სულის ნაწილი
(პოეზია არაზუსტი (კოჭლი) რითმების გარეშე)
აღმოხდება მზე ცათამპყრობელი
აღმოხდება მზე ცათამპყრობელი,
დნება ოქროდ და ბაჯაღლოვდება,
მოილხენს გრძნობა დამათრობელი,
აზავთდება და გაცისკროვნდება.
გააქრობს ღრუბლებს მეხთამტყორცნელებს,
გამსჭვალავს ნისლებს, დასძრავს ნიავქარს,
აღანთებს ვნებებს წარუხოცელებს,
მოალაჟვარდებს ზღვათა მინანქარს.
ვინ ნახა ოქროს ასეთი ფლანგვა,
ანდა სიშლეგე გულუხვობისა,
საუნჯით მიწის ასე გათანგვა
და ზარზეიმი ვარდფურცლობისა.
ორლესულ სხივთა ხმალთაკვეთებით
იძალგულოვნებს და გამეფდება,
შუქთა ტალღები სულისკვეთებით
დაივლის ხმელეთს და აჩქეფდება.
დასავლეთისკენ დაირეცება,
მოხედავს სივრცეს დაუსაბამოს,
ძალთაძალს ზეცის შეეღმერთება,
და ტახტს დაუთმობს ლაჯვარდ-საღამოს.
მეწამულობით გადმომჩქეფარე,
თავის პირმშოებს- აღხოცავს ჩრდილებს.
ღამის ლამპარი,- მთვარე მგზნებარე
მილულავს ხომლებს ღონემიხდილებს.
დადგება ღამე, მთვარის სარკეში
მზე შეისწორებს ნატიფ წამწამებს;
გარემო თალხის სინარნარეში
დათვლის საათებს და დალევს წამებს.
ასე იყო და ასე იქნება,-
ისევ ამოვა მზე სხივანკარა,
ნათელი ქნარად ახმატკბილდება,
მაგრამ, ვაი, რომ ყველასთვის არა!..
რაც გვღუპავს და მაინც გვიყვარს.
რა არისო სიყვარული
მესმის ბავშვობიდან,
მთავართ შორის უმთავრესი
ღმერთის წყალობიდან.
უგნური ქალს მოიტაცებს,
სატრფოაო ფიქრობს;
და ვერც კი გრძნობს, ეს თვითრჯული,
ვნებებს როგორ იქრობს.
თუკი გიყვარს, მოიტაცე
და იმას მიჰგვარე,
ვინც ქალს უყვარს განუზომლად,-
ეშხად მომდინარე.
სიყვარულის მე, ჩემგვარი
განმარტება ვიცი,
და შემრისხეთ, თუკი ვტყუი,
არ მჭირდება ფიცი.
წყალდიდობით წარტაცილი
მე ვნატრულობ წვიმას,
რაც გვღუპავს და მაინც გვიყვარს
გაუმარჯოს იმას!
მამაშვილობა
ოდეს ცამაღლის ჭაღი ჩაქრება,
მამიკოს შვილი მოენატრება.
შენს ფიქრს ვწვდებოდი, ვიმეორებდი,
და ყრმას ძილშიაც არ გიშორებდი.
წმინდაა ჩვენი მამაშვილობა,
ცალმხრივი გრძნობის ფრთაგაშლილობა.
გულში ტკივილი კვირტივით ღვივის,
ვგრძნობ ოთარაანთ ქენჯნას მე ქვრივის.
სულისშემძვრელი არის ეს გრძნობა,
ამაგის უკან მოუხედვლობა.
შობს ორაგული ქვირითს კურთხეულს,
შვილებს საკვებად უტოვებს სხეულს...
წაიღე ყველა რაც გამაჩნია,
ეს ორი თხოვნა ჩემს სულს აჩნია:
დაე გიყვარდეს შენ შენი შვილი,
როგორც ღვთისმშობელს- ახალშობილი.
და მომიტევე ყველა სიკეთე,
რაც უსახსრობით ვერ გაგიკეთე...
მოთამაშე ვარ სიყვარულისა
ბავშვური ლტოლვის ვიყავ აბრაგი
და გავყაჩაღდი სიყვარულისგან,
ტკბილმათრობელა ვიწვი ხანძარით,
ყრმობაში კოცნით ანთებულისგან.
მოთამაშე ვარ სიყვარულისა,
ვიგებ, თუ ვაგებ- ტრფობით ვენთები;
თუმც მიკიდია ცეცხლი-ქვისმდნობი-
არც ვიფერფლები, არც ვიღვენთები.
