კარმა
„რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში და მე შენში; რათა ისინიც ერთნი იყვნენ ჩვენში“.
იოანე: XVII, 21.
პანდუ, მდიდარი ოქრომჭედელი ბრაჰმანთა კასტიდან, თავის მსახურთან ერთად ბენარესში მიემართებოდა. გზაში დარბაისლური გარეგნობის ბერს წამოეწია, რომელიც იმავე მიმართულებით მიდიოდა და თავისთვის გაიფიქრა: „ამ ბერს კეთილშობილური და წმინდა სახე აქვს. კეთილ ხალხთან ურთიერთობას ბედნიერება მოაქვს; თუ ისიც ბენარესში მიდის, შევთავაზებ ჩემთან ერთად წამოვიდეს ჩემი ეტლით“. იგი ბერს მოწიწებით მიესალმა და ჰკითხა, საით მიემართებოდა, და როცა გაიგო, რომ ბერი, რომელსაც ნარადა ერქვა, ასევე ბენარესში მიდიოდა, თავის ეტლში მიიწვია.
- მადლობას მოგახსენებთ თქვენი სიკეთისთვის, - უპასუხა ბერმა ოქრომჭედელს, - მე მართლაც გამტანჯა ხანგრძლივმა მოგზაურობამ. რადგან საკუთრება არ გამაჩნია, არ შემიძლია ფულით დაგაჯილდოოთ, მაგრამ შესაძლოა, სამაგიერო რაიმე სულიერი განძით მოგაგოთ იმ მოძღვრებიდან, რაც საკია მუნმა, ნეტარმა დიდმა ბუდამ, კაცობრიობის მასწავლებელმა დაგვიტოვა.
მათ ერთად განაგრძეს გზა ეტლით და პანდუ სიამოვნებით ისმენდა ნარადას ჭკუის სასწავლებელ სიტყვებს. ერთი საათის შემდეგ ისინი მიადგნენ იმ ადგილს, სადაც გზა ორივე მხრიდან წალეკილი იყო და მიწათმოქმედის ფორანი გატეხილი ბორბლით გზას ღობავდა.
დევალა, ფორნის მფლობელი, ბენარესში მიდიოდა თავისი ბრინჯის გასაყიდად და ჩქარობდა, მეორე დილამდე ჩაესწრო. რომ დაეგვიანა, შესაძლოა, ბრინჯის შემსყიდველებისთვის ვეღარც მიესწრო, რომლებიც მათთვის საჭირო რაოდენობის ბრინჯის შეძენის შემდეგ ქალაქიდან გადიოდნენ.
როდესაც ოქრომჭედელმა დაინახა, რომ გზას ვეღარ გააგრძელებდა, თუ მიწათმოქმედის ფორანს არ გადაათრევდნენ, გაბრაზდა და უბრძანა მაგადუტას, თავის მსახურს, გვერდზე გადაეტანა ფორანი, ისე, რომ ეტლს გასვლა შესძლებოდა. მიწათმოქმედი ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისი დატვირთული ფორანი ხრამთან ახლოს იდგა და შეიძლებოდა მთელი ბრინჯი დაფანტულიყო, ვინმე უხეშად რომ შეხებოდა, მაგრამ ოქრომჭედელს მისი მოსმენაც არ სურდა და თავის მსახურს გზის გათავისუფლება უბრძანა. მაგადუტა, საოცრად ძლიერი ადამიანი, რომელსაც ხალხის აბუჩად აგდება სიამოვნებდა, თავის ბატონს დაემორჩილა და მთელი ფორანი გადააყირავა. როდესაც პანდუმ გზის გაგრძელება დააპირა, ბერი გადმოვიდა მისი ეტლიდან და თქვა:
- მაპატიეთ, ბატონო, იმის გამო, რომ გტოვებთ. მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ თქვენი სიკეთით ნება დამრთეთ ერთი საათი თქვენივე ეტლით მემგზავრა. გატანჯული ვიყავი, როცა ერთად მგზავრობა შემომთავაზეთ, მაგრამ ახლა თქვენი თავაზიანობის წყალობით დავისვენე. ამ მიწათმოქმედში ერთ-ერთი თქვენი წინაპრის განსხეულება შევიცანი და სხვა არაფრით შემიძლია დაგაჯილდოოთ, თუ არა იმით, რომ მას დავეხმარო გასაჭირის დროს.
