თავი 1
წიგნი ეძღვნება მსოფლიოში საუკეთესო ბავშვებს: უელსის, ბრაისონს, კაილასა და დილანს.
სამყაროს თავზე ჩამოქცევამდე მის თავში ტერეზა კიდევ ერთხელ ალაპარაკდა.
- თომ, გძინავს?
თომასმა თავი მაღლა ასწია. ოთახში ისეთი უკუნეთი იდგა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ბიჭი თავიდან შიშმა აიტანა; თვალები გაახილა თუ არა, წარმოიდგინა, რომ ისევ ყუთში იყო - იმ საზარელ ცივ ლითონის კუბში, რომელმაც ლაბირინთით გარშემორტყმულ კორდში აიყვანა. უეცრად თომასმა დიდი ოთახიდან შემოპარულ სუსტ შუქზე ორსართულიანი საწოლებისა და კარადების ჩრდილები დაინახა. მის მეგობრებს ეძინათ: ზოგი მათგანი ხმამაღლა ხვრინავდა, ზოგი კი მშვიდად სუნთქავდა.
ბიჭმა შვება იგრძნო. ისინი ახლა სამშვიდობოს იყვნენ. მშველელებმა ბიჭები სიკვდილისგან იხსნეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ყოფილ კორდელებს საძინებელში მშვიდად ეძინათ. ამიერიდან მათ სადარდებელი არაფერი ჰქონდათ. აღარც გრივერები და აღარც სიკვდილი.
- თომ!
ხმა თავში. გოგოს ხმა. მართალია, ის საძინებელში არ იყო, მაგრამ ბიჭს მისი ხმა მაინც ესმოდა. თომასს ვერავისთვის აეხსნა, მას და ტერეზას ეს როგორ გამოსდიოდათ.
თომასმა ღრმად ამოისუნთქა და თავი კვლავ ბალიშზე დადო. დამშვიდდა. შიში სადღაც გაქრა.
- ტერეზა! რომელი საათია? - ჰკითხა მან გონებაში.
- აზრზე არა ვარ, - მიუგო გოგომ, - ვეღარ ვიძინებ. მგონი, სადღაც ერთი საათით ან ცოტა მეტით ჩავთვლიმე. იმედი მქონდა, შენც ჩემსავით გეღვიძებოდა და კომპანიონობას გამიწევდი.
თომასმა ღიმილის შეკავება სცადა. მართალია, ტერეზა მას ვერ ხედავდა, მაგრამ ბიჭს მაინც ეუხერხულა.
- დიდი არჩევანი არც დამიტოვე. ძნელია დაიძინო, როდესაც ვიღაც აზრებით გელაპარაკება.
- ასე, არა?! კარგი, მაშინ დაიძინე!
- ჰო, კარგი, რა იყო? მღვიძავს უკვე, - თომასი მაღლა, საწოლის (სიბნელეში უფორმო) ქვედა მხარეს მიაცქერდა. ზემოდან მინჰოს საშინელი ხვრინვა ისმოდა. გგეგონებოდა, ნახველი ახრჩობსო, - რაზე ფიქრობდი?
- შენი აზრით? - ჰკითხა ტერეზამ დამცინავად. - სულ გრივერები მესიზმრება. მათი გულისამრევი კანი და ბოლქვისმაგვარ სხეულებზე მეტალის მკლავები და ეკლები… საშინელება იყო. თომ, ოდესმე ამის დავიწყებას შევძლებთ?
თომასი დარწმუნებული იყო, რომ გრივერები და ლაბირინთში გადატანილი საშინელება მათ სიცოცხლის ბოლომდე ეხსომებოდათ. მისი აზრით, ბიჭების უმეტესობას წინ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ელოდა. გამორიცხული არ იყო, საგიჟეთშიც კი მოხვედრილიყვნენ.
თომასს გონებაში მხოლოდ ერთი სურათი აღბეჭდვოდა. ბიჭს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს, ტვინი გახურებული შანთით დაედაღათ: მკერდშენგრეული და სისხლში მცურავი ჩაკი - მეგობარი, რომელიც მის მკლავებში სულს ღაფავს.
თომასმა იცოდა, რომ ამას ვერასოდეს დაივიწყებდა. თუმცა, ტერეზა მაინც ანუგეშა:
- დაგავიწყდება. დრო ყველაფრის მკურნალია.
- როგორი თავდაჯერებული ხარ!
- უბრალოდ, ვიცი, - მიუგო. სასაცილო იყო, მაგრამ თომასს ტერეზასგან ასეთი რეპლიკების მოსმენა სიამოვნებდა. გოგოს სიტყვებში სარკაზმი იმაზე მეტყველებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. „იდიოტო!“ - დატუქსა საკუთარი თავი. თუმცა, ეს იმწამსვე ინანა. შეიძლებოდა, ტერეზას მისი აზრები გაეგონა.
- არ მომწონს, ერთმანეთს რომ დაგვაშორეს, - უთხრა ტერეზამ.
თომასი ხვდებოდა, რატომ მოიქცნენ ასე მშველელები. მოზარდ კორდელ შენქებს შორის ტერეზა ერთადერთი გოგო იყო. მშველელები კი მათ ჯერ არ ენდობოდნენ.
- მგონი, გიცავენ.
- ჰო, მგონი. მაგრამ იმის მერე, რაც ჩვენ ერთად გადავიტანეთ... - გოგოს ნათქვამმა თომასი დაადარდიანა.
- სად წაგიყვანეს? - ჰკითხა თომასმა. უეცრად, მან ისე აშკარად იგრძნო ტერეზას სევდა, რომ მზად იყო, საწოლიდან წამომხტარიყო და მოეძებნა, თუმცა იცოდა, რომ ეს შეცდომა იქნებოდა.
- გუშინ რომ ვჭამეთ, დიდი სასადილო ოთახის მეორე მხარეს პატარა ოთახში დამაბინავეს. აქ რამდენიმე ორსართულიანი საწოლია. დარწმუნებული ვარ, კარი გარედან დამიკეტეს.
- ხომ გითხარი, შენს დაცვას ცდილობენ-მეთქი, - უთხრა, თუმცა, მაშინვე დაამატა: - ისე, მე რომ მკითხო, ტყუილად წუხდებიან. შენქების ნახევარი რომც დაგიპირისპირდეს, ფულს მაინც შენზე დავდებ.
- მხოლოდ ნახევარი?
- ჰო, კარგი, სამი მეოთხედი. საკუთარი თავის ჩათვლით.
თომასის ნათქვამს ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა, თუმცა, ბიჭი გონებაში ტერეზას ყოფნას მაინც გრძნობდა, ზუსტად ისე, როგორც მის თავზე, სულ რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა მძინარე მინჰოს ყოფნას. მართალია, ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა, რომ ის იქ იყო და არა იმიტომ, რომ მინჰო ხვრინავდა. როდესაც მეგობარი ახლოსაა, შენ ეს იცი, ამას ყოველთვის გრძნობ.
მიუხედავად ბოლო რამდენიმე კვირის მოგონებებისა, თომასი მაინც მშვიდად იყო. მალე ძილი მოერია. წყვდიადში ტერეზა მის გვერდით იყო. თომასი გრძნობდა, რომ ხელს თუ გასწევდა, გოგონას შეეხებოდა.
დრო შეუმჩნევლად გადიოდა. თითქმის ჩაძინებულ თომასს გონებაში ტერეზას სიახლოვე