1
დაახლოებით სამი თვის წინ, ერთ იდუმალ საღამოს, ლაიონელ ვოლასმა კედელში არსებული კარის შესახებ მომიყვა. თვითონ იმდენად იყო ამ ამბით გატაცებული, რომ მის სინამდვილეში თავიდანვე არ შემიტანია ეჭვი, ისე უბრალოდ და დარწმუნებით მომითხრო ეს ამბავი, რომ დაჯერების გარდა, სხვა გზა არ დამიტოვა.
ამ ამბიდან მეორე დილას, საკუთარ სახლში, სრულიად სხვა ატმოსფეროში გავიღვიძე. ვიწექი და ვიხსენებდი, ვოლასის მონაყოლს, მის სერიოზულ და მშვიდ ხმას, რომელსაც მაღალი წრისთვის დამახასითებელი, გაპრანჭული ინტონაცია მოშორებოდა, ვიხსენებდი გარემოს – თითქოს ჩრდილებით აღსავსე ატმოსფერო შემოგვხვეოდა, რადგან ოთახს აბაჟური არ ანათებდა; ვიხსენებდი სასიამოვნო ატრიბუტებით გაწყობილ მაგიდას, სადილსა და დესერტს, რომელიც ერთად მივირთვით. ამ ყველაფრის ერთობლიობა პატარა, ნათელ სამყაროს ქმნიდა, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო ყოველდღიურ რეალობას და მეორე დღეს, ახალგაღვიძებულსაც, საოცარი სიცხადით შემეძლო მისი დანახვა.
– თურმე როგორ საიდუმლოს ინახავდა! – ჩავილაპარაკე. – თან ეს არაჩვეულებრივად გამოსდიოდა! ასეთ რამეს მასზე ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდი.
საწოლში წამოვჯექი, დილის ჩაი მოვწრუპე და საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ მის გასაოცარ და დაუჯერებელ მოგონებებში სიმართლის მარცვალს ვეძებდი. მინდოდა თავი დამერწმუნებინა, რომ მისი მოგონებები შეძლებისდაგვარად გამოხატავდა, თუ გადმოსცემდა, – მოკლედ, როგორც არის, – მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელსაც სხვაგვარად ვერ მომითხრობდა.
არ იფიქროთ ამით მის გამართლებას ვცდილობდე. თავად დიდი ხანია, რაც გარდამავალი ეჭვებისგან გავთავისუფლდი და ახლაც ისევე მჯერა, როგორც მოყოლის მომენტში მჯეროდა, რომ ვოლასმა ყველა უნარი გამოიყენა საკუთარი საიდუმლოს ბოლომდე გასაშიშვლებლად. თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ეს ყველაფერი ნამდვილად დაინახა, თუ უბრალოდ, ეგონა, რომ დაინახა; რაიმე დაუჯერებელი ნიჭის პატრონი იყო, თუ წარმოუდგენელი სიზმრის მსხვერპლი გახდა. მისი სიკვდილის გარემოებებმაც კი, რომელმაც ჩემს ეჭვებს საბოლოო წერტილი დაუსვა, ნათელი მაინც ვერაფერს მოჰფინა.
ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მკითხველისთვის მიმინდვია.
არ მახსოვს, რომელმა რეპლიკამ, თუ კრიტიკულმა ფრაზამ აიძულა ასეთი გულჩათხრობილი ადამიანი, ჩემთვის გული გადაეშალა. დიდ სახალხო მოძრაობასთან დაკავშირებით, მან იმედი გამიცრუა, მე კი უმოქმედობაში დავდე ბრალი და არასაიმედო პიროვნება ვუწოდე. იქნებ ამ ბრალდებისგანაც უნდოდა თავის დაღწევა?
