წინასიტყვაობა ნივთები ადამიანებმა გამოვიგონეთ, იმათ კი ირგვლივ შემოგვიკრიბეს და ასე გაჩნდა ახალი, რაღაცით ერთმანეთის მსგავსი და თან კიდე ასე განსხვავებული, გამარჯვებებით და დამარცხებებით, გმირებით და ანტიგმირებით სავსე სამყაროები, იარაღის, წიგნის, მრგვალი და ოვალური ბურთების, ჭადრაკის დაფის, სცენის თუ მუსიკალური საკრავების, ფოტო – თუ კინოაპარატის ირგვლივ.
უჩვენოდ ეს ნივთები არაფერია, თუმცა მთელი ჩვენი ისტორია ამ ნივთების გამოგონების ისტორიაა.
ჰოდა, როცა კაცს წერის გარეშე არ შეუძლია, მაგრამ არც მოთხრობა ეწერება და არც – რომანი, ის ისეთ ნივთებსა და ამ ნივთების ირგვლივ შემოჯგუფულ ხალხზე იწყებს ფიქრს, რომლებიც უყვარს და აინტერესებს, და რახან ხელი არ უჩერდება, რაღაცეებიც შემოეწერება ამ ამბების შესახებ.
მე კი ძალიან მიყვარს რაგბი, ლიტერატურა და თავზეხელაღებულთა ფათერაკებიანი ამბები, რომელთა გადახდენის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ სავარძელში გემრიელად მოკალათებული სიამოვნებით ჩავუჯდები ხოლმე.
ამ ბოლო დროს კიდევ ვხვდები, რომ ცნობილებსა და გამარჯვებულებზე მეტად, დავიწყებულები და დამარცხებულები მაინტერესებს, ალბათ იმიტომ, რომ იმ დიდი გამარჯვებულების საბოლოო ბედი მაინც ეგაა.
მეც ავდექი, ერთად მოვაქუჩე ბოლო წლებში ეგრე უცებ დაწერილი პატარ-პატარა ამბები, ცნობილ ან უბრალოდ ჩემთვის საინტერესო ადამიანებზე და ასე შეიკრა ეს წიგნი.
ზოგი ისტორია რაგბისტზეა, ზოგი – პარტიზანსა და თავზეხელაღებულზე, ზოგი – ნატურალისტზე და არანაკლებ თავზეხელაღებულზე, ზოგი – მამაჩემზე, ზოგი – დედაჩემზე, ზოგი – ჩემს საყვარელ მეფეზე, ზოგიც – წიგნებსა და იმათ დამწერებზე, იმაზე, თუ რა დოქია კაცის სხეული, რა ნიჭი შეიძლება ესხას შიგნით, რაზეა კაცი წამსვლელი და რაზე – არა, ამ ნიჭის უკეთ წარმოსაჩენად და რა მოჰყვება ამას.
მთელ ამ, თითქოსდა სხვადასხვა, მაგრამ ერთ წიგნში თავმოყრილ ხალხს კი – მკვდარს თუ ცოცხალს, მეფეს თუ ბანდიტს, მწერალს თუ სპორტსმენს – საინტერესოდ მოყოლის მცდელობა აერთიანებს, საბოლოო ჯამში ხომ ლიტერატურაც ეგ არის და მეტი არაფერი.