ნაწილი I ლონდონი,1896 წლის 10 ნოემბერი
მთხოვეს რამდენიმე სიტყვა მაინც მეთქვა ვედანტას ფილოსოფიის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე. მე უკვე მოგახსენეთ,რომ როგორც თეორია ეს ფილოსოფია ძალიან კარგია, მაგრამ როგორ გავატაროთ ის პრაქტიკაში? ნებისმიერი თეორია,თუ არ იქნა პრაქტიკული,არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და მხოლოდ ტვინის გავარჯიშებას ეხმარება. იმისათვის, რომ ვედანტა რელიგია გახდეს, საკმაოდ პრაქტიკული უნდა იყოს და ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლებოდეს მისი გამოყენება. ესეც არ არის საკმარისი; ვედანტა ყველაფერში სიცოცხლის მთლიანობას ქადაგებს, და აქედან გამომდინარე რელიგია ხდება, მოჩვენებითი სხვაობა ცხოვრებასა და რელიგიას შორის უნდა გაქრეს. რელიგიის იდეალებმა მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა მოიცვას. ამ იდეალებმა უნდა შეაღწიოს ჩვენს ფიქრებში და უფრო მეტად გამოვლინდეს ჩვენს მოღვაწეობაში.
შემდეგ მე გადავალ ვედანტას პრაქტიკულ მხარეზე ლექციათა ეს სერია განკუთვნილია სწავლების საფუძველისთვის, ამიტომ ჩვენ პირველ რიგში უნდა განვიხილოთ თეორიები და თვალი მივადევნოთ, თუ როგორ ყალიბდებოდა ისინი და რა გზა გაიარეს ტყეებში ჩასახვიდან ქალაქის ხმაურიან ქუჩებამდე. საგულისხმოა ის მინიშნებაც, რომ ბევრი მათგანი დასაბამს იღებდა არა ტყეებში განმარტოებულებისგან, არამედ სამეფო ტახტებიდან, ეს აზროვნება უყალიბდებოდათ ყველაზე დაკავებულ ადამიანებს, – რომლებიც მჩქეფარე ცხოვრებას ეწეოდნენ ამ ამაოებით სავსე ყოფაში.
შვეტაკეტუ არუნის ვაჟიშვილი იყო, ბრძენის,სავარაუდოდ განდეგილის. ის ტყეში აღიზარდა, მერე ქალაქ პანჩალაში წავიდა და მეფის, პრავაჰანა ჯაივალის სასახლეში გამოცხადდა. მეფემ ჰკითხა: „იცი,როგორ მიდიან ადამიანები აქედან გარდაცვალებისას?“ - „არა, ბატონო.“ - „იცი, როგორ ბრუნდებიან გარდაცვლილები უკან?“ - „არა, ბატონო.“ - „იცი, მამებისა და ღმერთების გზა?“ - „არა, ბატონო.“მერე მეფემ სხვა კითხვებიც დაუსვა. შვეტაკეტუმ ვერც მათზე გასცა პასუხი. მეფემ ბიჭს უთხრა,რომ არაფერი იცის. ბიჭი მამასთან დაბრუნდა და მანაც აღიარა, რომ თავადაც ვერ გასცემდა ამ კითხვებს პასუხს, იმიტომ კი არა, რომ არ სურდა; იმიტომ კი არა, რომ ბიჭის განათლება არ უნდოდა, უბრალოდ, არ იცოდა. ამიტომ დაბრუნდა მეფესთან და სთხოვა ამ საიდუმლოებების გაზიარება. მეფემ უთხრა, რომ ეს ფილოსოფია, მხოლოდ მეფეთათვის იყო ცნობილი - ქურუმებმაც კი ასეთი რამეები არ იცოდნენ. თუმცა, მეფემ მაინც დაუწყო სწავლება მათ,იმის შესახებ,რაც მან იცოდა. ამგვარად,სხვადასხვა უპანიშადებში ჩვენ ვხვდებით ერთიდაიგივე აზრს,რომ ვედანტას ფილოსოფია მხოლოდ ტყეში მედიტაციის შედეგი არ არის, მისი საუკეთესო მხარეები ნააზრევი და გადმოცემულია ისეთი გონებების მიერ, რომლებიც ცხოვრებისეული საქმეებით უფრო მეტად არიან დაკავებულნი. წარმოუდგენელია ვინ შეიძლება იყოს უფრო საქმიანი, ვიდრე აბსოლუტური მონარქები - რომლებსაც უსაზღვრო ძალაუფლება ჰქონდათ მილიონობით სხვა ხალხებზე, და ამასთან ერთად ეს მმართველები ღრმა მოაზროვნენი იყვნენ.