უცხო სამყაროს ფერი არკჰემის დასავლეთით უდაბური გორაკები და უღრანი ტყით დაფარული დაბლობებია, სადაც ხისმჭრელს ჯერ არ გაუვლია. ვიწრო ხევხუვებში ხეები ისეთ ციცაბო ფერდობებზე იზრდებიან, გაგიკვირდება. მზის სხივი ხევის ძირზე ნაკადულს ზაფხულის ჩახჩახა დღესაც კი ვერ სწვდება. შედარებით დამრეც ფერდობებზე ქვისგან ნაგები ძველი ფერმებია, ხავსით დაფარული სახლები, ძველი ნიუ-ინგლენდის საუკუნოვან საიდუმლოებებს რომ ინახავენ. ახლა ეს შენობები ცარიელია. ფართო საკვამურები დაიბზარა, გადმოხრილი კედლები ოთხფერდა სახურავებს ძლივსღა აკავებენ.
ვინც იქ ოდესღაც ცხოვრობდა, იქაურობას დიდი ხანია გაეცალა, უცხოელებს კი იმ არემარეში დასახლება არ სურთ. ფრანკო-კანადელებმაც სცადეს ეს, იტალიელებმაც და პოლონელებმაც, მაგრამ მერე ადგნენ და სხვაგან გადაბარგდნენ. ამის მიზეზი ისეთი რაღაც არ არის, რაც შეიძლება დაინახო, გაიგონო ანდა ხელით შეეხო, არამედ სრულიად წარმოსახვითია. საიმიგრაციოდ კარგი ადგილი ნამდვილად არ გახლავს, ღამით კაცი იქ მშვიდად ვერ დაიძინებს. ამ რაღაცის გამოა, რომ უცხოელები იქ დიდხანს ვერ ჩერდებიან, არადა, ბებერ ემი პირსს მათთვის არც კი მოუყოლია, რაც „საოცარი დროებიდან“ ახსოვს. წლებთან ერთად, ბებერი ემი შერეკილს დაემსგავსა, თითქოს ჭკუიდან გადავიდაო. ის ერთდერთია, ვისაც ახსოვს წარსული, და ვინც ზოგჯერ იმ „საოცარ დროებაზე“ საუბრობს. ამას მხოლოდ იმიტომ ბედავს, რომ მისი სახლი გაშლილი მინდვრებისა და არკჰემისკენ მიმავალი, შემოვლითი გზის პირას დგას.
ოდესღაც გზა გორაკებსა და დაბლობს კვეთდა, უშუალოდ „წყეულ ნაოხარზე“ გადიოდა, თუმცა ადამიანებმა ის მიატოვეს და მოგვიანებით ახალი გზა გაიყვანეს, მიხვეულ-მოხვეული, სამხრეთიდან რომ უვლის. ძველი გზა აქა-იქ ჯერ კიდევ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ტყე უტევს. ის, ალბათ, მაშინაც კი შესამჩნევი დარჩება, როდესაც დაბლობის დიდი ნაწილი წყალქვეშ მოექცევა – ახალი წყალსაცავის აშენების შემდეგ. გაშავებულ ხეებს გაჩეხენ და „წყეულ ნაოხარს“ წყალი დაფარავს. „საოცარი დროების“ საიდუმლო ამოუხსნელი დარჩება, პრეისტორიული ოკეანის ანდა დედამიწის წარმოშობის საიდუმლოებათა მსგავსად.
როდესაც იმ მხარეს ვეწვიე, მომავალი წყალსაცავის საზღვრები რომ დამედგინა, გამაფრთხილეს, – იქ „წყეული ნაოხარიაო“. რადგან ამის შესახებ არკჰემში(არკჰემი, სინამდვილეში, არ არსებობს, ლავკრაფტის გამოგონილია, – (მთარგმნელის შენიშვნა)). მითხრეს, ხოლო ეს ძველი ქალაქი ალქაჯებზე ლეგენდებითაა სავსე, თავიდან ვიფიქრე, ალბათ, ისეთ რაღაცაზეა-მეთქი ლაპარაკი, რაზეც ბებიები შვილიშვილებს ჩურჩულით უყვებიან. თვით სახელი „წყეული ნაოხარი“ მოულოდნელად და, ცოტა არ იყოს, თეატრალურად მომეჩვენა. საინტერესოა, – გავიფიქრე მაშინ, – როგორ მოხვდა ის ღვთისმოსავი პურიტანების გადმოცემებში? მაგრამ მას მერე, რაც ჩემი თვალით ვნახე იქაურობა, გორაკებისა და დაბლობების ჭრელი ქაოსი, უკვე აღარაფერი გამკვირვებია, იმ ადგილის ძველი საიდუმლოების გარდა.
