თავი I
კავკასიაში ერთი ბატონი მსახურობდა ოფიცრად, გვარად ჟილინი. ერთხელ შინიდან წერილი მოუვიდა. მოხუცი დედა წერდა: „დავბერდი და მინდა, სიკვდილის წინ ვნახო ჩემი საყვარელი შვილი. ჩამოდი გამოსათხოვებლად, მიწას მიმაბარე და მერე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, კვლავ დაბრუნდი სამსახურში. მე კი საცოლეც მოგიძებნე: ჭკვიანიცაა, ლამაზიც, მამულიცა აქვს. იქნებ შეგიყვარდეს კიდეც, შეირთავ და სულაც აქ დარჩები“.
ჟილინი ჩაფიქრდა: „მართლაცდა, მოხუცი უკვე დაუძლურებულია, იქნებ ვეღარ ვნახო და, თუ საცოლე კარგია, შევირთავ კიდეც“.
ჟილინი პოლკოვნიკთან მივიდა, შვებულება გამოსთხოვა და ამხანაგებს დაემშვიდობა. გამომშვიდობების წინ თავის ჯარისკაცებს ოთხი ვედრო არყით გაუმასპინძლდა და სამგზავროდ მოემზადა.
კავკასიაში მაშინ ომი იყო. გზებზე არც დღე შეიძლებოდა გავლა, არც ღამე. როგორც კი რომელიმე რუსი, ქვეითი თუ ცხენოსანი, ციხესიმაგრეს გასცილდებოდა, თათრები ან მოკლავდნენ, ან მთებში გაიტაცებდნენ. ამიტომ დააწესეს, რომ კვირაში ორჯერ ციხესიმაგრიდან ციხესიმაგრემდე მიმავლებს გამყოლი ჯარისკაცები ხლებოდნენ.
ეს მოხდა ზაფხულში. განთიადისას ციხესიმაგრესთან შეგროვდა აღალი(აღალი - გადასაზიდ საშუალებათა ქარავანი; ჯგუფი.), გამოვიდნენ გამყოლი ჯარისკაცები და გაუდგნენ გზას. ჟილინი ცხენით მიდიოდა, ხოლო მისი ნივთებით დატვირთული ფორანი აღალს მიჰყვებოდა.
ოცდახუთი ვერსი(ვერსი - ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 1,06 კმ-ს.) უნდა გაევლოთ. აღალი ნელა მიდიოდა. ხან ჯარისკაცები შეყოვნდებოდნენ, ხან აღალში რომელიღაც ფორანს თვალი მოსძვრებოდა, ანდა ცხენი შედგებოდა. ჰოდა, აღალი ჩერდებოდა და ელოდებოდა.
უკვე შუადღე გადავიდა, აღალს კი მხოლოდ ნახევარი გზა გაევლო. მტვრის ბუღი ტრიალებს, პაპანაქებაა, მზე უღვთოდ აჭერს, თავშესაფარიც არსადაა. ირგვლივ შიშველი ტრამალია; გზაზე არც ხეა, არც ბუჩქი.
ჟილინი დაწინაურდა, შეჩერდა და აღალს დაელოდა. უეცრად აღალის ბოლოდან საყვირის ხმა მოესმა - ეტყობოდა, კვლავ შედგნენ. ჟილინმა გაიფიქრა: „იქნებ მარტო წავიდე, ჯარისკაცების გარეშე? ცხენი კარგი მყავს. თათრებს თუ გადავეყრები, გავექცევი. თუ ჯობს, არ წავიდე?..“
ჟილინი შეჩერდა, ჩაფიქრდა. მას მეორე ცხენოსანი, თოფით შეიარაღებული ოფიცერი კოსტილინი მიუახლოვდა და უთხრა:
- წავიდეთ, ჟილინ, მარტონი. არაქათი გამომეცალა, მომშივდა, თანაც ცხელა. პერანგი გასაწური გამიხდა.
კოსტილინი ერთიანად წითელი, ძორძოხი, მსუქანი კაცია, ოფლი ღვარად ჩამოსდის. ჟილინი ჩაფიქრდა და უთხრა:
- მერედა, თოფი დატენილი გაქვს?
- დატენილი მაქვს.
- მაშ, წავიდეთ! ოღონდ იცოდე, ერთმანეთს არ დავშორდეთ.
