მოქმედება პირველი პირველი მოქმედების პირნი:
პეტრე - მდიდარი გლეხი, 42 წლისა, მეორე ცოლი ჰყავს, სნეული კაცია.
ანუსია - პეტრეს ცოლი, 32 წლისა, კოხტა და კოპწია ქალია.
აკულინა - პეტრეს ქალი პირველი ცოლისგან, 16 წლისა, მოისულელებს.
ანიკო - მეორე ქალი, 10 წლისა.
ნიკიტა - ამათი მოჯამაგირე, 25 წლისა, მოხდენილი ბიჭია.
აკიმ - ნიკიტას მამა, 50 წლისა, ართვალი, ღვთისმოსავი კაცია.
მატრონა - აკიმის ცოლი, 50 წლისა.
მარინე - ობოლი გოგო, 22 წლისა.
შემოდგომაა. მოქმედება წარმოებს დიდ სოფელში. სცენა წარმოადგენს პეტრეს დიდ სახლს. პეტრე ტახტზე ზის და ცხენის სამკერდეს კერავს, ანუსია და აკულინა ართვენ.
სცენა I. პეტრე, ანუსია და აკულინა (ანუსია და აკულინა მღერიან)
პეტრე. (სარკმელში გაიხედავს). ხელახლა გაპარულან ცხენები! ნახავ თუ კვიცი არ მოკლან! ნიკიტა, ნიკიტა ხარ შენ! ხომ არ დაყრუვდი? (ყურს დაუგდებს დედაკაცებს). დაწყნარდით ერთი, არა ისმის რა.
ნიკიტას ხმა გარედან. რა იყო?
პეტრე. ცხენები შემორეკე.
ნიკიტას ხმა. დამაცადე შემოვრეკ!
პეტრე. რა უნდა უყოს კაცმა ამ მოჯამაგირეებს! ავათ რომ არ ვიყო, ახლოს არ გავიკარებდი მაგათ. ერთ რამ ცოდვას გადამკიდებენ. (ადგება და ხელახლა დაჯდება). ნიკიტა! რომ ვერას გააგონებს კაცი! ერთი წადით ვინმე. აკულინა, წადი შენ, შემორეკე.
აკულინა. ცხენები?
პეტრე. მაშ სხვა რა უნდა იყოს?
აკულინა. ამ წამში. (მიდის).
სცენა II. პეტრე და ანუსია.
პეტრე. ცუღლუტი ბიჭია, არ არის ოჯახის კაცი. ზარმაცი რომ არ იყოს, იქნება რამე გაეკეთებია.
ანუსია. შენ კი ძალიან გამრჯელი ხარ! ან ფეჩზე წევხარ, ან ტახტზე გორავ, სხვაზე კი სამდურავს ამბობ!
პეტრე. თქვენ რომ კაცმა ნებაზე მიგიშვას, ერთ წლამდი სულ ერთიანათ დამაქცევდით! რა ხალხია!
ანუსია. ათ საქმეს ერთათ მიაჩეჩებ ხელში ადამიანს და მერე კი ილანძღები. ფეჩზე წამოწოლილი ბრძანება ადვილია.
პეტრე. (ამოიხვნეშს). ეჰ, ეს სნეულება არ შემჩვევოდა, ერთ დღესაც არ დავაყენებდი!
აკულინას ხმა ისმის სცენიდან: თფრუ, თფრუ, თფრუ... (კვიცის ჭიხვინი ისმის და ცხენები შემოჭენდებიან ეზოში. ჭიშკარი გაიჭრიალებს).
პეტრე. ყბედობა კი მისი ხელობაა! მართლა რომ არ არის ოჯახში დასაყენებელი.
ანუსია. (აჯავრებს). „ მართლა რომ არ არის ოჯახში დასაყენებელი! “ თვითონ გავინძრეოდი ცოტას მაინც და მერე ვილაპარაკებდი მასე!
სცენა III. იგინივე და აკულინა.
აკულინა. (შემოდის). ძლივს არ შემოვდენე, - სულ გაველურდენ...
პეტრე. ნიკიტა კი სადაა?
აკულინა. ნიკიტა? ქუჩაშია.
პეტრე. იქ რას აკეთებს?
აკულინა. რას აკეთებს? დგას ისე, ლაპარაკობს, ყბედობს.
პეტრე. ამ გოგოსას კაცი ვერაფერს გაიგებ! ვის ელაპარაკება?
აკულინა. (არ ესმა). რაო? (პეტრე სასოწარკვეთილი ხელს გადააქნევს; აკულინა დაჯდება და ართავს).
სცენა IV. იგინივე და ანიკო.
ანიკო. (შემორბის. დედას). ნიკიტას დედ-მამა მოუვიდა; შინ მიჰყავთ.
ანუსია. ხუმრობ თუ?
ანიკო. მართლა ვამბობ, ღმერთმანი. (იცინის) ჩამოვუარე და ნიკიტა მეუბნება: მშვიდობით, ანნა პეტროვნა, მერე ქორწილზე მეწვიეო, უნდა მოგშორდეთო. იცინოდა კიდეც.
ანუსია. (ქმარს). არაფერი საჭირო ხარო, რომ უბრძანებდი, გაგაგდებო! ხომ ხედავ, ახლა თვითონ აპირობს წასვლას!
პეტრე. დიდი ამბავია! წავიდეს! სხვას კი ვერ ვიშოვი?..
ანუსია. მერე, ფული ხომ წინდაწინ აქვს წაღებული?.. (ანიკო კარებს მიუახლოვდება და ყურს უგდებს, რას ლაპარაკობენო. შემდეგ მიდის).
სცენა V. ანუსია, პეტრე და აკულინა.
პეტრე. (მოიღრუშება). რაც ფული წაიღო, იმისას ზაფხულში მემსახურება, მიმუშავებს.
ანუსია. შენ რა! ქეც გიამება დაითხოვო, ნაკლები პური დაგეხარჯება. მე კი ზამთარში მარტო უნდა ვიჯაფო ხარივით! გოგო თავს არაფრათ იწუხებს მუშაობით, და შენ ხომ მთელი დღე ფეჩზე იწოლები, არ გიცნობ განა!
პეტრე. აბა რას ყბედობ? ენა ხომ არ გექავება?
ანუსია. ქვეყნის საქონელი გვყავს, ცხვარსა და ძროხას ვერ შეელიე. ზამთრისთვის შეინახე. იმათ საყოფ საკვებსა და წყალს აბა ვინ აუვა? ახლა მოჯამაგირესაც ისტუმრებ. მე დედაკაცი ვარ და მამაკაცების სამუშაო რა ჩემი საქმეა. დიახ! მეც შენსავით წამოვწვები ფეჩზე, და რაც უნდა გაფუჭდეს, დარდი არა მაქვს! თუნდა ყველაფერიც დაიღუპოს! რაც გინდა ისა ჰქენი!
პეტრე. (აკულინას). გასწი, საქონელს საკვები დაუყარე, დროა.
აკულინა. საკვები? კარგი, წავალ, (ჩაიცვამს სათფურს და თოკი მიაქვს).
ანუსია. არ გიმუშავებ, კმარა რაც ვეწვალე, ახლა თვითონ გაისარჯე.
პეტრე. რა დაგემართა, დედაკაცო, ხომ არ გაგიჟდი, ცხვარსავით ხომ რეტი არ დაგესხა!
ანუსია. თვითონ შენა ხარ ცოფიანი ქოფაქი. შენთან ადამიანს ერთი მხიარული დღე არ ეღირსება, უნდა დაარჩო კაცი! ოი, შე ძაღლო, შე წუპაკო!
პეტრე.