ნაწილი მეხუთე
I
ქალბატონ შჩერბაცკაიას აზრით, ქორწილის გადახდა დიდმარხვამდე შეუძლებელი იყო, რადგან მანამდე ხუთი კვირაღა რჩებოდა და ამ დროისთვის ნახევარი მზითვის მომზადებასაც ვერ მოასწრებდნენ. მაგრამ შეუძლებელი იყო, არ დასთანხმებოდა ლევინს, რომ დიდმარხვის შემდეგ ქორწილი მეტისმეტად დაგვიანდებოდა, რადგან თავად შჩერბაცკის მოხუცი მამიდა ძლიერ ავად იყო, შეიძლება მალე გარდაცვლილიყო კიდეც და მაშინ გლოვა კიდევ შეაფერხებდა ქორწილს. ამიტომაც თავადის მეუღლემ გადაწყვიტა, მზითევი ორ ნაწილად გაეყო - დიდი და მცირე მზითევი - და დასთანხმებოდა, რომ ქორწილი დიდმარხვამდე გადაეხადათ. მცირე მზითევი მთლიანად ახლავე უნდა მოემზადებინა, დანარჩენი კი შემდეგ გაეგზავნა და ძალიან ბრაზობდა ლევინზე, რადგან მისგან ვერასგზით ვერ მიიღო სერიოზული პასუხი, თანახმა იყო თუ არა ამაზე. ეს მოსაზრება მით უფრო გონივრული იყო, რომ ახალგაზრდები ჯვრისწერისთანავე მიემგზავრებოდნენ სოფლად, სადაც დიდი მზითვის ნივთები მათთვის საჭირო არ იქნებოდა.
ლევინი კვლავ შეშლილივით იყო და ეგონა, ყოველივე ამქვეყნად არსებულის მთავარ და ერთადერთ მიზანს ის და მისი ბედნიერება შეადგენს, რომ ახლა არაფერზე ფიქრი და ზრუნვა არ სჭირდება, მისთვის ყველაფერს სხვები აკეთებენ და გააკეთებენ კიდევ. მას არც ჰქონდა რაიმე გეგმები და მიზნები მომავალი ცხოვრებისთვის. ამის გადაწყვეტასაც სხვებს ანდობდა, რადგან წინასწარ იცოდა, ყველაფერი მშვენივრად მოეწყობოდა. მისი ძმა სერგეი ივანოვიჩი, სტეპან არკადიჩი და თავადის მეუღლე ხელმძღვანელობდნენ ლევინს, ასწავლიდნენ, რა იყო მისთვის საჭირო: იგი მხოლოდ სრულ თანხმობას აცხადებდა ყველაფერზე, რასაც შესთავაზებდნენ. ძმამ ფული ისესხა მისთვის, თავადის მეუღლემ ქორწილის შემდეგ მოსკოვიდან წასვლა ურჩია, სტეპან არკადიჩმა კი საზღვარგარეთ გამგზავრება შესთავაზა. ლევინი ყველაფერზე თანახმა იყო. „გააკეთეთ, რაც გენებოთ, თუკი ეს სიამოვნებას განიჭებთ. მე ბედნიერი ვარ და ჩემს ბედნიერებას, რაც უნდა გააკეთოთ, არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება“, - ფიქრობდა იგი. როცა ლევინმა კიტის გაუზიარა სტეპან არკადიჩის რჩევა საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე, მეტისმეტად გააოცა ამ ამბავმა, რომ კიტი არ დათანხმდა - მას უკვე ჰქონდა თავისი მოსაზრებანი მათ მომავალ ცხოვრებაზე. კიტიმ იცოდა, რომ ლევინს სოფელში ელოდა თავისი საყვარელი საქმე. მას, როგორც ლევინიც ამჩნევდა, არათუ არაფერი ესმოდა ამ საქმისა, არც უნდოდა ამის გაგება, თუმცა ეს გარემოება სრულიადაც არ უშლიდა ხელს, ლევინის საქმე დიდმნიშვნელოვნად მიეჩნია. ამიტომაც, რაკი იცოდა, რომ მათი სახლი სოფელში იქნებოდა, სურვილი ჰქონდა წასულიყო არა საზღვარგარეთ, სადაც არ აპირებდა ცხოვრებას, არამედ იქ, სადაც მისი სახლი იქნებოდა. ამ გარკვევით გამოთქმულმა მოსაზრებამ განაცვიფრა ლევინი, მაგრამ რაკი მისთვის სულერთი იყო, მაშინვე სთხოვა სტეპან არკადიჩს - ისე თითქოს მის მოვალეობას შეადგენდა - წასულიყო სოფელში და თავისი ესოდენ მოჭარბებული გემოვნებით მოეწყო ყველაფერი ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევდა.
