იმ წლის ივლისი, როდესაც ცოლი შევირთე, სამი საინტერესო საქმით დამამახსოვრდა, რომელთა გამოძიების დროსაც პატივი მერგო, შერლოკ ჰოლმსის გვერდით ვმდგარიყავი და მისი მეთოდები შემესწავლა. ჩემს ჩანაწერებში მათ „მეორე ლაქა“, „საზღვაო ხელშეკრულება“ და „დაღლილი კაპიტანი“ ვუწოდე. პირველი – უაღრესად მნიშვნელოვანი პირების ინტერესებს, სამეფოს დიდგვაროვან ოჯახებს შეეხება, ასე რომ, მისი დეტალები მრავალი წლის განმავლობაში ვერ გასაჯაროვდება. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ ის აღწერს ჰოლმსის ანალიტიკურ უნარს, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, ვინც ამ გამოძიებაში მონაწილეობდა. მე ახლაც ვინახავ იმ საუბრის თითქმის სტენოგრაფიულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ჰოლმსმა, რაც რეალურად მოხდა, ყველაფერი უამბო მესიე დიუბიუკს, პარიზის პოლიციის განყოფილებიდან და ფრიც ფონ ვალდბაუმს, ცნობილ სპეციალისტს დანცინგიდან. ამ ადამიანებმა დიდი ენერგია შეალიეს მეორეხარისხოვანი, თანამდევი საკითხების გარკვევას. თუმცა მხოლოდ ახალი საუკუნის დადგომის შემდეგ იქნება შესაძლებელი საქმის დეტალების გამომზეურება ისე, რომ ზიანი არავის მიადგეს. ახლა კი, საზღვაო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საქმეზე მოგითხრობთ, რომელიც თავის დროზე სახელმწიფოებრივ რანგში იყო აყვანილი, რამდენიმე ინციდენტი კი მას სრულიად უნიკალურს ხდის.
მოწაფეობის ხანაში ერთ ბიჭთან, პერსი ფელპსთან ვმეგობრობდი. თანატოლები ვიყავით, თუმცა იგი ჩემზე ორი კლასით წინ სწავლობდა. ეს ნიჭიერი ყმაწვილი თითქმის ყველა სასკოლო პრიზს დაეუფლა და თვალსაჩინო წარმატებისთვის სტიპენდიითაც დაჯილდოვდა, რათა ტრიუმფალური კარიერა კემბრიჯში გაეგრძელებინა. მახსოვს, გავლენიანი ნათესავები ჰყავდა. ჯერ კიდევ სკოლაში ვიცოდით, რომ მისი ბიძა, დედის ძმა, ლორდი ჰოლდჰერსტი იყო – ცნობილი პოლიტიკოსი კონსერვატიული პარტიიდან. მაშინ ეს ნათესაური კავშირი ბევრით ვერაფრით ეხმარებოდა – არაერთხელ ამომიგანგლავს იგი მტვერში სკოლის მოედანზე, ზოგჯერ კოჭებშიც მითავაზებია ხოლმე წიხლი. მაგრამ როდესაც წამოვიზარდეთ, ყველაფერი შეიცვალა. ერთხელ კი მოვკარი ყური, რომ საკუთარი ნიჭისა და ბიძის გავლენის წყალობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაეწყო მუშაობა კარგ თანამდებობაზე, თუმცა მალე ის სრულიად გადამავიწყდა და აღარც გამხსენებია, სანამ შემდეგი წერილი არ მივიღე:
„ბრაიარბრე, უოკინგი.
ძვირფასო უოტსონ:
ეჭვი არ მეპარება, გემახსოვრებათ „თავკომბალა“ ფელპსი, რომელიც მეხუთე კლასში სწავლობდა, როდესაც თქვენ მესამეში იყავით. შესაძლოა, ისიც გსმენიათ, რომ ბიძაჩემის გავლენის წყალობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კარგ თანამდებობაზეც მოვხვდი, სადაც მენდობოდნენ კიდეც და პატივსაც მცემდნენ, სანამ თავს დიდი უბედურება არ დამატყდა, რომელმაც ჩემი კარიერა შეიწირა.
