„ლიტერატურის გიგანტი“
ლევ ტოლსტოი დიდი რუსი მწერალი, „იმდენად დიდი და მრავალმხრივი, რომ ძნელია მისი შეფასება, როგორც მწერლის“( ა. ფ. კონი (1844-1927 წწ.) – გამოჩენილი რუსი იურისტი, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
), ღრმად სწვდება ადამიანის სულის ხვეულებს, დიდოსტატის ფუნჯით ხატავს ყოფით გარემოსა და ცხოვრებისეულ სიმართლეს, გასაოცარი თვალსაჩინოებით წარმოაჩენს ეპოქას, მის ნიშან-თვისებებს, კონტრასტებს, სამსჯავროზე გამოაქვს მწვავე ზნეობრივ საკითხები, მისი თხრობა ყოველთვის უბრალო, გასაგები და ზუსტია, მოკლებულია ყოველგვარ კონსტრუქციებსა და მაღალფარდოვნებას, ავტორია მსოფლიოში ცნობილი ისეთი შესანიშნავი რომანების, როგორიცაა „ანა კარენინა“, „ომი და მშვიდობა“, „აღდგომა“ ა. შ. და ა. შ.... ერთ ხანს გატაცებულია ხალხური შემოქმედებით – ზღაპრებით, ბილინებით,მ თქმულებებით, ინტერესდება მიწაზე მომუშავე ხალხის ცხოვრებითმ, მათი ბავშვებისთვის აარსებს სკოლას, ინტერესდება მათი სოციალური ყოფით, წერს განსხვავებული მანერით და პათოსით.
დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოს ტოლსტოის შემოქმედებაში დგება ფასეულობათა გადაფასების პერიოდი, როცა ის გულისტკივილით ამბობს – ვდარდობ, ვწუხვარ და ვერაფერს ვწერ... ეჭვის, მერყეობის, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობის აუტანელ მდგომარეობაში ვარო... ოთხმოციანი წლებიდან ამ ტკივილის, ეჭვის, უნდობლობის, „შინაგანი გარდატეხის“ შემდეგ, ნაცვლად მრავალპლანიანი რომანებისა, წერს საუკეთესო მოთხრობებს, სადაც დიდი ზნეობრივი პასუხისმგებლობით ასახავს ცხოვრების მიერ ამოჭრილსა თუ ადამიანის სულში გაჩენილ ყველა კითხვას, იქნება ეს საზოგადოებრივი ურთიერთობები, ოჯახი, აღზრდა, ზნეობა თუ სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემები.
აღნიშნული მოთხრობებიდან წარმოდგენილ კრებულში შეტანილია სამი შესანიშნავი მოთხრობა – „სიკვდილი ივან ილიჩისა“, „კრეიცერის სონატა“ და „მეჯლისის შემდეგ“.
„სიკვდილი ივან ილიჩისა“ (1886 წ.) დრამატიზმით, ფსიქოლოგიური სიღრმით, სიკვდილ-სიცოცხლის ღრმა ფილოსოფიურ პრობლემებზე ფიქრითა და განსჯით ერთ-ერთი მასშტაბური ნაწარმოები – შედევრია, რომელმაც დიდი აღიარება ჰპოვა მსოფლიოს ლიტერატურაში. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი – ივან ილიჩ გოლოვინი, იმ ეპოქის სახეა, ყოველგვარ ინდივიდუალობას მოკლებული ადამიანი, ვინც გვერდზე გაუხედავად მიჰყვება ტრადიციულ-წოდებრივ კოდექსს, ცხოვრობს მაღალ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული წესებით – ამთავრებს გიმნაზიას, უნივერსიტეტს, მუშაობს, ქმნის ოჯახს, მაგრამ მისი ინტერესის სფერო მეტად პროზაულია, არ აინტერესებს საერთო სიკეთე, სრულიად გულგრილია ადამიანების მიმართ, ცოლსაც კი არა სიყვარულით, არამედ იმ განწყობით ირთავს, რომ ის მისთვის სასარგებლოა, რომ მთავარია, მისმა უფროსებმა, უმაღლესი თანამდებობის ადამიანებმა ჩათვალონ, რომ მისი არჩევანი მისაღებია... ასეთები არიან მისი მეგობრები, მისი კოლეგები, მისი თანამშრომლები, მათთვისაც, ისე როგორც ივან ილიჩისათვის, მთავარი პირადი კეთილდღეობა და კარიერაა.
