აზრები
ბიკო (ბიკენტი) ტურაბელიძე
აზრები
© (ყველა უფლება დაცულია)
2017წ.
(განცდილ-ნაფიქრი ადამიანზე , კაცობრიობაზე და სამყაროზე...)
***
რადგან არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ არსებობს აზრი, რომლის უტყუარობა არ იყოს სადავო.
***
უნებლიე პლაგიატისგან არავინაა დაზღვეული, რადგან არავინაა ყველაფრის მცოდნე.
***
ვერ ვხედავ ფილოსოფიის ბოლომდე შესწავლის აუცილებლობას, რადგან "ბოლო"-მდე, ყოველთვის დაუსრულებელი მანძილია. საკმარისია იგრძნო, რომ "სიბრძნის სიყვარული"- მრავალი კარის გასაღებია.
***
ნებისმიერი მსჯელობა მივა უკვენათქვამის გაქარწყლებამდე, თუ დროულად არ იქნა შეწყვეტილი.
***
რაც უფრო პატარაა დასახლება, მით უფრო კეთილშობილები არიან მისი მცხოვრებლები.
***
ნებისმიერ ცოცხალ, რიგით ადამიანს ყველა დიდ არაცოცხლებთან მიმართებაში ერთადერთი უპირატესობა აქვს: იცის ის რაც არ იცოდნენ გარდაცვლილებმა.
***
მოკლედ გადმოცემულ სიბრძნეს მეტი ყურისდამგდები ჰყავს. (აზრმა სჯობს ენა დაიმოკლოს).
***
პრობლემათა უმრავლესობა ,მიდის არჩევანის პრობლემამდე.
***
არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება ნიშნავს, რომ ის ფარდობითია მათემატიკაშიც კი. ისიც წინააღმდეგობათა წრეში ექცევა: თუ პიერ ფერმას პრობლემა პრობლემაა, რატომაა ევკლიდეს პარალელობის აქსიომა აქსიომა?
***
პოეზიის კანონები ბორკილებია, ამიტომ ლექსში რთულია თქვა სათქმელი.
***
ყველა ფიზიკურ ნაკლს (სიბრმავე, სიყრუე, სიმუნჯე...) რაღაც უპირატესობა გააჩნია.