მოცარტის ბრწყინვით დაბრმავებული
გალაკტიონს
პოეტთა მეფევ, მასიზმრე მერი,
გადაკარგულის შორიდან ტრფობა,
მშთანთქავი ვნების დასალიერი, -
სიკვდილისწინა მომირწყე ჭკნობა.
სევდა ნისლებად აკვამლებული
გაფანტე, როგორც ჩემი ძალ-ღონე,
დამიცხრე სული ალმოდებული,
ქონებული და თანაც არმქონე.
როგორც ზეცაზე ვარსკვლავთა ჭორფლი
ცრემლი ლექსებად ამიკამკამე,
შეანაკადე სისხლი და ოფლი,
მწუხრი აისით დამიცვარნამე.
აათარეშე მუზად ღრუბელი,
კვლავაც დამსეტყვე რითმის მერეხით,
სიჩუმის მეფის საბრძანებელი
ააზრიალე ცათა ქვემეხით.
მთვარე მთაწმინდის ამომიშუქე,
ცეცხლოვანების ელვად მკრთოლვარე,
დაღითჩნეული გული იჩუქე
და ხმოვანების ჟრჟოლა მომგვარე.
როგორც ბარძიმი ძვირფასი ქვებით
გრძნობა ნაღველით მოოჭვილია,
დაუნდობელი არმიტევებით
სამარადჟამოდ გზამოჭრილია.
დიდო მესიტყვევ, მასიზმრე მერი, -
ედემის ცისკრით ხიბლმოდებული,
გონწასული ვარ, ვით სალიერი,
მოცარტის ბრწყინვით დაბრმავებული.