ასე იცხოვრა მოსამართლე გოლოვინმა, ვიდრე მძიმე ავადმყოფობამ ლოგინს არ მიაჯაჭვა, როცა უკვე ხანშიშესული, ავადმყოფი, თავის თავში ჩაკეტილი, სულიერად განადგურებული მარტოობის განცდით სულდამძიმებული, სიკვდილ-სიცოცხლეზე მოფიქრალი, სიკვდილის შიშით შეპყრობილი მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წუთებში აცნობიერებს, რომ ისე არ იცხოვრა, როგორც ჯერ არსს, რომ ის ყველაფერი იყო დიდი, საზარელი სიცრუე, რომელიც სიცოცხლესაც მოიცავს და სიკვდილსაც.
ძლიერი და შთამაგონებელია მოთხრობის ფინალი: „ივან ილიჩი ეძებდა შიშს სიკვდილისას, შიშს აქამდელს, რომელსაც ასე მიჩვეული იყო და ვერ პოულობდა... სად არის, როგორია სიკვდილი? – ეკითხებოდა თავის თავს, მაგრამ, აღარ იყო შიში, ვინაიდან აღარც სიკვდილი იყო... სიკვდილის მაგივრად იყო სინათლე...“
კრებულში შესულია აგრეთვე ოთხმოციანი წლების კიდევ ერთი ყველაზე რთული მოთხრობა – „კრეიცერის სონატა“, სადაც ცოლ-ქმრული კავშირით შეერთებული ორი ადამიანის პირადი ტრაგედიის შესახებ არის მოთხრობილი. მწერალი მას თითქმის ორი წელი წერდა (1887-1889 წწ.), რომლის ბოლო ვარიანტამდე რვა ვერსია დაიწერა და რომლის დაბეჭდვამდე მოთხრობის ასობით ხელნაწერი ეგზემპლარი ხელიდან ხელში გადადიოდა.
მოთხრობა იწყება ზოგადი საუბრით – საუბრობენ შემთხვევით ერთ ვაგონში მოხვედრილი სხვადასხვა ასაკისა და შეხედულების ადამიანები, ქორწილზე, ოჯახზე, ქალის მდგომარეობაზე ოჯახში. საუბარს იწყებენ ლიბერალურად განწყობილი ადვოკატი და შლაპასა და მამაკაცურ პალტოში გამოწყობილი ევროპული შეხედულებების ახალგაზრდა ქალი, ვისაც პირში გამუდმებით პაპიროსი უდევს, ვისთვისაც მთავარი ქორწინება არ არის, მთავარია სიყვარული, იდეალების ერთობა. ვისთვისაც ორი ადამიანის ერთად ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულს, იდეალების ერთობას, სულიერ ნათესაობას უნდა ეფუძნებოდეს... ვაგონში მათთან ერთად მგზავრობს ტრადიციული შეხედულებების მოხუცი სოვდაგარი, იგი მათ საუბარს ერთხანს ამრეზილი უსმენს, მისთვის, სრულიად მიუღებელია ადვოკატისა და პაპიროსის მწეველი ახალგაზრდა ქალის მიერ წარმოთქმული აზრები, მიუღებელია სიახლე, რომელიც სიყვარულს, ქალისა და მამაკაცის თანასწორობას, ერთობას ქადაგებს, მისთვის ქალი გატეხილი ჭურჭელია... ქალს ქმრისა უნდა ეშინოდეს... ქალი გვერდზე არ უნდა გაახედო... ნებაზე არ უნდა მიუშვა, მაგრად უნდა ამოსდო ლაგამი...
ბოლოს საუბარში ერთვება ნაწარმოების მთავარი მოქმედი პერსონაჟი – პოზდნიშევი, ჰყვება თავისი ცხოვრების ისტორიას, ჰყვება, როგორ მოკლა საკუთარი ცოლი და რამ მიიყვანა ის საზარელ მკვლელობამდე: „ვიდრე თერთმეტი თვე ციხეში ვიჯექი,