თავი პირველი იატაკზე ხალიჩების ნიმუშები გაეშალათ. ორი ბრიუსელური ნახელავი თავიდანვე მოსწონებოდათ და, როგორც ჩანდა, არჩევანიც მასზე შეეჩერებინათ, თუმცა სხვა მრავალი ნიმუშიც იტაცებდა თვალს და გრძელდებოდა ჭიდილი სურვილსა და შეძლებას შორის. განყოფილების გამგეს პატივი დაედო მათთვის, თვითონ ეხმარებოდა არჩევანში. ეს პატივისცემა ჯოს ეკუთვნოდა, – კარგად იცოდა ქალიშვილმა, – მას ეკუთვნოდა აქაც და იქაც, ლიფტით რომ ამოდიოდნენ და მელიფტე ბიჭმა პირი დააღო. ბრმა ხომ არ იყო, ვერ შეემჩნია, რომ ქალაქის დასავლეთ უბნებში სეირნობისას სწორედ ასეთი ყურადღებით მისჩერებოდნენ პატარა ბიჭები და ყმაწვილები.
მაგრამ აი, განყოფილების გამგე ტელეფონთან იხმეს და ქალიშვილის ფიქრებს შორის აქამდე გამართულ ჭიდილს – ძვირფასი ხალიჩის შეძენის სურვილსა და ჯიბის დაცარიელების შიშს შორის, რაღაც სხვა შეშფოთება თუ მღელვარება დაერთო.
– ვერ გამიგია, რა მოგწონს ამაში, ჯო? – ხმადაბლა, მაგრამ დაჟინებით განაგრძო ქალიშვილმა ამასწინანდელი უშედეგო კამათი.
ბავშვური სახე წამიერად მოეღრუბლა ჯოს, მაგრამ მალე ისევ გაუბრწყინდა, სითბო და სინაზე გადაეფინა. ჯერ ბავშვი იყო ჯო და არც ქალიშვილი იყო დიდი, – ორი ახალგაზრდა ცხოვრების ზღრუბლზე შემდგარიყო, საკუთარი საბუდარი უნდა გაეჩინათ და ხალიჩებით მოერთოთ.
– ნეტავი რა გაღელვებს, – მიუგო ჯომ, – ეს ბოლო გამოსვლაა, სულ ბოლო, უკანასკნელი.
ჯომ გაუღიმა ქალიშვილს, მაგრამ მან მაინც შეამჩნია სინანულისმაგვარი ამოსუნთქვა ვაჟის ბაგეზე, შეამჩნია და შეაშინა ქალურმა ინსტინქტმა, რაღაც გამოუცნობმა საფრთხემ, ერთიანად რომ მოეცვა მისი ცხოვრება.
– ხომ იცი, ო’ნეილთან რინგზე შეხვედრით დედისეული სახლის უკანასკნელი შესატანი დავფარე, – განაგრძო ჯომ, – და ეს ერთი საზრუნავი მოვიცილე. პონტასთან უკანასკნელი შეხვედრა კი ას დოლარს მომცემს, მთელ ას დოლარს. ეს კი მთელი ქონებაა. შენი და ჩემი ბუდე ხომ უნდა მოვაწყოთ!
ქალიშვილმა ფულადი საზღაური აინუნშიც არ ჩააგდო.
– მაგრამ შენ გიყვარს ის, ის „თამაში“, როგორც შენ უწოდებ, რატომ?
ჯოს ლაპარაკი არ ეხერხებოდა, ეხერხებოდა ხელების ქნევა, ტანის მოძრაობა, კუნთების თამაში, ჭიდილი რინგზე, მაგრამ თუ რა იზიდავდა იქ, რითი ხიბლავდა რინგი, ამის თქმა არ შეეძლო. თუმცა შეეცადა, გადმოეცა გაჭირვებით, დაბნეულად, მაგრამ მაინც აეხსნა, რას განიცდიდა რინგზე, განსაკუთრებით უაღრესად დაძაბულ წუთებში, რაზეც აქამდე არც დაფიქრებულა.