ერთად ვისხედით სასადილო მაგიდასთან, როდესაც უცებ წამოიწია და მითხრა:
– იცი, სხვა სადარდებელი მქონდა... ვიცი, – განაგრძო მცირე პაუზის შემდეგ, – ვიცი, რომ გულგრილი ვიყავი. საქმე ისაა, რომ... არ იფიქრო თითქოს მოჩვენებებზე ან აჩრდილებზე გელაპარაკებოდე, მაგრამ საკმაოდ უცნაური ამბავია, რედმონდ. შეპყრობილი ვარ... რაღაცით, რაც ყველაფერს ფასს უკარგავს და თან ძლიერი სურვილებით მავსებს.
თქვა და ცოტა ხნით ისევ დადუმდა. ინგლისურმა მორიდებამ დარია ხელი, რომელიც მაშინ მოგვეძალება ხოლმე, როდესაც რამე მნიშვნელოვანზე, გულში ჩამწვდომზე ან მშვენიერზე ვსაუბრობთ.
– შენ სულ სეინთ-ათელსტანში სწავლობდი, ხომ ასეა? – დასძინა ცოტა ხნის შემდეგ. ცოტა უადგილოდ მომეჩვენა ეს შენიშვნა. – მოკლედ, – თქვა და ისევ შეყოვნდა. ჯერ ბორძიკით, მერე კი უფრო თავისუფლად განაგრძო საუბარი თავის საიდუმლოზე. მეხსიერებაში ჩარჩენილ, ლამაზ და ბედნიერ მოგონებაზე, რამაც მისი გული დაუოკებელი სურვილებით აავსო და ამქვეყნიური ცხოვრებისეული ინტერესები და მისწაფებანი, ამაო და მოსაწყენი გახადა მისთვის.
ახლა უკვე, როცა დეტალებში ჩავიხედე, მეჩვენება, რომ მის სახეზე თავიდანვე ყველაფრის წაკითხვა შეიძლებოდა. ერთი ფოტო მაქვს, რომელზეც რეალობას მოწყვეტილი მისი მზერა არაჩვეულებრივადაა დაწერილი. ამან ერთი ქალის ნათქვამი გამახსენა. ამ ქალს ვოლასი ძალიან უყვარდა. ერთხელ მასზე საუბრისას თქვა:
– მოულოდნელად მასში ინტერესი ქრება, შენი არსებობა ავიწყდება და საერთოდ აღარ აინტერესებ. თან ამის დამალვას სულაც არ ცდილობს.
მიუხედავად ასეთი ამოვარდნებისა, ცხოვრების ინტერესი მასში მთლიანად არასოდეს გამქრალა. თუ რამე საქმეს მოჰკიდებდა ხელს, დიდი წარმატების მიღწევაც შეეძლო. მისი კარიერა წარმატებათა კიბეს წარმოადგენდა, რომელზე ასვლაშიც, დიდი ხნის წინ ჩამომიტოვა. მწვერვალამდე მიაღწია და კაცობრიობის ისტორიაში ისეთი ფიგურა შექმნა, როგორზეც მე ვერასოდეს ვიოცნებებდი. ამბობენ, ცოცხალი რომ ყოფილიყო (არადა, ჯერ 40 წლისაც არ იყო), რომელიმე უწყებაში, ან უფრო უკეთესი – მინისტრთა ახალ კაბინეტში იჯდებოდაო. სკოლაში სწავლისას, ყოველთვის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მამარცხებდა, თითქოს ეს ბუნების კანონი ყოფილიყოს. სეინთ-ათელსტანის კოლეჯში, დასავლეთ კენსინგტონში, თითქმის მთელი სასწავლო წლები ერთად ვსწავლობდით. თანატოლები ვიყავით, მაგრამ სკოლა ჩემზე ბევრად ადრე დაამთავრა არაჩვეულებრივი აკადემიური მოსწრებითა და ტრიუმფალური სტიპენდიით. რაც შემეხება მე, საშუალო დონის მოსწავლე ვიყავი. პირველად სკოლაში გავიგე „კედელში არსებული კარის“ შესახებ, მის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე კი, მეორედ მოვისმინე ეს ამბავი.
ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