წინასიტყვაობა
ლევ ტოლსტოი, დიდი რუსი მწერალი, „ლიტერატურის გიგანტი (ლუი სინკლერი (1885-1950 წ.) – ცნობილი ამერიკელი მწერალი და კრიტიკოსი.)“, იმდენად დიდი და მრავალმხრივი, რომ ძნელია მისი შეფასება, როგორც მწერლის, ღრმად სწვდება ადამიანის სულის ხვეულებს, დიდოსტატის ფუნჯით ხატავს ყოფით გარემოსა და ცხოვრებისეულ სიმართლეს, გასაოცარი თვალსაჩინოებით წარმოადგენს ეპოქას, სამსჯავროზე გამოაქვს მწვავე ზნეობრივი საკითხები, მისი თხრობა ყოველთვის უბრალო, გასაგები და ზუსტია, მოკლებულია ყოველგვარ კონსტრუქციულობასა და მაღალფარდოვნებას. ის ავტორია მსოფლიოში ცნობილი ისეთი გენიალური რომანების, როგორებიცაა „ომი და მშვიდობა“, „ანა კარენინა“, „აღდგომა“... ერთხანს გატაცებული ხალხური შემოქმედებით – ზღაპრებით, თქმულებებით, ინტერესდება მიწაზე მომუშავე ხალხის ცხოვრებით, მათი ყოფით, წერს განსხვავებული მანერითა და პათოსით.
კრებულში წარმოდგენილია ექვსი მოთხრობა: „ლუცერნი“ (1857 წ.), „ოჯახური ბედნიერება“ (1863 წ.), „სიკვდილი ივან ილიჩისა“ (1886 წ.), „კრეიცერის სონატა“ (1899 წ.), „მეჯლისის შემდეგ“ (1903 წ.), „ღვთაებრივი და ადამიანური“ (1907 წ.).
წიგნი იწყება მოთხრობით – „ლუცერნი“. კითხულობ ჯერ ძალიან ახალგაზრდა მწერლის ამ პატარა მოთხრობას და გიკვირს – არ არის საკითხი, იქნება ეს ადამიანური ურთიერთობები, ადამიანი და ბუნება, კარგი და ცუდი, სიკეთე და ბოროტება, რომელთა შესახებაც არ ფიქრობენ და რომელთაც არ განსჯიან ადამიანები ოდითგან.
1855 წელს ლევ ტოლსტოი ბრუნდება სევასტოპოლიდან, მიდის პეტერბურგში, უახლოვდება იქ მოქმედი ლიტერატურული წრის ისეთ ცნობილ მწერლებს, როგორებიც არიან ტურგენევი, ნეკრასოვი, ოსტროვსკი, ბოტკინი და აქტიურად ერთვება ლიტერატურულ საქმიანობაში. 1856 წელს პირველად მიდის დასავლეთ ევროპაში, მოივლის იტალიას, საფრანგეთს, გერმანიას, ჩადის შვეიცარიის პატარა ქალაქ ლუცერნში, ჩერდება ლუცერნის ფეშენებელურ სასტუმრო „შვეიცერგოფში“, აღტაცებულია ბუნების სილამაზით (ჩემს ოთახში რომ ავედი და ფანჯარა გამოვაღე, ტბის მოლივლივე ზედაპირმა, კამკამა, ლაჟვარდოვანმა ცამ შემძრა, ლამის დამაბრმავაო), მაგრამ მის აღტაცებას მალე უსიამოვნო გაოცება ცვლის – „ბუნების ამ სილამაზეში ჩანს სანაპირო, ადამიანის უხამსი ნამოქმედარი – უშნოდ, უაზროდ წაგრძელებული თეთრი ჯოხი, კოლოფებივით ოთხკუთხა ხუთსართულიანი შენობები“.
მიდის იმავე დღეს სახეტიალოდ ქალაქში, უკან დაბრუნებისას გზად „რაღაც ახალი, სულში ჩამწვდომი ხმა“ ესმის, მივა იმ ადგილას და ხედავს პატარა ტანის ადამიანს, თითქმის ლილიპუტს, რომელიც გიტარას უკრავს და ტიროლურ სიმღერას მღერის. მივა, სთხოვს, რომ წაჰყვეს და „შვეიცერგოფის“ წინ იმღეროს.