გზას გაუდგნენ. მიდიან ტრამალზე, საუბრობენ და წამდაუწუმ აქეთ-იქით იცქირებიან. ირგვლივ შორ მანძილზე ყველაფერი მოჩანს.
ტრამალის ბოლოს გზა ორ მთას შუა ხეობაში შევიდა. ჟილინმა თქვა:
- მთაზე უნდა ავიდეთ და მიდამო შევათვალიეროთ, თორემ შესაძლოა, მთებიდან თათრები გამოგვიხტნენ და ვერ დავინახოთ.
კოსტილინმა კი მიუგო:
- აბა, რა საჭიროა? განვაგრძოთ გზა.
ჟილინმა არ დაუჯერა.
- არა, - უთხრა, - შენ ქვემოთ დაიცადე, მე კი მიდამოს შევათვალიერებ.
ჟილინმა ცხენი მარცხნივ, მთაზე მიუშვა. იგი სანადირო ცხენზე იჯდა (ჯერ კიდევ კვიცი იყო, რომელიც ას მანეთად იყიდა რემაში და თვითონვე გახედნა). ცხენმა თითქოს ფრთა შეისხაო, ჟილინი ფლატეზე აიტაცა. და დახე, წინ ერთი დესეტინის(დესეტინა - ძველებური მიწის საზომი ერთეული, უდრის 1,09 ჰა-ს.) მანძილზე ოცდაათი ცხენოსანი თათარი დგას. ჟილინი გამობრუნდა, მაგრამ თათრებმა თვალი მოჰკრეს და დაედევნენ, გზადაგზა შალითიდან თოფებს აძრობდნენ. ჟილინმა ცხენი დაოთხებით დაუშვა ფლატედან და კოსტილინს დაუყვირა:
- ამოიღე თოფი! - თვითონ კი თავის ცხენზე ფიქრობდა: „ჩემო კარგო, გამიყვანე სამშვიდობოს, ფეხი არ დაგიცდეს; თუ წაიფორხილე, დავიღუპები. თოფამდე მივაღწევ და მერე არ დავნებდები“.
კოსტილინმა კი, ნაცვლად იმისა, რომ დაეცადა, თათრების დანახვისთანავე ციხესიმაგრისკენ მოკურცხლა, ცხენს ხან ერთ ფერდში სცემდა მათრახს, ხან - მეორეში. მტვრის ბუღში ისღა მოჩანდა, თუ როგორ აქნევდა ცხენი კუდს.
ჟილინი ხედავს, რომ საქმე ცუდადაა. თოფი ხელიდან გამოეცალა, მარტო ხმლით ვერაფერს გახდება. ამიტომ ცხენი უკან, ჯარისკაცებისკენ გააჭენა, იქნებ მდევრებს თავი დავაღწიოო. ამ დროს ხედავს, ექვსი ცხენოსანი თათარი მისკენ მოქრის გზის გადასაჭრელად. ჟილინის ცხენი კარგი იყო, მაგრამ თათრებს უკეთესი ცხენები ჰყავდათ.
ჟილინს შემობრუნება უნდოდა, ცხენის დაოკება სცადა, მაგრამ თავაწყვეტილი ცხენი ვერ დაიმორჩილა, იგი პირდაპირ თათრებისკენ მიაფრენდა. ჟილინმა დაინახა, რომ კივილითა და კბილების კრაჭუნით უახლოვდებოდა ნისლა ცხენზე მჯდარი თოფმომარჯვებული წითურწვერიანი თათარი.
„ჰმ, - ფიქრობდა ჟილინი, - გიცნობთ, რა ქაჯის ნაშიერებიცა ხართ: თუ შემიპყრეს, ორმოში ჩამაგდებენ, მათრახით მცემენ, მაგრამ ცოცხალი არ დავნებდები...“
ჟილინი ტანად დაბალი, მაგრამ გულადი იყო. იშიშვლა ხმალი და პირდაპირ წითური თათრისკენ გაიჭრა. გაიფიქრა: ან ცხენით გადავქელავ, ან ხმლით ავკუწავო.
ცხენის ერთი ნახტომის მანძილზე მიუახლოვდა თათარს, ზურგიდან რომ ესროლეს. ტყვია ცხენს