ამ საშინელი მოვლენის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, ვინაიდან, თუ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ, ისედაც მომიწევს თავიდან ბოლომდე ყველაფრის მოყოლა.
ეს-ეს არის, გამოვჯანმრთელდი ტვინის ანთების შემდეგ, რომელიც ცხრა კვირის განმავლობაში მტანჯავდა, და ჯერ კვლავაც უაღრესად სუსტად ვარ. იქნებ შეძლოთ და თქვენს მეგობართან, მისტერ ჰოლმსთან ერთად მეწვიოთ? ძალიან მინდა ამ საქმის შესახებ მისი აზრის გაგება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მარწმუნებენ, რომ მომხდარს აღარაფერი ეშველება. შეეცადეთ, დაიყოლიოთ და, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მობრძანდეთ – ჩემთვის ამ გაურკვევლობაში ყოველი წუთი ლამის მთელ საათად გაიწელოს. დაარწმუნეთ თქვენი მეგობარი, რომ აქამდე არა მისი ნიჭის დაუფასებლობის გამო, არამედ იმიტომ არ მივმართე, რომ ამ საშინელი დარტყმის შემდეგ უგონოდ გახლდით. ახლა გონს მოვედი, თუმცა მეშინია, ყველაფერი არ განმეორდეს. თავს ჯერაც ძალიან სუსტად ვგრძნობ და, როგორც ხედავთ, ამ წერილს ჩემი კარნახით, სხვა პიროვნება წერს.
უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს მეგობართან ერთად ჩამოხვიდეთ.
თქვენი სკოლის მეგობარი, პერსი ფელპსი“.
ამ წერილმა, დაჟინებულმა თხოვნამ, რომ ჰოლმსი წამეყვანა, გული ამიჩუყა და სიბრალულით ამავსო. ურთულესი საქმეც რომ ყოფილიყო, მაინც შევეცდებოდი, მისთვის რამე გამეკეთებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჰოლმსს თავისი საქმე ძალიან უყვარდა და უარს არასდროს ამბობდა, გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა. ცოლიც დამეთანხმა, რომ წუთის დაკარგვაც არ შეიძლებოდა. ამიტომ სწრაფად ვისაუზმე და წერილის მიღებიდან ერთ საათში ბეიკერ-სტრიტზე მდებარე ჩემს ძველ ბინაში აღმოვჩნდი.
ხალათჩაცმული ჰოლმსი მისადგმელ მაგიდასთან იჯდა და გულმოდგინედ ატარებდა ქიმიურ ცდებს. ბუნზენის სანათურის მოცისფრო ალის თავზე მოთავსებულ დიდ, გაღუნულ რეტორტაში(რეტორტა – ხელსაწყო ქიმიური რეაქციების ჩასატარებლად.) რაღაც სითხე თუხთუხებდა, საიდანაც დისტილირებული წვეთები ორლიტრიან მენზურაში ხვდებოდა. როდესაც შევედი, ჩემს მეგობარს თავიც არ აუწევია. მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული, ამიტომ სავარძელში ჩავეშვი და დაველოდე. მან მინის პიპეტით ორივე ჭურჭლიდან რამდენიმე წვეთი ამოიღო და მაგიდაზე მდგარ, ნაერთით სავსე სინჯარაში გადაიტანა. მარჯვენა ხელში ლაკმუსის ქაღალდი ეჭირა.
– გადამწყვეტ მომენტში მოხვედით, უოტსონ, – თქვა მან, – თუ ეს ქაღალდი გალურჯდება, მაშასადამე, ყველაფერი კარგადაა. თუ გაწითლდება, ეს ვიღაცას სიცოცხლის ფასად დაუჯდება.
ჰოლმსმა ქაღალდი სინჯარაში ჩაუშვა, რომელიც მაშინვე ბაც ჟოლოსფრად შეიღება.
– ჰმ, ასეც