კავკასიური მოგონებებიდან
ჩვენი რაზმი ბანაკად იდგა. საქმეს უკვე ვამთავრებდით, ტყის გაჩეხა დასასრულს უახლოვდებოდა და შტაბიდან ყოველდღე ველოდით ციხესიმაგრეში დაბრუნების ბრძანებას. ჩვენი საბატარეო ქვემეხების დივიზიონი იდგა ციცაბო ქედის ფერდობზე, რომელიც მთის სწრაფი მდინარე მეჩიკით მთავრდებოდა. აქედან ტყვია უნდა დაგვეშინა წინ გადაშლილი ვაკისთვის. ზოგჯერ, როცა სროლა შეწყდებოდა, ამ თვალწარმტაც ვაკეზე, განსაკუთრებით დაღამების წინ, ხან აქ, ხან იქ გამოჩნდებოდნენ ხოლმე მშვიდობიანი მთიელების ცხენოსანთა გუნდები. მთიელებს ცნობისმოყვარეობას უღვიძებდა რუსთა ბანაკი და მის სანახავად მოდიოდნენ. საღამო იყო ნათელი, წყნარი და გრილი, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ დეკემბრის საღამოებია კავკასიაში. მზე მთების ციცაბო განშტოების მიღმა მარცხნივ ეშვებოდა და ვარდისფერ სხივებს ესროდა მთაზე მიმოფანტულ კარვებს, ჯარისკაცების მოძრავ ჯგუფებს და ჩვენს ორ ქვემეხს. ქვემეხებს თითქოს კისერი წაეგრძელებინათ, ჩვენგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით უძრავად იდგნენ გამაგრებულ ადგილზე. მარცხნივ გორაკზე ჩამავალი მზის გამჭვირვალე სხივებში გარკვევით ჩანდა ბორცვზე განლაგებული ქვეითების პიკები, თოფების ჯოჯგინები, გუშაგის ფიგურა, ჯგუფ-ჯგუფად მდგომი ჯარისკაცები და გაჩაღებული კოცონის კვამლი. ბორცვზე მარჯვნივ და მარცხნივ, შავ, დატკეპნილ მიწაზე, თეთრად ისახებოდა კარვები, კარვებს იქით კი შავად მოჩანდა ფოთლებგაძარცული ჭადრების ტყე, სადაც განუწყვეტლივ კაკუნობდა ცულები, ტკაცატკუცი გაჰქონდა კოცონს და ლაწალუწით ეცემოდა მოჭრილი ხეები. მოცისფრო კვამლი ყოველი მხრიდან მილივით მიიმართებოდა ყინვადაკრულ, მოლურჯო ცისკენ. კარვების გვერდით და რუსპირა დავაკებაზე ჩექმების ბაკუნითა და ბუზღუნით მოიწევდნენ წყალ-სასმლიდან მობრუნებული კაზაკები, დრაგუნები, არტილერისტები. ყინვა ფეხს იკიდებდა, ბგერები განსაკუთრებით მკაფიოდ ისმოდა და შორს ვაკეზე იფანტებოდა სუფთა, გაიშვიათებულ ჰაერში. მტრების გუნდები, რომლებიც ჯარისკაცებს უკვე აღარ აღუძრავდნენ ცნობისმოყვარეობას, ცხენებით წყნარად მიმოდიოდნენ სიმინდის ღიაყვითელ ნაყანევზე, აქა-იქ, ხეებს შორის, სასაფლაოთა მაღალი ბოძები და აკვამლებული აულები მოჩანდა.
ჩვენი კარავი ქვემეხების მახლობლად იდგა მშრალსა და მაღალ ადგილზე, საიდანაც ფართო ხედი იშლებოდა. კარვის გვერდით, ბატარეის მახლობლად, გაწმენდილ მოედანზე, ქალაქობანას თამაშით ვერთობოდით. დაუზარელმა ჯარისკაცებმა იქვე წნული მერხები და მაგიდა დაგვიდგეს. ყოველივე ამის გამო არტილერიის ოფიცრებს, ჩვენს ამხანაგებსა და რამდენიმე ქვეითს უყვარდათ ჩვენს ბატარეაში საღამოობით შეკრება და ამ ადგილს კლუბს უწოდებდნენ.
