ბედის ბორბალი - I - მოთხრობის მთავარი გმირი
"ქსოვილების სამყაროში" რომ შესულიყავით (თუ იმ სქესს განეკუთვნებით, რომელიც ამ საქმიანობით არის ხოლმე დაკავებული) - პუტნის "ქსოვილების სამყაროში", ნამდვილად ერთადერთ ჯადოსნურ ადგილას საჭირო ნივთების შესაძენად, კერძოდ კი, მაღაზიაში "ბატონი ენტრობუსი და კომპანია", სადაც სიტყვა "კომპანია" სრულიად ტყუილად ჩაესვათ - ამ მაღაზიაში რომ შესულიყავით 1895 წლის 14 აგვისტოს, გაგეხვიათ მარჯვნივ, სადაც ლოგინის თეთრი თეთრეულისა და საბნის გროვები აწვერილიყო კარნიზებამდე, რომელთაგანაც ვარდისფერი და ლურჯი ტილოები ეშვებოდა, შესაძლებელია, ამ მოთხრობის მთავარი გმირი მოგმსახურებოდათ. ის თავის დაკვრითა და ტანის რხევით მოგიახლოვდებოდათ, დახლიდან გამოიშვერდა ორივე ხელს, ამობურცული სახსრებითა და უზარმაზარი მანჟეტებით, და წვეტიანი ნიკაპის წინ წამოწევით, მზერით, რომელიც სრულიად მოკლებული იქნებოდა სიამოვნების განცდას, გკითხავდათ, რისი შემოთავაზება შეეძლო თქვენთვის. კონკრეტულ შემთხვევებში - მაგალითად, თუ საკითხი ეხებოდა ქუდებს, საბავშვო თეთრეულს, ხელთათმანებს, აბრეშუმებს, მაქმანებს ან ფარდებს - ის, უბრალოდ, ზრდილობიანად დაგიკრავდათ თავს და ნაღვლიანი გამომეტყველებით, ხელის წრიული მოძრაობით მიგითითებდათ: "იქით მიბრძანდით", და ამგვარად გაგიყვანდათ თავისი ცოდნის სფეროს ფარგლებს გარეთ; მაგრამ სხვა, და უფრო ბედნიერ, შემთხვევაში - ისეთი, როგორიც იყო სელის პირსახოცები, საბნები, ფარდის ქსოვილი, კრეტონი, თეთრეული, ნარმა - დაჯდომას შემოგთავაზებდათ, სტუმართმოყვარეობის ხაზგასასმელად კი დახლზე გადმოწვებოდა, სკამის ზურგს ისე ჩააფრინდებოდა, თითქოს კრუნჩხვამ წამოუარაო და ასე განაგრძობდა თქვენთვის ნივთების მოგროვებას, გახსნასა და ჩვენებას. აი, ასეთი ბედნიერი შემთხვევის დროს შესაძლოა - თუ დამკვირვებლური გონების პატრონი ბრძანდებოდით და არაჰუმანურობამდე შეპყრობილი არ იქნებოდით დიასახლისის ბუნებით - შედარებით მეტი ყურადღება მიგექციათ მოთხრობის მთავარი გმირისათვის.