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვედანტას ფილოსოფია, ძალიან პრაქტიკული უნდა იყოს.მოგვიანებით, როდესაც ჩვენ მივალთ „ბჰაგავადგიტამდე“, რომელიც ვედანტას ფილოსოფიის საუკეთესო კომენტარს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება თქვენ უკვე იცნობთ, იქ ჩვენ ვაწყდებით სცენას, როგორ ასწავლის ბრძოლის ველზე კრიშნა არჯუნას ამ ფილოსოფიას,და ვხედავთ რა მკაფიოდ გამოსჭვივის „გიტას“ თითოეული გვერდიდან ყველაზე დაძაბული მოქმედების მოთხოვნა, რომლის საფუძველში უპირობო სიმშვიდეა ჩადებული. ამ იდეას ჰქვია მუშაობის საიდუმლო, და მისი განხორციელება ვედანტას მიზანს წარმოადგენს. უმოქმედობა, რომელშიც ჩვენ პასიურობას მოვიაზრებთ, არ შეიძლება იყოს მიზანი.ეს რომ ასე იყოს, მაშინ კედლები,რომელიც გარს გვარტყია, უფრო გონიერები აღმოჩნდებოდნენ, ვიდრე ჩვენ, რადგანაც უმოქმედონი არიან. მიწა და ხეებიც დიდებული ბრძენნი გახდებოდნენ - ისინიც ხომ ინერტულნი არიან! უმოქმედობა არ ხდება ქმედითი, თუნდაც მას ახლდეს ვნება. ნამდვილი ქმედება, რომელიც ვედანტას მიზანს წარმოადგენს, შერწყმულია სრულ და მარადიულ სიმშვიდესთან,იმ სიმშვიდესთან,რომელიც გონების გაწონასწორებულობის წყალობით არ შეიძლება დაირღვეს და არაფერს გარშემო არ ძალუძს დაარღვიოს ის. ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რომ ეს საუკეთესო გზაა სამუშაოს შესასრულებლად. ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიძლება მუშაობა, თუ ადამიანი არ განიცდის შედეგის მიღწევის ვნებიან სურვილს. მრავალი წლის წინ მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ასაკის და გამოცდილების მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ეს არასწორია. რაც ნაკლებია ვნება, მით უკეთესად ვმუშაობთ, რაც უფრო მშვიდად ვიქნებით, მით უფრო მეტს შევძლებთ. როდესაც ჩვენ ვყვებით ემოციებს, ვიწყებთ მეტი ენერგიის ხარჯვას, ვიფუჭებთ ნერვებს და ვაშფოთებთ გონებას, შედეგად ვეღარაფერს ვაკეთებთ. იმ ენერგიას, რომელიც მუშაობაში უნდა ჩაგვედო, ვხარჯავთ ცარიელ ემოციებზე, რომლებიც არაფრად ღირს. როცა გონება დამშვიდებულია და კარგადაა კონცენტრირებული, მთელი ენერგია სამუშაოს კარგად შესრულებას ხმარდება. თუ თქვენ დიდი მოღვაწეების ცხოვრებას გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ ისინი მშვიდი ადამიანები იყვნენ, არასდროს გამოდიოდნენ წყობიდან. ამიტომაა, რომ გაბრაზებული ადამიანი ბევრს ვერაფერს შექმნის, ხოლო გაწონასწორებული ყოველთვის უფრო