უკანასკნელის წინა სიტყვები I
De omnibus dubitandum[1]. ფილოსოფოსებს შორის უკვე აღარ დარჩა მართლმორწმუნე ჰეგელიანელი, მაგრამ ჰეგელი ჯერ კიდევ განაგრძობს ჩვენს თანამედროვეთა გონებებზე ბატონობას. მისი ზოგი იდეა ახლა უფერო ღრმა ფესვს იდგამს, ვიდრე ჰეგელიანობის გაფურჩქვნის ხანაში. მაგალითად, აზრი იმის შესახებ, რომ ისტორია არის იდეის გახსნა სინამდვილეში ან, უფრო მოკლედ და თანამედროვე გონებისთვის მეტად ახლობელი ცნებებით თუ გამოვთქვამთ, პროგრესის იდეა. შეეცადეთ ეს პუნქტი განათლებულ ადამიანს გადაათქმევინოთ: ალბათ მარცხს განიცდით. მაგრამ - De omnibus dubitandum - სხვა სიტყვებით, იმ შემთხვევებში, როდესაც შეხედულება განსაკუთრებით მდგრადი და ურყევია, დაეჭვებამ უნდა შეასრულოს თავისი დიადი მისია. ამ მიზეზით კი, გსურს თუ არ გსურს, გიწევს დაშვების გაკეთება, რომ ეგრეთ წოდებული პროგრესი, ანუ ადამიანის განვითარება დროში - ფიქციაა. მიუხედავად იმისა, რომ უსადენო ტელეგრაფი გვაქვს, რადიუმი და სხვა დანარჩენი, ძველ რომაელებსა ან ბერძნებზე წინ არ წავსულვართ. უშვებთ ამას?
ასეთ შემთხვევაში, კიდევ ერთი ნაბიჯი: თუმცაღა უსადენო ტელეგრაფსა და ცივილიზაციის სხვა სიამეებს ვფლობთ, მაინც არ ვდგევართ წითელკანიან ან შავკანიან ველურებზე მაღლა. თქვენ პროტესტს გამოთქვამთ - მაგრამ პრინციპი გვავალდებულებს: თუ დაეჭვდით, უკან ნუღარ იხევთ.
თავის მხრივ, უნდა ვაღიარო, რომ აზრი ველურთა სულიერი სრულყოფილების შესახებ მეწვია, როდესაც მცირე ხნის წინ, პირველად მრავალი წლის შემდეგ, შემთხვევით მომიწია ტეილორის, ლებოკის და სპენსერის შრომების გადახედვა. ისინი ისეთი დამაჯერებლობით საუბრობენ ჩვენი სულიერი ორგანიზაციის უპირატესობათა შესახებ და იმდენად გულწრფელად სძულთ ველურთა ზნეობრივი სიმახინჯე, რომ მე უნებურად ვიფიქრე: სახელდობრ აქ, სადაც ყველა ისეა დარწმუნებული, რომ არავინ არასოდეს ამოწმებს, ხომ არ იმალება ცდომილების წყარო? Es ist h ö chste Zeit[2] გვახსოვდეს დეკარტე და მისი წესი! როგორც კი დავეჭვდი - მთელი ჩემი თავდაჯერებულობა (მე ხომ, რაღა თქმა უნდა, ინგლისელ ანთროპოლოგთა თვალსაზრისს ვიზიარებდი) გაქრა... მე მომეჩვენა, რომ ველურები მართლაც უფრო მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე ჩვენი სწავლულები, და არა მხოლოდ მატერიალისტები, როგორც პროფ. პაულსენი ფიქრობს, არამედ იდეალისტები, მეტაფიზიკოსები, მისტიკოსები და თვით მორწმუნე მისიონერებიც (ჭეშმარიტი მორწმუნეები და არა სარგებლისა და თავგდასავლების მაძიებლები), რომლებსაც ევროპა გზავნის დედამიწის სხვადასხვა მხარეებში ჩამორჩენილ ძმათა გასანათლებლად. მე მომეჩვენა, რომ ველურებს შორის გავრცელებული სასესხო გარიგებები ვალის იმქვეყნად გადახდის პირობით უღრმესი აზრის