მისი შემჩნევის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, იმას შეამჩნევდით, თუ რამდენად შეუმჩნეველი გახლდათ. თავისი ხელობისთვის შესაფერისი შავი სმოკინგი ეცვა, შავი ჰალსტუხი ეკეთა, ტანის ქვედა ნაწილს კი ნაცრისფერი, დაწინწკლული შარვალი უფარავდა (რომელიც დახლს უკან იმალებოდა ჩრდილსა და იდუმალებაში). ფერმკრთალი იყო, ღია, თითქოს დამტვერილი თმითა და მონაცრისფრო თვალებით; წვეტიანი, არაგამოკვეთილი ცხვირის ქვეშ კი მცირე რაოდენობით ქორფა ულვაში ამოსვლოდა; სახის ნაკვთები პატარა ზომის, მაგრამ სწორი ჰქონდა. პიჯაკს ქინძისთავების როზეტი უმშვენებდა. აუცილებლად შეამჩნევდით, რომ მისი შენიშვნები შედგებოდა ფრაზებისგან, რომელთაც ხალხი "კლიშედ" მოიხსენიებს, ფორმულებისგან, რომლებიც არ არის შეთანხმებული შემთხვევასთან, არამედ შაბლონებად იქცა და ზეპირად დაისწავლეს წლების წინ. "მადამ, აი ეს, - იტყოდა ის, - ძალიან კარგად იყიდება"; "ძალიან კარგი ნაჭერი, ერთი იარდი ოთხ შილინგად და სამ პენსად". "რა თქმა უნდა, უკეთესიც შეგვიძლია გაჩვენოთ". "რა შეწუხებაა, მადამ, გარწმუნებთ". ეს გახლდათ მისი ფრაზები ურთიერთობისას. როგორც ვამბობ, აი, ასეთად წარმოგიდგებოდათ ის ერთი შეხედვით. დახლს უკან იფუსფუსებდა, ნაჩვენებ საქონელს ფრთხილად, თავიდან გადაკეცავდა, თქვენ მიერ არჩეულებს ერთ მხარეს გადააწყობდა, აიღებდა პატარა წიგნს პირგადასაღები ქაღალდითა და ფოლგის ფირფიტით, გამოგიწერდათ ანგარიშს ქსოვილებით მოვაჭრისთვის დამახასიათებელი გაკრული ხელით და დაიყვირებდა "ხელმოწერა!" ამის შემდეგ მაღაზიის პატარა, ჩამრგვალებული მმართველი გამოჩნდებოდა, წუთით დახედავდა ანგარიშს, ძალიან ყურადღებით (ამასთან, თქვენ თვალწინ მის თავზე შუაზე გაყოფილი თმის ხედი გადაიშლებოდა), მთელ ფურცელზე კიდევ უფრო გაკვრით მიაჯღაბნიდა: "ჯ.მ.", გკითხავდათ, კიდევ რამეს ხომ არ ინებებდით, თქვენს ახლოს დადგებოდა, - იმ შემთხვევისთვის, თუ ნაღდი ფულით იხდიდით - სანამ ამ მოთხრობის მთავარი გმირი არ გამოჩნდებოდა ხურდით ხელში. კიდევ ერთ მზერას ესროდა მას და მაღაზიის პატარა, ჩამრგვალებული მმართველი თავის დაკვრითა და თავაზიანობის შადრევნის გადმოფრქვევით გაგაცილებდათ გასასვლელამდე. ასე დამთავრდებოდა გასაუბრება.
მაგრამ ჭეშმარიტი მხატვრული ლიტერატურა, ნაკვესისგან განსხვავებით, ზედაპირული აღწერით არ შემოიფარგლება. მხატვრული ლიტერატურა მხილებაა. თანამედროვე ლიტერატურა - არაკორექტული გამოაშკარავებაა. სერიოზული ავტორის მოვალეობაა, გიამბოთ ის, რასაც თავად ვერ დაინახავდით - თუნდაც უხერხულობის ფასად; და ის, რასაც ვერ დაინახავდით ამ ახალგაზრდა კაცთან მიმართებაში, ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ამ მოთხრობის, ის, რაც უნდა ითქვას, თუ ამ წიგნის დაწერა გადავწყვიტეთ, იყო... - მოდით, ძალა მოვიკრიბოთ ამის აღსანიშნავად - ...მისი ფეხების უჩვეულო მდგომარეობა.
მოდით, საკითხს უემოციო პირდაპირობით მივუდგეთ. მოდით, სამეცნიერო სულით შევიმოსოთ და კეთილსინდისიერი რეალისტის ზუსტი, თითქმის პროფესორული ტონით ვისაუბროთ. მოდით, ამ ახალგაზრდა კაცის ფეხები გრაფიკულ გამოსახულებად წარმოვიდგინოთ და ჩვენთვის საინტერესო ადგილები ლექტორისთვის დამახასიათებელი უემოციო სიზუსტით მოვნიშნოთ. მხილებას მივუბრუნდეთ. ამ ახალგაზრდა კაცის მარჯვენა კოჭის შიდა მხარეს თქვენ, ქალბატონებო და ბატონებო, დაჟეჟილობასა და ნაკაწრს შეამჩნევდით; მარცხენა კოჭის შიდა მხარეც დაჟეჟილი ჰქონდა, გარედან კი მოყვითალო ჰემატომა მოუჩანდა. მარცხენა წვივზე ორი სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა, ერთი - ტყვიისებრი ყვითელი, რომელიც ალაგ-ალაგ იისფერში გადადიოდა, და მეორე,