ტომი მესამე - ნაწილი პირველი - თავი პირველი 1811 წლის დამლევიდან დაიწყო დასავლეთ ევროპის გაძლიერებული შეიარაღება და ძალების თავმოყრა, ხოლო 1812 წელს ეს ძალები - მილიონობით ადამიანი (იმათი ჩათვლით, ვისაც არმია გადაჰყავდა და არჩენდა) დასავლეთიდან დაიძვრნენ აღმოსავლეთისკენ, რუსეთის საზღვრებისკენ, სადაც სწორედ ასევე 1811 წლიდან გროვდებოდა რუსეთისვე ძალები. 12 ივნისს დასავლეთ ევროპის ნაწილებმა რუსეთის საზღვრები გადმოლახეს და ომიც დაიწყო. ესე იგი, განვითარდა გონებისა და მთელი ადამიანური ბუნების საწინააღმდეგო მოვლენა. ომში მილიონობით ადამიანი ჩაერთო. ერთმანეთს ენაცვლებოდა იმდენი ბოროტმოქმედება, სიცრუე, ღალატი, ქურდობა, სიყალბე, უშვებდნენ ყალბ ასიგნაციებს, ძარცვავდნენ, კლავდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ... და ეს ყოველივე იმდენად ბევრი იყო, საუკუნეების განმავლობაშიც რომ ვერ მოაგროვებდა მსოფლიოს ყველა სასამართლოს მატიანე და რაც იმ პერიოდში მათ ჩამდენთ დანაშაულად არც მიაჩნდათ.
რამ წარმოშვა ეს უჩვეულო მოვლენა? როგორი იყო მისი გამომწვევი მიზეზები? ისტორიკოსები გულუბრყვილოდ ამტკიცებენ, რომ ამ მოვლენის მიზეზები იყო: წყენა, რაც ოლდენბურგის ჰერცოგს მიაყენეს, კონტინენტური სისტემის დარღვევა, ნაპოლეონის ძალაუფლებისმოყვარეობა, ალექსანდრეს სიმტკიცე, დიპლომატთა შეცდომები და სხვ.
მაშასადამე, საჭირო იყო მხოლოდ მეტერნიხს, (მეტერნიხი, კლემენცე ვენცელ ლოთარ (1773-1859) - ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, თავადი.) რუმიანცევს (უმიანცევი, ნიკოლა პეტროვიჩი (1754-1826) - გრაფი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ნაპოლეონის ომის წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.) ანდა ტალეირანს (ტალეირან-პერიგორი, შარლ მორის დე (1754-1838) - ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს. სიტყვა "ტალეირანი" იმ პერიოდისთვის გახდა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი (ტალეირანმა წინასწარ განჭრიტა ნაპოლეონის მარცხი და 1808 წლიდან საიდუმლო კავშირი დაამყარა ალექსანდრე I-თან და მეტერნიხთან).), გამოსვლებსა და რაუტებს (რაუტი (გერმ.) - საზეიმო წვეულება, დარბაზობა.) შორის, კარგად მოენდომებინათ და უფრო ოსტატურად დაეწერათ ქაღალდი ან ნაპოლეონს მიეწერა ალექსანდრესთვის: Monsieur mon fr è re, je consens à rendre le duch é au duc d'Oldenbourg (ხელმწიფევ, ძმაო ჩემო, თანახმა ვარ, საჰერცოგო დავუბრუნო ოლდენბურგის ჰერცოგს), და ომიც აღარ იქნებოდა.
