ტომი პირველი - ნაწილი პირველი - თავი პირველი
- Еh bien, mon prince. Gênes et Lucques ne sont plus que des apanages, des mamulebad, de la famille Buonaparte. Non, je vous préviens, que si vous ne me dites pas, que nous avons la guerre, si vous vous permettez encore de pallier toutes les infamies, toutes les atrocités de cet Antichrist (ma parole, j’y crois) - je ne vous connais plus, vous n’ êtes plus mon ami, vous n’ êtes plus ჩემი ერთგული ყმა, comme vous dites (აბა, თავადო, რას იტყვით, გენუა და ლუკა ხომ ბონაპარტეს საგვარეულო მამულებად იქცა. არა, ამთავითვე გაფრთხილებთ, თუ არ მეტყვით, რომ ჩვენ ომი გვაქვს, თუ კვლავ ნებას მისცემთ თავს, დაიცვათ ყველა სისაძაგლე, ყველა საშინელება ამ ანტიქრისტესი (გარწმუნებთ, მჯერა, რომ იგი ანტიქრისტეა), თქვენთან ნაცნობობა აღარ მექნება, ჩემი მეგობარი აღარ იქნებით, აღარ იქნებით ჩემი ერთგული ყმა, როგორც თქვენ ბრძანებთ). - ჰოდა, გამარჯობა, გამარჯობა. Je vois que je vous fais peur (ვხედავ, დაგაფრთხეთ). დაბრძანდით და მიამბეთ.
ასე ეუბნებოდა 1805 წლის ივლისს ანა პავლოვნა შერერი დედოფლის, მარია ფიოდოროვნას ფრეილინა( ფრეილინა (რუს., გერმ.) - მეფის კარზე: დედოფლის ან პრინცესის მხლებელი გაუთხოვარი ქალი თავად-აზნაურთა წრიდან.) და ახლობელი, წარჩინებულ და ჩინოსან თავად ვასილის, რომელიც საღამოზე მიწვეულთაგან პირველი მივიდა. ანა პავლოვნას რამდენიმე დღე ახველებდა, გრიპი ჰქონდა, როგორც თვითონ ამბობდა (გრიპი მაშინ ახალი სიტყვა იყო და იშვიათად იხმარებოდა). წითელლივრეანი( ლივრეა (ფრანგ.) - შვეიცრების, ლაქიების, მეეტლეების ფორმის ტანსაცმელი, ჩვეულებრივ, მოსირმული.) ლაქიის ხელით დილით დაგზავნილ, განურჩევლად ყველა ბარათში ეწერა: „Si vous n’avez rien de mieux à faire, M. le comte (an mon prince), et si la perspective de passer la soirée chez une pauvre malade ne vous effraye pas trop, je serai charmée de vous voir chez moi entre 7 et 10 heures. Annette Scherer“ („თუ თქვენ, გრაფ (ან თავადო), უკეთესს არას მოელით და თუ საბრალო ავადმყოფთან საღამოს გატარება ძალიან არ შეგაშინებთ, მეტად მოხარული ვიქნები, გნახოთ ჩემთან დღეს შვიდიდან ათ საათამდე. ანა შერერი“).
- Dieu, quelle virulente sortie (ღმერთო ჩემო, რა ცხარე თავდასხმაა)! - მიუგო დარბაზში შესულმა თავადმა, რომელსაც ბრტყელ სახეზე მხიარული გამომეტყველება აღბეჭდოდა და ასეთი შეხვედრით სრულიადაც არ შეშფოთებულა. იგი კარისკაცის მოქარგულ მუნდირში, მაღალყელიან წინდებსა და მაშიებში იყო გამოწყობილი და ჯვარ-ვარსკვლავებით დამშვენებული.
თავადი ლაპარაკობდა იმ დახვეწილი ფრანგული ენით, რომელზედაც არათუ ლაპარაკობდნენ, ფიქრობდნენ კიდეც ჩვენი პაპები, და იმ დინჯი, მფარველი კილოთი, რომელსაც ასე იყო შეჩვეული მაღალ საზოგადოებაში, სამეფო კარზე გაჭაღარავებული გავლენიანი კაცი. იგი ანა პავლოვნასთან მივიდა, ხელზე ეამბორა, მელოტი, სუნამოდაპკურებული თავი მიუშვირა და რბილ დივანს მინებდა.
- Avant tout dites-moi, comment vous allez, chère amie (უწინარეს ყოვლისა, მიბრძანეთ, როგორ ხართ, ძვირფასო მეგობარო)! დამამშვიდეთ, - წარმოთქვა თავადმა ხმის შეუცვლელად და ისეთი კილოთი, რომელშიც გამოსჭვიოდა ზრდილობითა და თანაგრძნობით დაფარული გულგრილობაცა და დაცინვაც.
- როგორ შეიძლება ჯანმრთელად იყო... როცა ზნეობრივად იტანჯები? განა შეიძლება ადამიანს გრძნობა გქონდეს და დამშვიდებული იყო ჩვენს დროში? - მიუგო ანა პავლოვნამ, - ვიმედოვნებ, მთელ საღამოს ჩემთან გაატარებთ!
- მერე, ინგლისის ელჩის ზეიმს რაღა ვუყო? დღეს ოთხშაბათია, უნდა ვეჩვენო მაინც, - მიუგო თავადმა, - ჩემი ქალიშვილი გამომივლის და წამიყვანს.
- მე მეგონა დღევანდელი დღესასწაული გადადეს. Je vous avoue que toutes ces fêtes et tous ces feux d’artifice commencent à devenir insipides (გამოგიტყდებით, ეს დღესასწაულები და ფეიერვერკები აუტანელი ხდება).
- რომ სცოდნოდათ თქვენ არ გსურდათ, გადასდებდნენ დღესასწაულს, - მომართული საათივით, ჩვევისამებრ წარმოთქვა თავადმა ისე, როცა ამბობენ მაშინ, არც თავად რომ სჯერათ ხოლმე და არც უნდათ, სხვამ ირწმუნოს.
- Ne me tourmentez pas. Eh bien, qu’a-t-on décidé par rapport à la dépêche de Novosilzoff? Vous savez tout (ნუღარ მაწვალებთ. რა გადაწყვიტეს ნოვოსელცოვის დეპეშის თაობაზე? თქვენ ხომ ყველაფერი იცით).
- აბა, რა გითხრათ? - თქვა თავადმა ცივი, მოწყენილი კილოთი, - Qu’a-t-on décidé? On a décidé que Buonaparte a brûlé ses vaisseaux, et je crois que nous sommes en train de brûler les nôtres (რა გადაწყვიტეს? გადაწყვიტეს, რომ ბონაპარტემ დაწვა თავისი ხომალდები, და ჩვენც, მგონი, მზად ვართ ნაცრად