მომღერალი თანხმდება და მიდიან.
სასტუმროში მისვლისთანავე ლევ ტოლსტოი ნანახისა და მოსმენილის შთაბეჭდილებით წერს დღიურს: „1857 წლის 7 ივლისი, სასტუმრო „შვეიცერგოფის“ წინ, რომელშიც ყველაზე მდიდარი ადამიანები ჩერდებიან, მოხეტიალე ღარიბი მომღერალი ნახევარი საათი უკრავდა გიტარას და მღეროდა. სიმღერა რომ დაასრულა, ადამიანებს, რომლებიც იდგნენ და უსმენდნენ, სამჯერ სთხოვა, ცოტა რამ მიეცა, მაგრამ არათუ არ მისცეს, არამედ დასცინეს“.
გადის ამ ამბიდან ორი-სამი დღე და, დღიურის მიხედვით, ტოლსტოი იწყებს მოთხრობის წერას სათაურით „თავად დ. ნეხლიუდოვის ჩანაწერებიდან „ლუცერნი“, რომელსაც ერთ დღეში ამთავრებს – „11 ივლისი, წერა დავამთავრე სადილობამდე. კარგია. გაბედული უნდა იყო, თორემ ვერაფერს დაწერ, გარდა გრაციოზულისა, მე კი ბევრი ახლის, მნიშვნელოვნის თქმა მჭირდება“, – სწერს ვ.ნ. ბოტკინს და უახლოვდება რა მოთხრობა თავისი მნიშვნელობით დღიურს, იკავებს იმ პერიოდის ნაწარმოებებს შორის განსაკუთრებულ ადგილს, ვინაიდან მასში გამოხატულია არა მხოლოდ მწერლის მსოფლმხედველობრივი ჩამოყალიბება, არამედ მისი პოზიციის დასაბუთებაც. მაგრამ აზრებს მკაცრი ლოგიკური ფორმები ჯერ არ მიუღია, ახალგაზრდა მწერალი ჯერ ძიებაშია.
„რვის ნახევარზე სადილად მიმიწვიეს, – აგრძელებს ავტორი, – ქვედა სართულის უშველებელ, დიდებულად მოწყობილ ოთახში, ორ გრძელ მაგიდაზე არანაკლებ ასი ადამიანისთვის სუფრაა გაშლილი, ადამიანებისთვის, რომელთა სახეებზე მხოლოდ თვითკმაყოფილება, სიმდიდრის, ბედნიერების, უზრუნველი ცხოვრების ანარეკლია. ადამიანებისა, რომელთაც, გარდა ამისა, არავინ და არაფერი აინტერესებთ, არ არის მათში გულღია ურთიერთობის არც სურვილი, არც მოთხოვნილება – სხედან ჩუმად სიმდიდრით გაზულუქებული მაძღარი ადამიანები ერთმანეთის გვერდიგვერდ მაგიდასთან და ერთხელაც არ შეხედავენ გვერდით მჯდომს. მაგრამ მათი ამ არათანამოზიარებულობის, მათი განკერძოებულობის (სიტყვა „განკერძოებულობამ“ „გაუცხოების“ სახელი მიიღო და XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის წამყვანი თემა გახდა.) მიზეზი არის არა სიამაყე, არამედ უკიდურესი ეგოიზმი, ის, რომ მათთვის გარდა პირადი კეთილდღეობისა, გარდა ფულისა, არავის და არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ჰკითხეთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა „შვეიცერგოფშია“, რა არის ქვეყნად ყველაზე დიდი სიკეთე, ყველა თუ არა, ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი სიდონისტურ გამომეტყველებას მიიღებს და გეტყვის, რომ ყველაზე დიდი სიკეთე ფულია, შეიძლება არ მოგწონთ თქვენ ეს, – გეტყვით იგი, – შეიძლება არ ეთანხმება ეს თქვენს მაღალ იდეალებს, მაგრამ, რა უნდა ქნა, თუ მხოლოდ ფულშია ადამიანის ბედნიერება.
საცოდავია თქვენი ბედნიერება, რომელიც გწადიათ, საბრალოა