ნაწილი პირველი
I
ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს.
ყველაფერი აირია ობლონსკების სახლში. ცოლმა შეიტყო, რომ მეუღლე მათთან ოჯახში გუვერნანტად ნამყოფ ფრანგ ქალთან მრუშობდა და გამოუცხადა ქმარს, შენთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება აღარ შემიძლიაო. აგერ უკვე მესამე დღე იყო, გრძელდებოდა ეს ამბავი, რის გამოც ასე იტანჯებოდა ცოლი, ქმარი, ოჯახის ყველა წევრი და მთელი სახლეული. ოჯახის თითოეული წევრი თუ შინამოსამსახურე გრძნობდა, რომ მათი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, რომ სადმე, რომელიმე ფუნდუკში შემთხვევით თავშეყრილი ადამიანები უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე ისინი - ობლონსკების ოჯახის წევრნი და შინამოსამსახურენი. ცოლი თავის ოთახებში ჩაიკეტა, ქმარი მესამე დღე იყო, შინ აღარ ჩანდა; თავგზააბნეული ბავშვები აქეთ-იქით აწყდებოდნენ. ინგლისელმა ქალმა ჩხუბი აუტეხა ეკონომ ქალს და წერილი მისწერა მეგობარს: ახალი ადგილის მოძებნას სთხოვდა. მზარეულმა ჯერ კიდევ გუშინ, სადილობის ხანს მიატოვა სახლი; მზარეულის დამხმარე ქალიც და მეეტლეც ანგარიშის გასწორებას ითხოვდნენ.
თავადმა სტეპან არკადის ძე ობლონსკიმ - სტივამ, როგორც მაღალ საზოგადოებაში ეძახდნენ, - ჩხუბის მესამე დღეს, ჩვეულ დროზე, ესე იგი დილის რვა საათზე გამოიღვიძა, ოღონდ ცოლის საწოლ ოთახში კი არა, თავის კაბინეტში, ტარსიკონის დივანზე. მსუქანი, ნებიერი სხეულით ისე იცვალა გვერდი ზამბარიან დივანზე, თითქოს უნდოდა კიდევ დიდხანს განეგრძო ძილი, ბალიში ხელებში მოიქცია და ლოყით ზედ მიეხუტა; მაგრამ უეცრად წამოხტა, დივანზე წამოჯდა და თვალები გაახილა.
„მოიცა, მოიცა, როგორ იყო? - დაფიქრდა იგი და სიზმრის გახსენებას შეეცადა, - ჰო, როგორ იყო? აჰა! ალაბინს სადილი გაემართა დარმშტადტში. არა, დარმშტადტი კი არა, რაღაც ამერიკულს ჰგავდა. ჰო, თუმცა სიზმარში დარმშტადტი ამერიკაში იყო. ჰო, ალაბინს სადილი გაემართა შუშის მაგიდებზე და მაგიდებიც მღეროდნენ: IImio tesoro, არა, ამას კი არა, რაღაც უფრო უკეთესს. მღეროდნენ რაღაცნაირი პატარა სურებიც და ვითომ ეს სურებიც ქალები იყვნენ“, - იხსენებდა იგი.
სტეპან არკადიჩი ფიქრებმა აიყოლია, თვალები სიხარულით გაუბრწყინდა, პირზე ღიმილი გადაეფინა. „ეჰ, კარგი იყო, ძალიან კარგი! კიდევ რამდენი რამ იყო იქ ჩინებული, რასაც ცხადში ვერც ენა იტყვის და ვერც გონებით წარმოიდგენ!“ მერე, ოდნავ გადაწეული მაუდის ფარდიდან შემოჭრილი სინათლის სხივი რომ დაინახა, მხიარულად ჩამოუშვა დივნიდან ფეხები, ფეხით მოძებნა ოქროსფერი ტარსიკონის ქოშები (შარშან დაბადების დღისთვის რომ შეუკერა და აჩუქა ცოლმა) და ძველი, ცხრა წლის ჩვეულებისამებრ, წამოუდგომლად წაიღო ხელი იქით, სადაც საწოლ ოთახში მისი ხალათი ეკიდა ხოლმე და უცებ გაახსენდა, რატომ გამოეღვიძა თავის კაბინეტში და არა ცოლის საწოლ ოთახში. ღიმილი იმწამსვე გაუქრა სახიდან, შუბლი შეეჭმუხნა.
„უჰ! უჰ! უჰ! ოჰ!..“ - ამოიხვნეშა და გაიხსენა ყველაფერი, რაც მოხდა. კვლავ თვალწინ წარმოუდგა ცოლთან ატეხილი უსიამოვნების ყოველი წვრილმანი, თავისი გამოუვალი მდგომარეობა და საკუთარი დანაშაული, რაც ყველაზე მეტად ტანჯავდა.
„ჰო, არ მაპატიებს, ან როგორ უნდა მაპატიოს! ყველაზე საშინელი ის არის, რომ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, დამნაშავე ვარ და დანაშაული კი არ მიმიძღვის. აი, ეს გახლავთ მიზეზი მთელი ამ დრამისა, - განაგრძობდა ფიქრს სტეპან არკადიჩი, - ოჰ, ოჰ, ოჰ!“ - იმეორებდა სასოწარკვეთილი და ამ ჩხუბიდან მისთვის ყველაზე მძიმე წუთებს იხსენებდა.
ყველაზე უსიამო ის პირველი წუთი იყო, როცა მხიარული, გულშეჯერებული ობლონსკი თეატრიდან შინ დაბრუნდა; ხელში ცოლისათვის წამოღებული უშველებელი მსხალი ეჭირა, მაგრამ ცოლი სასტუმროში ვერ ნახა; გასაოცარი ის იყო, რომ კაბინეტშიც არ დაუხვდა, ბოლოს კი საწოლ ოთახში იპოვა იმ საბედისწერო, ყველაფრის მამხილებელი წერილით ხელში.
ცოლი - მუდამ ზრუნვაში გართული, მუდამ მოუსვენარი და, როგორც ქმარს მიაჩნდა, არცთუ დიდი გონიერებით დაჯილდოებული ქალი, გაშეშებული იჯდა, ხელში წერილი ეჭირა და შეძრწუნებული, სასოწარკვეთილი, განრისხებული შეჰყურებდა ქმარს.
- რა არის ეს, რა? - ეკითხებოდა და წერილს უჩვენებდა.
ამის გახსენებაზე სტეპან არკადიჩს, როგორც ხშირად ხდება, ეს ამბავი ისე არ ტანჯავდა, როგორც ის, თუ რა პასუხი გასცა ცოლს ამ სიტყვებზე.
ასე ემართებათ მეტისმეტად სამარცხვინო დანაშაულში ანაზდეულად მხილებულ ადამიანებს. ასე დაემართა იმ წუთში სტეპან არკადიჩსაც. ვერ მოახერხა ისეთი გამომეტყველება მიეღო, როგორიც შესაფერისი იქნებოდა მისთვის ამგვარი დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ. იმის მაგივრად, გამწყრალიყო, ეუარა, თავი ემართლებინა, პატიება ეთხოვა, ანდა სრულიად გულგრილად შეხვედროდა - ყველაფერი სჯობდა იმას, რაც ჩაიდინა! - სრულიად უნებლიეთ („თავის ტვინის რეფლექსები!“ - გაიფიქრა ფიზიოლოგიის მოყვარულმა სტეპან არკადიჩმა), სრულიად უნებლიეთ სახეზე ღიმილმა გადაურბინა, მისთვის ჩვეულმა, კეთილმა და ამიტომაც სულელურმა ღიმილმა.