- აბა, ერთი ყური დამიგდე, - უთხრა ერთხელ ლევინს სტეპან არკადიჩმა, რომელიც უკვე ჩამოსულიყო სოფლიდან, სადაც ყველაფერი მოეწყო ახალჯვარდაწერილთა მისაღებად, - გაქვს თუ არა აღსარების მოწმობა?
- არა მაქვს. მერე რა?
- უამისოდ შეუძლებელია ჯვრისწერა.
- უჰ, უჰ, უჰ! - წამოიძახა ლევინმა, - მგონი, უკვე მეცხრე წელია, აღარ ვზიარებულვარ. არც მიფიქრია ამაზე.
- კარგი ვინმეც ბრძანებულხარ! - სიცილით უთხრა სტეპან არკადიჩმა, - მე რაღად მეძახი ნიჰილისტს! მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, უნდა მოემზადო საზიარებლად!
- როდისღა? მხოლოდ ოთხი დღე დარჩა.
სტეპან არკადიჩმა ესეც მოუხერხა. ლევინიც შეუდგა სამზადისს. მისთვის, როგორც არამორწმუნე, მაგრამ სხვისი რწმენის პატივისმცემელი ადამიანისთვის, მეტად მძიმე იყო, მონაწილეობა მიეღო და დასწრებოდა საეკლესიო ცერემონიებს, ახლა, როცა ასეთი მგრძნობიარე და კეთილად განწყობილი იყო ყველაფრისადმი, არათუ მძიმე ასატანი იყო ეს თვალთმაქცობა, სრულიად შეუძლებლადაც კი მიაჩნდა. ასეთი დიდებისა და ბედნიერების ჟამს იძულებული ხდებოდა, ტყუილი ეთქვა ან ეთვალთმაქცა. ლევინი გრძნობდა, რომ არც ერთის და არც მეორის გაკეთება არ შეეძლო. რამდენჯერ ჰკითხა სტეპან არკადიჩს, იქნებ შესაძლებელი იყოს ცნობის აღება ისე, რომ არ ვეზიაროო. მაგრამ სტეპან არკადიჩმა განუცხადა, ეს ყოვლად შეუძლებელიაო.
- რა დიდი ამბავი ეს არის - ორი დღის საქმეა! მღვდელიც ისეთი კარგი და ჭკვიანი მოხუცია. ისე ამოგაძრობს ამ კბილს, ვერ გაიგებ.
როცა ლევინი პირველ წირვას ისმენდა, ცდილობდა, აღედგინა ის ძლიერი სარწმუნოებრივი გრძნობები, სიჭაბუკეში - თექვსმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე რომ განიცდიდა. მაგრამ მაშინვე დარწმუნდა, რომ ეს მისთვის სრულიად შეუძლებელი იყო. შემდეგ შეეცადა, ისე შეეხედა ამისთვის, როგორც უბრალო, სრულიად უმნიშვნელო ჩვეულებისთვის, მაგალითად, როგორც დარბაზობას მიიჩნევდა; მაგრამ იგრძნო, რომ ესეც არასგზით არ შეუძლია. ლევინის დამოკიდებულება რელიგიისადმი, ისე როგორც მის თანამედროვეთა