მატარებელია. ადამიანის მსხვერპლად შეწირვის შესახებ აღარაფერს ვამბობ! სპენსერი ამაში ბარბაროსობას ხედავს, როგორც ეს განათლებულ ევროპელს შეეფერება. მეც ბარბაროსობას ვხედავ, რადგან მეც ევროპელი ვარ და მეც შევისწავლიდი მეცნიერებებს. მაგრამ მე ღრმად მშურს მათი ბარბაროსობისა და ვწყევლი ჩემს კულტურულობას, რომელმაც მორწმუნე მისიონერებთან, იდეალისტ ფილოსოფოსებთან, პოზიტივისტებსა და მატერიალისტებთან ერთად წვდომადი სამყაროს მხუთავ და მომაბეზრებელ სამყაროში მომაქცია. ჩვენ შესაძლოა ვწეროთ წიგნები სულის უკვდავების შესახებ, მაგრამ ჩვენი ცოლები არ გამოგვყვებიან მიღმურ სამყაროში, არამედ ამჯობინებენ ამქვეყნად ათრიონ ქვრივის უღელი. ჩვენი ზნეობა, რომელიც რელიგიას ეფუძნება, გვიკრძალავს მარადიულობისკენ სიჩქარეს. ასეა ყველაფერში. ჩვენ ვვარაუდობთ, უკეთეს შემთხვევაში კი უქმთა მსგავსად ვოცნებობთ, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ჩვენი ვარაუდებისა და ოცნებების მიღმა მიედინება. ვიღაც ჯერ კიდევ იღებს ეკლესიურ ვალდებულებებს - რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ისინი - და სერიოზულად ფიქრობს, რომ ამგვარად ის მიღმურ სამყაროსთანაა შეხებაში. ადათს იქით ნაბიჯსაც არავინ დგამს. კანტი 80 წლის გარდაიცვალა. რომ არა ქოლერა, ჰეგელი ას წელიწადს იცხოვრებდა, ველურებთან კი - ველურებთან ახალგაზრდები კლავენ მოხუცებს და... ბოლომდე არ ვიტყვი, რათა მგრძნობიარე ადამიანთა სმენა არ შეურაცხვყო. კვლავ შეგახსენებთ დეკარტეს და ვიკითხავ: ვინ არის მართალი, ველურები თუ ჩვენ? ხოლო თუ ველურები არიან მართლები, არის თუ არა ისტორია - იდეათა გახსნა? ხოლო პროგრესი დროში (ანუ განვითარება წარსულიდან აწმყოსა და მომავლისკენ) წმინდა წყლის ცდომილება ხომ არ არის? შესაძლოა და, სავარაუდოდ, ასეცაა, არის განვითარებაც, მაგრამ ამ განვითარების მიმართულება პერპენდიკულარული ხაზია დროის ხაზთან მიმართებით. პერპენდიკულარის ფუძე კი შეიძლება ნებისმიერი პიროვნება იყოს. დაე, ღმერთმა და მკითხველმა შემინდონ უკანასკნელი სიტყვების ბუნდოვანება. ვიმედოვნებ, ის ნაწილობრივ მაინც არის გამოსყიდული წინამორბედი თხრობის სიცხადით.
II
თვითაღკვეთა და mania grandiosa[3]. უნდა ვიფიქროთ, რომ ვერც თვითაღკვეთისა და ვერც განდიდების მანიის შესახებ ვერაფერს ვიტყვით მართებულს, თუცმა კი თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი გამოცდილებით იცის რაღაც, როგორც ერთის, ისე მეორის შესახებ. მაგრამ, როგორც ცნობილია, საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობა არასოდეს უკრძალავდა ადამიანებს მსჯელობას. უმალ პირიქით: ყველა მაცდუნებელი კითხვა ჩვენთვის ისეთია, რომელზეც არ არსებობს ნამდვილი და ყველასათვის სავალდებულო პასუხი.