– მე ის ვიცი მხოლოდ, ჟენევიევა, რომ რინგზე თავს ჩინებულად გრძნობ, თუ მოწინააღმდეგეს სწორედ იქ მოიმწყვდევ, სადაც გინდა. ის მუშტებს გიღერებს. მოგიქნევს აქედან, იქიდან... გგონია, გთხლიშავს, მაგრამ რა დაკარგვია და რას ეძებს, – მოხერხებულად არიდებ თავს და მერე, დროს იხელთებ და ისეთს უთავაზებ, რომ თავბრუს დაახვევ, მთელი სხეულით ჩაგეჭიდება და აღარ გაგიშვებს, ვიდრე მსაჯი ძალად არ მოგაცილებს, მაშინ კი ბოლოს მოუღებ. მთელი დარბაზი თავდავიწყებით ღრიალებს და გრძნობ, რომ შენ უკეთესი ხარ, რომ წესიერად ებრძოდი და გაიმარჯვე კიდეც, იმიტომ გაიმარჯვე, რომ მასზე ძლიერი ხარ და რომ…...
საკუთარი მრავალსიტყვაობითა და ჟენევიევას სახეზე ასახული შიშით დამფრთხალმა ერთბაშად შეწყვიტა ლაპარაკი.
ჟენევიევა ქადაგად დაცემულ ჯოს თვალს ვერ აშორებდა და იღრუბლებოდა, როცა ის თავისი ცხოვრების უდიადეს წუთებს აღწერდა, თვალწინ ეხატებოდა საკუთარი დარტყმების სიძლიერით დამარცხებული მოწინააღმდეგე, გაჩახჩახებული რინგი, აღტაცებისგან გადარეული მაყურებლების ხმაური და სანუკვარი ცხოვრების ძლიერი დინება მიაქანებდა სადღაც, მიაქანებდა და აშორებდა ჟენევიევას. ვერაფრით გაეგო გოგნას ასეთი ცხოვრების არსი და ბუნება. ძლიერი იყო ეს დინება, უძლეველი, შეუკავებელი და ჟენევიევას ცხოვრებასაც ნიადაგს აცლიდა, შესაბრალისს ხდიდა, ეს ჯო, რომელსაც იცნობდა, უკან იხევდა, ქრებოდა, სადღაც იკარგებოდა. გაქრა მისი ბიჭური საყვარელი სახე, მისი თვალების ციმციმი, პირის სასიამოვნო ნაკეცები, აბზუებული ტუჩები. თვალწინ მამაკაცის სახე დასდგომოდა, უძრავი და უდრეკი ფოლადის სახე; ფოლადის პირი და ხაფანგის სატაცებისებური ტუჩები, გაშტერებული, ფართოდ გახელილი თვალები, რომელთაც ფოლადისფერი ედოთ და ფოლადისფრადაც ბრწყინავდნენ. ეს მამაკაცის სახე იყო, ჟენევიევა კი მხოლოდ ჯოს ბავშვურ სახეს იცნობდა. ასეთი კაცური სახე ხომ სრულიად უცნობი იყო მისთვის.
დიახ, ჟენევიევას აშინებდა ეს სახე და მაინც, როგორღაც ბუნდოვნად გრძნობდა, რომ ეამაყებოდა ჯო. მისი სიმამაცე, მებრძოლი ხვადის სიმამაცე უთუოდ აღაგზნებდა მასში ქალთა სქესის საუკუნოვან მიდრეკილებას, პოვოს ცხოვრების ძლიერი დასაყრდენი, პოვოს და დაეყრდნოს. ჟენევიევას ვერ აეხსნა, რა იდუმალ ძალას დაებუდებინა ჯოში, რომელიც მის სიყვარულზე ძლიერი იყო, ძალას, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებდა ჯოს. და მაინც, გოგონას სიამით ავსებდა იმის შეგრძნება, რომ სწორედ მისი გულისთვის, სიყვარულისთვის დაემორჩილა, დაუთმო ჯომ, უარი თქვა თავისი ცხოვრების ნაწილზე. აი, ახლა უკანასკნელად გამოვიდოდა რინგზე და მერე