იმ ადგილებში სისხამ დილას მოვხვდი, თუმცა ყველაფერი თითქოს ჩრდილში იყო მოქცეული. ხეები ახლო-ახლო იზრდებოდა, თანაც ვარჯი მეტისმეტად მსხვილი ჰქონდათ, ნიუ-ინგლენდის ნებისმიერ ტყის ჯანსაღ ხეებთან შედარებით. უსიერ ტყეში საოცარი მდუმარება სუფევდა. წლობით ხელუხლებელი ნიადაგი მეტად ნოტიო, მსუყე, დახავსებული გახლდათ.
ტყისგან თავისუფალ ადგილებზე, ძველი გზის გასწვრივ, მიტოვებული ფერმები იდგა. ზოგან ყველა შენობა იყო შემორჩენილი, ზოგან – მხოლოდ სახლი და ერთი-ორი ფარდული, ზოგან კი მხოლოდ საკვამური ან სარდაფი თუ მოგხვდებოდა თვალში. იქაურობას სარეველა ბალახი და სვია ახრჩობდა, მცენარეებში რაღაც წარმოუდგენლად ველური ძალა იგრძნობოდა. ყველაფერში თითქოს რაღაც შფოთვას და თან, მოწყენილობას დაესადგურებინა. თითქოს რაღაც ირეალური გამეფებულიყო, თითქოს რაღაც იდუმალმა ძალამ გაამრუდა პერსპექტივა თუ შუქ-ჩრდილები. გასაკვირი არაა, რომ იქ, იმ არემარეში, დიდხანს ვერავინ ჩერდებოდა, ამგვარ ადგილას ცხოვრება შეუძლებელია. იქაურობა სალვატორე როზას(სალვატორე როზა (1615-1673) – იტალიელი ფერმწერი, პოეტი და მუსიკოსი. ) პეიზაჟს ანდა გოტიკური რომანის ილუსტრაციას მოგაგონებდა.
თუმცა „წყეულ ნაოხარს“ ეს ყველაფერი ვერც კი შეედრებოდა. დაბლობზე დავეშვი თუ არა, ამას მაშინვე მივხვდი. სხვა სახელი იმ ადგილს ნამდვილად არ მოუხდებოდა. თუმცა ამ სახელს სხვა ადგილს არც შეარქმევდნენ. შეიძლება გეფიქრა, რომ ეს „წყეული ნაოხარი“ პოეტმა იხილა და სახელწოდება გამოჭედა. იქაურობას თვალი შევავლე თუ არა, ამ აზრმა გამიელვა. როგორც ჩანს, ცეცხლმა მოსპო ნათესები და შენობები, მაგრამ იმ ხუთი აკრის ფართობზე, რატომ აღარ ხარობს არაფერი? ის ადგილი ამწვანებულ ტყეებსა და მობიბინე მინდორ-ველებს შორის, რუხ ლაქასავით ჩანდა, გეგონება, სიმჟავემ ამოჭამაო. „წყეული ნაოხარი“ ძველი გზის ჩრდილოეთით მდებარეობდა, თუმცა მისი მცირე ნაწილი გზის მეორე მხარესაც ვრცელდებოდა. უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ახლოს მისვლა არ მინდოდა, არადა, საქმე მაიძულებდა, გამევლო „წყეული ნაოხარი“– გვერდს ვერაფრით ავუქცევდი. ამ ადგილას მცენარეულის ნასახიც კი არ იყო, მიწაზე მხოლოდ და მხოლოდ რუხი მტვერი თუ ფერფლი ეფინა, რომელსაც ქარი ვერ ფანტავდა,