საკითხავი სამყარო თქვენს წინაშეა ადამიანის აზროვნების უმაღლესი მწვერვალი. ლ. ტოლსტოიმ კრებულში შეიტანა მსოფლიოს გამოჩენილ მწერალთა და მოაზროვნეთა ყველაზე ღრმა და ნათელი შეხედულებანი, შეავსო საკუთარი მოსაზრებებით: როგორ უნდა ვიცხოვროთ, ბედნიერი რომ გავხდეთ.
რუსულიდან თარგმნა
ჯუმბერ ცანავამ
რევოლუციას თანსდევს დიდი ცვლილებები. ქარიშხლით მოტანილი სიახლეები ძაბავს სიტუაციას, ყალიბდება ახალი საზოგადოება და ახლებური აზროვნება. საზოგადოების ნაწილი სწრაფად ეგუება სიტუაციას, ცხოვრებას ფეხს უწყობს და სიძნელეებს ადვილად სძლევს.
მეორე ნაწილი, უფრო დინჯი, დაკვირვებული, ფრთხილი - ბევრს ფიქრობს, ყველაფერს აანალიზებს, ხანდახან იბნევა მოულოდნელობებისაგან. ამიტომ მრჩეველს, ჭკუის დამრიგებელს და დასაყრდენს დაეძებს.
რჩევა შენზე ჭკვიანს უნდა სთხოვო, დახმარება - სანდო ადამიანს.
შემოთავაზებული წიგნის, „საკითხავი სამყაროს“ მთარგმნელის ალღო უტყუარი აღმოჩნდა, მკითხველს ლ. ტოლსტოის „ყოველდღიური საკითხავი“ და „ცხოვრების გზის“ წიგნებიდან ამონარიდებს სთავაზობს. საბედნიეროდ, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების: „ომი და მშვოდობა“, „აღდგომა“, „ანა კარენინას“ ავტორის ნააზრევი არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. იგი საუცხოოდ ესადაგება თანამედროვე ცხოვრებას, ყოფას.
ლ. ტოლსტოი დინჯად აანალიზებს ყველაფერს და ცდილობს, თავადაც ირწმუნოს და სხვაც დააჯეროს, რომ ამქვეყნად ღირსეული არსებობის, ადამიანური ზნეობრიობის შენარჩუნების ერთადერთი გზა - სიკეთის, სიყვარულის, მოყვასის თანადგომის და რწმენის გზაა. ჩადენილი ცოდვებისათვის კი უკვდავი ღმერთის წინაშე ვაგებთ პასუხს. უზენაესს და მხოლოდ უზენაესს ძალუძს განიკითხოს ცოდვილი, ზოგი მიუტევოს, ზოგისათვის პასუხი მოსთხოვოს. უფლის, რომელიც გვარიგებს:
ფრინველი არ ზრუნავს, რა ჭამოს ან რა სვას. უფალი ზრუნავს მასზე და უგზავნის, რაც საჭიროა.
გზად მიმავალმა თან არაფერი არ უნდა წაიღოს, გარდა კვერთხისა, რადგან უფალი იცავს მას.
მევენახეებს, მოსულს ყველაზე ადრე ან ყველაზე გვიან შემომატებულს ერთნაირად გადაუხდიან საზღაურს.
ერთი უძღები შვილის დაბრუნება უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ყველა თვინიერის ერთად ყოფნა. . . და ა. შ. და ა. შ.
წიგნში შეტანილი საკითხავები საგულდაგულოდაა შერჩეული და დალაგებული თემატურად. ეს ხელს უწყობს მკითხველს სწრაფად მიაგნოს მისთვის საჭირო მასალას და მიიღოს პასუხი კითხვაზე, სათანადო რჩევა, სიმშვიდე და სიმყუდროვე იგრძნოს. იგი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს და პოულობს დასაყრდენს, იმედს, – ბოძებულს უფლისაგან.
შემოთავაზებული წიგნი, ნათარგმნი გამართული კარგი ქართულით, გასაგები და მისაღები ყველასათვის, მართლაც სამაგიდო წიგნი გახდება ბევრისათვის.
ბ. შავიშვილი,
ფილოლოგიურ მეცნირებათა
დოქტორი, პროფესორი.