შესავალი ჯერარდაბეჭდილი თხზულებისათვის - I მე მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენით მომნათლეს და აღმზარდეს. მას მასწავლიდნენ ბავშვობაშიც და მერეც, მთელი ყრმობისა და სიჭაბუკის განმავლობაში, მაგრამ, როცა 18 წლისა უნივერსიტეტის მეორე კურსიდან გამოვედი, უკვე აღარაფრის აღარ მჯეროდა იმისგან, რაც მასწავლეს.
ზოგიერთი მოგონების მიხედვით თუ ვიმსჯელებ, სერიოზულად არც არასდროს მწამდა. უბრალოდ, ნდობა მქონდა იმისა, რასაც მასწავლიდნენ და რაც უფროსებს სჯეროდათ, მაგრამ ეს რწმენა მყარი არ იყო.
მახსოვს, როცა თერთმეტი წლის ვიყავი, ერთმა ბიჭმა, ვალოდენკა მ-მ, გიმნაზიის მოსწავლემ, რომელიც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია, კვირა დღეს ჩვენთან სტუმრობისას, როგორც ახალი ამბავი, გიმნაზიაში გაკეთებული აღმოჩენის შესახებ განგვიცხადა. აღმოჩენა კი ის გახლდათ, რომ ღმერთი არ არსებობს და ყველაფერი, რასაც ჩვენ გვასწავლიან, გამონაგონია მხოლოდ (ეს იყო 1838 წელს). მახსოვს, ჩემი უფროსი ძმები ამ ახალი ამბით როგორ დაინტერესდნენ და სათათბიროდ მიმიწვიეს. მახსოვს, ყველანი გამოვცოცხლდით და ნათქვამი ძალზე საინტერესოდ და სავსებით შესაძლებლად მივიჩნიეთ.
მახსოვს კიდევ, რომ, როცა ჩემი უფროსი ძმა, დიმიტრი, უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი, მისი ბუნებისთვის დამახასიათებელი მგზნებარებით განიმსჭვალა რწმენით, დაიწყო მარხვა, სუფთა და ზნეობრივი ცხოვრება და სიარული ყოველ საეკლესიო მსახურებაზე, ჩვენ ყველანი, უფროსებიც კი, მას გამუდმებით სასაცილოდ ვიგდებდით და, რატომღაც, ნოე შევარქვით. მახსოვს, მუსინ-პუშკინი, მაშინ ყაზანის უნივერსიტეტის მზრუნველი, როცა საცეკვაოდ გვიხმობდა, დაცინვით არწმუნებდა უარზე დამდგარ ჩემს ძმას, რომ დავითიც კი ცეკვავდა კიდობნის წინ. მე მაშინ უფროსების ასეთ ხუმრობებს თანავუგრძნობდი და ვასკვნიდი, რომ კატეხიზმოს სწავლა საჭიროა, ეკლესიაში სიარული საჭიროა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად არ უნდა მიიღო. მახსოვს კიდევ, რომ სრულიად ახალგაზრდა, ვოლტერს ვკითხულობდი და მისი დაცინვები არა თუ ჩემს აღშფოთებას არ იწვევდა, არამედ პირიქით – მამხიარულებდა.
რწმენას მეც ასევე განვუდექი, როგორც ამას აკეთებდნენ და აკეთებდნენ ადამიანები, რომელთაც ჩვენი მსგავსი განათლება აქვთ. ეს, ჩემი აზრით, უმეტეს შემთხვევაში, ასე ხდება: ადამიანები ცხოვრობენ ისე, როგორც ცხოვრობენ, ცხოვრობენ კი იმ საწყისების საფუძველზე, რომელსაც არამცთუ არაფერი აქვს საერთო სარწმუნოებრივ მოძღვრებასთან, არამედ დიდწილად მისი საპირისპიროც კია. სარწმუნოებრივი მოძღვრება ცხოვრებაში არ მონაწილეობს, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც არასოდეს გვიხდება მასთან შეხება, ისევე როგორც პირად ცხოვრებაში. ეს სარწმუნოებრივი მოძღვრება იქადაგება სადღაც სხვაგან, ცხოვრებისაგან შორს, და მისგან დამოუკიდებლად. თუ მას გადააწყდები კიდეც, მხოლოდ როგორც გარეგნულ, ცხოვრებასთან დაუკავშირებელ მოვლენას.