ოქრომჭედელმა გაოცებით შეხედა ბერს.
- თქვენ ამბობთ, რომ ეს მიწათმოქმედი ერთ-ერთი ჩემი წინაპრის განსხეულებაა, მაგრამ ეს შეუძლებელია.
- მე ვიცი, - უპასუხა ბერმა, - რომ თქვენთვის უცნობია ის რთული და მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც ამ მიწათმოქმედის ბედთან გაკავშირებთ, მაგრამ უსინათლოს თვალისჩინს ვერ მოვთხოვთ და ამიტომ სინანული მიპყრობს, რომ საკუთარ თავს ვნებთ, და შევეცდები დაგიცვათ იმ ჭრილობებისგან, რომლებიც თქვენს თავს გინდათ მიაყენოთ.
მდიდარი ოქრომჭედელი საყვედურებს არ იყო ჩვეული. მან იგრძნო, რომ ბერის სიტყვები, თუმცა კი დიდი სიკეთით იყო ნათქვამი, გულისმომწყვლელ საყვედურს შეიცავდა და უბრძანა თავის მსახურს, მაშინვე გზა გაეგრძელებინათ.
ბერი მიესალმა დევალა-მიწათმოქმედს და დაეხმარა მას ფორნის შეკეთებასა და გაბნეული ბრინჯის აკრეფაში. საქმე სწრაფად მიიწევდა წინ და დევალამ გაიფიქრა:
„ეს ბერი, ალბათ, წმინდა ადამიანია, - მას თითქოს უხილავი სულები ეხმარებიან. ვკითხავ, რატომ მომექცა ის კაცი ასე სასტიკად“.
და მან თქვა:
- ღირსეულო ბატონო! ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, რისთვის განვიცადე უსამართლობა იმ ადამიანისგან, ვისთვისაც ცუდი არაფერი გამიკეთებია?
ბერმა უპასუხა:
- ძვირფასო მეგობარო, ეს უსამართლობა არ ყოფილა, თქვენ მხოლოდ ახლანდელ არსებობაში განიცადეთ ის, რაც ამ ოქრომჭედელს წინა ცხოვრებაში გაუკეთეთ. და მე არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თქვენც იმავეს გაუკეთებდით, მის ადგილზე რომ ყოფილიყავით და ასეთივე ძლიერი მსახური გყოლოდათ.
მიწათმოქმედმა მართლაც აღიარა: ძალაუფლება რომ ჰქონოდა და სხვა ადამიანს მისთვის გზა გადაეღობა, ისევე მოექცეოდა, როგორც ოქრომჭედელი მოექცა მას, და ამას სულაც არ ინანებდა.
ბერი და მიწათმოქმედი უკვე ბენარესს უახლოვდებოდნენ, როცა დამფრთხალი ცხენი უცებ განზე გახტა.
- გველი, გველი! - შესძახა მიწათმოქმედმა.
ბერი დააკვირდა საგანს, რამაც ცხენი დააფრთხო, სწრაფად გადმოვიდა ფორნიდან და დაინახა, რომ ეს ოქროთი სავსე ქისა იყო.
„მდიდარი ოქრომჭედლის გარდა ამას სხვა არავინ დაკარგავდა“, - გაიფიქრა მან, ქისა აიღო, მიწათმოქმედს მიაწოდა და თქვა:
- აიღეთ ეს ქისა და როცა ბენარესში იქნებით, მიბრძანდით სასტუმროში, რომელსაც მიგითითებთ, იკითხეთ ოქრომჭედელი პანდუ და ქისა გადაეცით. იგი