გასაგებია, რომ ასე ეჩვენებოდათ საქმე თანამედროვეებს. გასაგებია, რომ ნაპოლეონს ეჩვენებოდა - ომის მიზეზი ინგლისის ინტრიგებიაო (როგორც იგი ამას ამბობდა წმინდა ელენეს კუნძულზე); გასაგებია, რომ ინგლისის პალატის წევრებს ეგონათ - ომის მიზეზი იყო ნაპოლეონის ძალაუფლებისმოყვარეობა; ოლდენბურგელ პრინცს კი ეჩვენებოდა, რომ ომის მიზეზი იყო კონტინენტური სისტემა, რომელიც ევროპას ანადგურებდა; ძველ ჯარისკაცებსა და გენერლებს კი ეჩვენებოდათ, რომ მთავარი მიზეზი იყო საქმეში მათი გამოყენების აუცილებელი საჭიროება; იმ დროის ლეგიტიმისტებს - ის, რომ საჭირო იყო აღედგინათ les bons principes (კარგი პრინციპები), ხოლო იმ დროის დიპლომატებს მიაჩნდათ, რომ ყოველივე იმის გამო მოხდა, რუსეთისა და ავსტრიის კავშირი 1809 წელს საკმაოდ ოსტატურად ვერ დაუმალეს ნაპოლეონს და გაუმართავად იყო შედგენილი memorandum-ი #178. გასაგებია, რომ ეს და კიდევ უთვალავი, აურაცხელი მიზეზი, რომელთა რაოდენობა დამოკიდებულია ასევე უთვალავ სხვადასხვა თვალსაზრისზე, მათ თანამედროვეებს ეჩვენებოდათ, მაგრამ ჩვენთვის - შთამომავლობისთვის, რომელნიც მთელი მოცულობით განვიხილავთ მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობასა და ვწვდებით მის მარტივ და საშინელ აზრს, ეს მიზეზები საკმარისი არ არის. ჩვენთვის გაუგებარია, რომ მილიონობით ქრისტიანი კლავდა და აწამებდა ერთიმეორეს. და ეს იმიტომ, რომ ნაპოლეონი ძალაუფლებისმოყვარული იყო, ალექსანდრე - მტკიცე, ინგლისის პოლიტიკა ცბიერი და ოლდენბურგელი ჰერცოგი - ნაწყენი. შეუძლებელია იმის გაგება, თუ რა კავშირი აქვს ამ გარემოებებს მკვლელობისა და ძალადობის ფაქტთან; რატომ მოხდა, რომ იმის შედეგად, რაკი ჰერცოგი ნაწყენი იყო, ათასობით ადამიანი ევროპის მეორე კუთხიდან ხოცავდა და ანადგურებდა სმოლენსკისა და მოსკოვის გუბერნიების მცხოვრებთ და თავადაც იხოცებოდნენ.
ჩვენ, შთამომავლებს, არაისტორიკოსებს, რომელნიც გატაცებული არა ვართ კვლევის პროცესით და ამიტომ ნათელი, საღი გონებით განვჭვრეტთ მოვლენებს, ომის მიზეზები წარმოგვიდგება უთვალავი რაოდენობით. რაც უფრო ღრმად ვწვდებით მიზეზთა ძიებას, მით უფრო მეტი გვეჩვენება ისინი, და ყოველი ცალკე აღებული მიზეზი ან მთელი რიგი მიზეზები წარმოგვიდგება თანაბრად სამართლიანი თავისთავად, თანაბრად ყალბი თავისი უმნიშვნელობით მოვლენის გრანდიოზულობასთან შედარებით და თანაბრად ყალბი თავიანთი არარეალობით (ყველა სხვა თანხვედრ მიზეზთა გარეშე) - გამოეწვიათ ომი. ისეთივე მიზეზად, როგორიც არის ნაპოლეონის უარი, თავისი ჯარები გაეყვანა ვისლის გაღმა და დაებრუნებინა ოლდენბურგის საჰერცოგო, წარმოგვიდგება პირველი ფრანგი კაპრალის წადილი თუ უწადილობა შესულიყო მეორად სამსახურში: რადგან მას რომ არ მოეწადინებინა სამსახურში შესვლა და არ მოეწადინებინა მეორეს და მესამეს, მეათასე კაპრალსა და ჯარისკაცს, იმდენადვე ნაკლები ადამიანი იქნებოდა ნაპოლეონის ჯარში, და ომიც არ იქნებოდა.
ნაპოლეონი რომ შეურაცხყოფილი არ ყოფილიყო ვისლის გაღმა