა. …
ის და თომასი ლაბირინთის შექმნაში მონაწილეობდნენ, თუმცა ტერეზამ სულში მტკიცე კედელი აღმართა მათგან დასაცავად. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ შეძლო.
ტერეზას გონებაში ფიქრი ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და გაქრა. თომასის პროცედურა მთავრდებოდა. ექიმმა ეკრანზე რამდენიმე ღილაკს თითი დააჭირა, წრიპინმა, სისინმა და ტკაცუნმა იმატა. თომასს თითქოს კრუნჩხვა დაეწყო. მთელი სხეულით აძაგძაგდა. სადენები და წვრილი მილები აზუზუნდა და ისევ ნიღაბმა შეისრუტა. მერე თომასი ნელ-ნელა დამშვიდდა. ნიღაბი გაითიშა. ყველა ხმა და მოძრაობა შეწყდა. ექთანი დაიხარა და თომასს ნიღაბი მოხსნა. ბიჭს გაწითლებულ სახეზე ნიღბის კვალი ეტყობოდა. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა.
ტერეზას სულში კედელმა, რომელიც მის გრძნობებს აკავებდა, ნგრევა დაიწყო. თომასი რომ გაიღვიძებდა, მას ვეღარ იცნობდა. გოგონას თავზარი დაეცა, როცა გააცნობიერა, რომ მალე ისინი კორდში შეხვდებოდნენ ერთმანეთს, როგორც