ადამიანის ცხოვრებით, მისი საქმეებით, როგორც ახლა, ასევე მაშინ, ვერაფრით მიხვდები, მორწმუნეა თუ არა ის. თუ არის კიდეც განსხვავება აღმსარებელ მართლმადიდებლებსა და მის უარმყოფებს შორის, ის უთუოდ არ არის პირველთა სასარგებლოდ. როგორც ახლა, ისევე მაშინ, მართლმადიდებლობის აშკარად მაღიარებლები და აღმსარებლები, უმეტესად გვხვდებოდა ჩლუნგ, სასტიკ და უზნეო ადამიანებს შორის, რომელთაც საკუთარი თავი მნიშვნელოვან ვინმედ მიაჩნდათ. მაშინ, როცა გონიერება, პატიოსნება, პირდაპირობა, გულკეთილობა და ზნეობა ძირითადად იმ ადამიანებში გვხვდება, საკუთარ თავს ურწმუნოს რომ უწოდებენ.
სკოლაში კატეხიზმოს ასწავლიან და მოსწავლეებს ეკლესიაში აგზავნიან. ჩინოვნიკებისგან მოითხოვენ მოწმობას, რომ ის მაზიარებელია. მაგრამ ჩვენი წრის ადამიანს, რომელიც უკვე აღარ სწავლობს და სახელმწიფო სამსახურში არ არის, ახლაც და წარსულში კიდევ უფრო მეტად შეეძლო, ათეულობით წელი ეცხოვრა ისე, ერთხელაც არ გახსენებოდა ქრისტიანებს შორის რომ ცხოვრობს და თვითონ ის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებელია.
ასე რომ, ახლაც და ადრეც, სარწმუნოებრივი მოძღვრება, ნდობის საფუძველზე მიღებული და გარედან ზეწოლით მხარდაჭერილი, თანდათან დნება ცოდნისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გავლენით, ამ მოძღვრებას რომ ეწინააღმდეგება. და ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, ძალიან დიდხანს ცოცხლობს იმ წარმოდგენით, თითქოს მასში კვლავაც მთლიანი იყოს ცოდნა, რომელიც ბავშვობიდან ჩაუნერგეს, მაშინ, როცა სინამდვილეში მისი კვალიც კი გამქრალია.
ს..., ჭკვიანი და გულმართალი ადამიანი, მიყვებოდა, როგორ დასრულდა მისი რწმენა. ოცდაექვსი წლის იყო უკვე, როცა ერთხელ, ღამისსათევში, ნადირობის დროს, იგი ძველი, ბავშვობიდან შეძენილი ჩვევით, მწუხრზე ლოცვად დადგა. უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა სანადიროდ, თივაზე იწვა და მას აკვირდებოდა. როცა ს-მ ლოცვა დაამთავრა და უკვე წვებოდა, ძმამ უთხრა: „შენ ამას აქამდე აკეთებ?“ მეტი ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. და ამის შემდეგ ს-მ ლოცვა და ეკლესიაში სიარული შეწყვიტა. და, აი, უკვე ოცდაათი წელია, აღარც ლოცულობს, აღარც ეზიარება და აღარც ეკლესიაში დადის. და არა იმიტომ, რომ თავისი ძმის შეხედულებები გაიზიარა და არც იმიტომ, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ძმისგან ნათქვამი ეს სიტყვა თითქოს თითის კვრა იყო ისედაც დანგრევის პირას მყოფი კედლისთვის. ეს სიტყვა იყო მითითება იმაზე, რომ