თამაშით არვინ აშენებულა,
ვინც კი მარგალიტს სდებდა სასწორზე;
გადაალაჯებს ოქროს ყორღანებს
და განძის მქონე ფიქრობს ცათსწორზე.
მერე წააგებს, ეძებს დაკარგულს,
აზარტის ეშმაკს შესთხოვს წყალობას,
სულდამეწყრილი ჩახედავს ბანქოს,
ელის კამათლის წკრიალ-გალობას.
საზარელია ვალში დახრჩობა,
როცა ერთმევა კაცს სასოება,
როს ფუფუნების შრება ნექტარი,-
ჯოჯოხეთდება საწუთროება.
მე კი ყოველთვის მოგებული ვარ,
თუნდაც დავმარცხდე ნარნარა ქალთან...
გინდ დასალიერს შემოუაროს
წრფელი უცილოდ მივა მართალთან.
ჟინგაშმაგების ვცალე ყანწები,
მისთვის გავლოთდი მე განუსჯელად...
და ჩემი სუნთქვა ვნებაამშლელი
ვაფრქვიე ტრფობის თაფლის სურნელად.
მაგრამ, არც ვნება გახლავთ უძირო,
წელმრავლობისგან დაუშრეტელი;
დროის მახვილი გაჰკვეთს ხორციელს,
სული დარჩება გაუკვეთელი.
მიტომაც ვრჩები ცის ნებიერად,
ურიცხვ ალმასთა მუდმივმფლობელი;
ვარიგებ გრძნობებს საუფლისწულოს,
როგორც მეუფე და დამპყრობელი.
ნუ გამამდიდროს ისე უზომოდ,
რომ სხვის გრძნობებზე ფეხით ვიარო;
ღმერთმა ისე ნუ გამაღარიბოს-
ქალი გულს მთხოვდეს, ვერ ვუზიარო.
გაადამიანება
მამაჩემს გიორგი ტურაბელიძეს
იყო უთვალავ წლების წინ
კაცი ნახევრად ცხოველი,
არც ცეცხლი სწამდა, არც ღმერთი
არცა რამ მანათობელი.
არ სცნობდა მშვენიერებას,
სიკეთეს ხელოვნებისა,
სულით ტყავგამძვრალ-ღატაკი,
ამყოლი კუჭის ვნებისა.
ერთხელაც მოინადირა
შველი ყისმათის ნებითა,
დაუწყო თქვლეფა უძღებმა,
აკვნესდა ნეტარებითა.
მაგრამ შენიშნა თვისტომი,
მოხუცი ძალწართმეული,
მშიერ-მწყურვალი, სნეული,
საცოდავი და ეული.
პირველად იგრძნო მგელკაცმა
ქენჯნა-სულისძვრა უცნობი,
უცხო წუხილმა მოულბო
გული ურჯუკი, უგრძნობი.
აღეძრა უსათნოესი
ტკივილი შებრალებისა,
შეწყვიტა ჭამა, დასძლია
სურვილი დანაყრებისა.
მიართვა ლუკმა დამშეულს,
ვითარცა სულის ნაწილი,
შესცქერის როგორც ღვთაებას,
კმაყოფილებით აღვსილი.
და ეს მხეცკაცი, ხორცხარბი
მყის იქცა ადამიანად;
მე, მამაჩემის ნაფიქრი
გითხართ, ვით შევძელ, მთლიანად.
მახინჯი ლამაზს დაეძებს
მალაქიტისფრობს ვენახი,
ნასათუთევი ჯაფითა,
დაუნჯებული ბადაგით
ღვივის მტევნებით-ასთითა.
მომნიჭებელი, მშობელი-
ცხოველმყოფელი ღვინისა,
ბახუსის ნაქანდაკები,
მტერი ეშმაკის ტვინისა.
ქედის ქონგურნი მცველებად
უდგას, ვით ფარი რკინისა,
სურნელს აპკურებს ნიავი,
რუ ხოტბას ასხამს კისკისა.
სატრფოს ედრება სხივმფენსა
გვირგვინის მომლოდინესა,
და უწარმტაცეს ქალღმერთსა
მდგარს ნეტარების კიდესა.
გამოჩნდა ფირუზის ცაზე
შხამგესლიანი ღრუბელი,
პირქუში, სისხლის ნატრული,
როგორც ვამპირი უსმელი.
გულმკვლელი სევდის ფერი აქვს,
შური ალქაჯი ბებრისა,
გაუმაძღრობა მეკობრის
და ღვარძლი თემურ-ლენგისა.
ახლოვდება და ძალს იკრებს,
თითქოს მაღალმთის ზვავია,
პირს