ცალი ხელით ტაშისკვრა -
ჰეიზელს -
თავი პირველი მე, ჯენეტ შირლი (ქალიშვილობისას ბარნსი), ჰაუარდ შირლის მეუღლე, ოცდასამი წლის ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა, ჩემი ქმარი კი თითქმის ოცდაშვიდისა იყო. ჩრდილოეთ ბრედკასტერში, შორტშოს მუნიციპალურ სახლში, კრანმერ-როუდის ნომერ ოთხში ვცხოვრობდით. კრანმერ-როუდი ქალაქისკენ მიმავალი უიტგიფტ-როუდის განშტოებაა. სახლის ქირას კვირაში £32,6-ს (გირვანქა სტერლინგის ნიშანი) ვიხდიდით. ჩვენი ქუჩის აყოლებაზე იყო და მგონი, ახლაც არის შუ-ლეინი, რომელსაც სატელევიზიო რეკლამებში შაინინგ-შუ-ლეინს („პრიალა ფეხსაცმლის შუკა“) უწოდებდნენ, რითაც იქ მცხოვრებნი ისე ტრაბახობდნენ, თითქოს ძალიან ჭკვიანურ რამეს აკეთებდნენ. ჩვენს მხარეს ყველა ქუჩას ეპისკოპოსთა სახელები ერქვა - რიდლი-როუდი, ლატიმერ-როუდი, ფიშერ-როუდი და ლოდ-როუდი - და არასოდეს უცდია ვინმეს მათი გამოყენება სატელევიზიო რეკლამებში. ჰაუარდი ოუკ-კრესენტის ნახმარი ავტომობილების მაღაზიაში მუშაობდა, მე ჰეისტინგს-როუდის სუპერმარკეტის თაროებზე საქონელს ვალაგებდი. მოკლედ, იმ დროს არაფრით გამოვირჩეოდით. გვქონდა ტელევიზორი, სახელურიანი რადიო, რომელსაც სახლში ხელჩანთასავით აქეთ-იქით დავატარებდით, სარეცხი მანქანა და მტვერსასრუტი. სამაგიეროდ, არ გვყავდა ავტომობილი და არც შვილები. ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ვიქორწინეთ. სხვათა შორის, ჩემს ოჯახში ეს სულაც არ ითვლებოდა ნაადრევად, დედაჩემი თექვსმეტი წლისა გათხოვდა, ჩემი და - მირტლი (სედლერი) - ჩვიდმეტი წლის. მირტლმა, როგორც თავად ნახავთ, ოჯახური ცხოვრება ვერ ააწყო, მაგრამ ამას ჩემს ნაადრევ გათხოვებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მირტლის მაიკლისნაირ ქმართან ნებისმიერ ასაკში აერ-დაერეოდა ოჯახი.
როცა მე და ჰაუარდმა ერთმანეთი გავიცანით, თხუთმეტი წლის ვიყავი და ჯერ ისევ ჰოთორნ-როუდზე თანამედროვე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჰაუარდს სამი წლით ადრე დაემთავრებინა საშუალო კლასიკური სკოლა. ისე, როგორც გოგოების უმრავლესობა, ასაკთან შედარებით უფრო დიდად გამოვიყურებოდი და რადგან სკოლაში ბევრს არაფერს გვასწავლიდნენ, ჩვენს გარეგნობაზე ზრუნვას დიდ დროს ვუთმობდით. თუმცა ესეც უნდა ითქვას: მართალია, მისის სპენსერი კვირაში ორჯერ მაკიაჟის კეთებას, თავაზიანად მოქცევას და კოხტად ჩაცმას გვასწავლიდა, მაგრამ საბრალო დედაბერს ზემოთ ჩამოთვლილის ბევრი არაფერი გაეგებოდა. თავად გოგოებს ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ სკოლაში ასეთი გაკვეთილები არ უნდა ჩაგვტარებოდა და გადასახადის გადამხდელთა ფული უკეთ უნდა დახარჯულიყო. გვიტარდებოდა აგრეთვე სამეჯლისო ცეკვებისა და ეგრეთ წოდებული, მეოჯახეობის გაკვეთილები. არც ერთ მასწავლებელს თავისი საგნისა ბევრი არაფერი გაეგებოდა და ზოგჯერ ძალიან საცოდავი სანახავი იყო, როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის სკოლის დღეების გახალისებას. ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი გვყავდა, წვერიანი მისტერ სლესორი, რომელიც თავის თავს ბიტნიკს უწოდებდა, ხოლო ჩვენ - ფისოებსა და წიწკვებს. წესით, ჩვენთვის ინგლისური უნდა ესწავლებინა, მაგრამ ერთხელ, ამ გაპრანჭულ ლაქლაქს ვერ ვამუღამებო, თუ რაღაც ამის მსგავსი გვითხრა. აზრზე ხართ, რა სიგიჟე და საცოდაობაა. ხოლო ისტორიის მასწავლებელმა - მისტერ თორნტონმა გვითხრა, ძველი მეფე-დედოფლები მაინც არ დაგაინტერესებთო, ჰოდა, იჯდა, თავის გიტარას აჟღარუნებდა და მოსაწყენ სიმღერებს გვიმღეროდა. მოკლედ, არანაირ ისტორიას არ გვასწავლიდნენ, არადა, დაწყებით კლასებში ისტორიას კარგად ვსწავლობდი. გვყავდა კიდევ ერთი ქოშინა და მქშინავი მსუქანა, მისტერ პორტმენი, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს გვასწავლიდა და რატომღაც ხშირ-ხშირად გვიხმობდა გოგოებს დასახმარებლად პატარა სააპარატო ოთახში, ხვნეშოდა და თავის ამონასუნთქს გვაორთქლებდა. ერთხელ მუშტიც კი დავარტყი, მაგრამ ამის პასუხად არაფერი მოუმოქმედებია. ჰოთორნის თანამედროვე სკოლა რომ დავამთავრე, არაფერი ვიცოდი, მაგრამ, როგორც ამბობენ, თუ გოგო ხარ და, მით უმეტეს, ჩემსავით ლამაზი, ბევრი არაფრის ცოდნა არ გჭირდება. რაც მთავარია, გადასარევად გამოვიყურებოდი (თუ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ), ბიჭები მისტვენდნენ და მეც მკვახედ ვპასუხობდი. მაგალითად, თუ საცეკვაო მოედანზე რომელიმე ბიჭი გკითხავდა: „რაო, ლამაზო?“ მაშინვე მიახლიდი: „არც არაფერი, დრაკულა!“ თუმცა ზოგიერთმა უტვინომ ისიც კი არ იცოდა, დრაკულა რა იყო და სხვა რამ უნდა მოგეფიქრებინა.
ჰაუარდი მათ არ ჰგავდა, სერიოზული და ათლეტური ბიჭი იყო. გადასარევად კი გამოიყურებოდა, მაგრამ მორიდებული იყო, ცოტა პირქუში; სულ ამბობდა, უკეთესი სამუშაოს საშოვნელად ჭკუა არ მყოფნისო (ისე, წესიერ ხელფასს მაინც არავის უხდიან) და პრაქტიკული რამეები, მაგალითად, ძრავების შეკეთება უფრო უკეთ გამოსდიოდა, ვიდრე წიგნებში ქექვა, შეკრება-გამოკლება და სხვა რამ, რითაც საშუალო განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდეგ, ჩვეულებრივ, ბიჭები ინტერესდებიან ხოლმე. გამოცდები ჰაუარდმაც წარჩინებით ჩააბარა და სერტიფიკატიც მიიღო, მაგრამ მისმა წერილობითმა ნამუშევრებმა გაუგებრობა შექმნა. გამომცდელებმა წიგნებიდან სიტყვასიტყვით გადაწერაში დაადანაშაულეს, თუმცა სკოლის დირექტორმა მათ აუხსნა, ჰაუარდს უჩვეულო ტვინი აქვს, ფოტოკამერასავით ყველაფერს აღბეჭდავსო. ზოგჯერ მისი ტვინი მართლაც უცნაურად მუშაობდა. დაუდებდი წინ სიმღერის ტექსტს ან სახელების სიას, ან წიგნს გადაუშლიდი, ჰაუარდი ერთს გადახედავდა, მერე თვალებს დახუჭავდა და წაკითხულს ზეპირად და უშეცდომოდ გაიმეორებდა. ასეთი უნარიანი ტელევიზიით გამოსვლის ღირსია და, როგორც ნახავთ, გამოვიდა კიდეც.