მშვენიერი საღამო იყო. საუკეთესო მოთამაშეებმა მოიყარეს თავი. ვთამაშობდით ქალაქობანას. მე, პრაპორშჩიკმა დ.-მ და პორუჩიკმა ო.-მ ზედიზედ ორი პარტია წავაგეთ, მოგებული ზურგზე შევისვით და ერთი წრიდან მეორემდე ორჯერ წავიყვან-წამოვიყვანეთ, რამაც თავიანთი კარვებიდან მოთვალთვალე ოფიცრების, ჯარისკაცებისა და დენშჩიკების საერთო ხარხარი გამოიწვია. განსაკუთრებით სასაცილო იყო ზორბა, მსუქანი შტაბსკაპიტანი შ. იგი გალეულმა პორუჩიკმა ო.-მ შეისვა ზურგზე, აქოშინებული და გულთბილად მოღიმარი კაპიტანი კი ფეხებს მიწაზე მიათრევდა. უკვე ღამდებოდა, დენშჩიკებმა ჩვენ, ექვს კაცს, სამი ჭიქა ჩაი ულამბაქოდ მოგვიტანეს და თამაშს რომ მოვრჩით, წნულ მერხებთან მივედით. მერხების მახლობლად ერთი დაბალ-დაბალი, მრუდეკანჭებიანი უცნობი კაცი იდგა. მას უსაპირო ტყაპუჭი ეცვა და თეთრი, გრძელბეწვიანი ფაფახი ეხურა. როგორც კი მივუახლოვდით, რამდენჯერმე გაუბედავად მოიხადა ქუდი და ისევ დაიხურა, რამდენჯერმე თითქოს მოახლოებაც დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა. ბოლოს, ეტყობოდა, გადაწყვიტა, რომ შეუმჩნევლად ყოფნა უკვე აღარ შეიძლებოდა, ქუდი მოიხადა, თავს დაგვიარა და შტაბსკაპიტან შ.-სთან მივიდა.
– ა, გუსკანტინი, რაო, ჩემო კარგო! – უთხრა შ.-მ. მას ჯერ კიდევ არ განელებოდა თავისი გასეირნების შთაბეჭდილება და გულკეთილად იღიმოდა.
გუსკანტინიმ, როგორც შ.-მ უწოდა, მაშინვე ქუდი დაიხურა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ხელს ქურთუკის ჯიბეში იყოფდა, მაგრამ იმ მხარეს, რომლითაც ჩემკენ იდგა, ქურთუკზე ჯიბე არ ჰქონდა და პატარა, წითელ ხელს უხერხულად აფათურებდა. მინდოდა გამეგო, ვინ იყო ეს კაცი (იუნკერი თუ ჩამოქვეითებული), სულაც არ ვიმჩნევდი, რომ ჩემი მზერა (ე.ი. უცნობი ოფიცრის მზერა) უხერხულობაში აგდებდა მას და დაჟინებით ვაკვირდებოდი ტანსაცმელსა და გარეგნობაზე. შესახედავად ოცდაათამდე წლის თუ იქნებოდა. მისი პატარა, ნაცრისფერი, თითქოს ნამძინარევი მრგვალი თვალები მოუსვენრად იყურებოდნენ სახეზე ჩამოწეული ფაფახის თეთრი კრაველის ქვემოდან. ჩავარდნილ ლოყებს შუა მოუჩანდა მსხვილი, მრუდე ცხვირი, რომელიც მის ავადმყოფურ, არაბუნებრივ სისუსტეს ამჟღავნებდა. რბილი, მეჩხერი და მოთეთრო ულვაშებით ოდნავ დაფარულ ტუჩებს წამდაუწუმ მოუსვენრად აცმაცუნებდა, თითქოს ცდილობდა, ხან ერთი გამომეტყველება მიეღო, ხანაც მეორე. მაგრამ ეს გამომეტყველება თითქოს დაუმთავრებელი იყო. მის სახეზე მუდამ ჭარბობდა ერთი გამომეტყველება – შიშისა და სიჩქარისა. გამხდარ, დაძარღვულ კისერზე შალის მწვანე შარფი შემოეხვია და ქურთუკში ჩაეტანებინა. გაქუცულ, მოკლე ქურთუკის ცრუ ჯიბეებსა და საყელოზე ძაღლის ბეწვი ჰქონდა შემოვლებული; ნაცრისფერი კუბოკრული შარვალი და ჯარისკაცის დაბალყელიანი გაუწმენდავი ჩექმა ეცვა.
– ნუ შეწუხდებით, გეთაყვა, – ვუთხარი გუსკანტინის, როცა გაუბედავად შემომხედა და ქუდის