სილვერი მისი ერთი ნახვაც საკმარისი იყო, რომ აღარასოდეს დაგვიწყებოდა, ჩვენ კი, მერვე წელი იყო, რაც ლამის ყოველდღე ვხედავდით, მხრებში მოხრილი, თავის ორ რკინის ყავარჯენს დაყრდნობილი, თავჩაღუნული და ყავარჯნის რკინის სახელურებზე ხელებჩავლებული, ნელა, რწევა-რწევით, ხის იატაკის ჭრაჭუნით და უღონო ფეხების თრევით რომ მიუყვებოდა სკოლის გრძელ დერეფნებს, ისე წინ გადახრილი, გეგონება, სადაცაა წაიქცევაო; და ვერავინ ხვდებოდა, როგორ არ უცურდებოდა დაჭყლეტილ, წითელ ცხვირზე დაკოსებული უზარმაზარი, სქელმინებიანი და სტაფილოსფერჩარჩოიანი სათვალე.
მათემატიკას ასწავლიდა, თამაზი ერქვა და „თამაზი მასს“ ვეძახდით. მერვე კლასში დაგვინიშნეს მასწავლებლად და თუმცაღა, რვა წელი ლამის ყოველდღე ვხვდებოდით, მაინც დღემდე მახსოვს მისი პირველი შემოსვლა ჩვენს კლასში.
მესამე გაკვეთილი იყო, ზარი დაირეკა, მასწავლებელი კი არ ჩანდა და კლასიც ეგრევე აზუზუნდა. მე უკვე დაფასთან გასვლას და ზედ რაღაცეების დახატვას ვაპირებდი, როდესაც ჩვენი საღებავაცვენილი მწვანე კარი გაიღო და ოთახში თამაზი მასი შემოვიდა – თამბაქოსფერი პიჯაკი, შავი პერანგი, ხაკისფერი შარვალი და დიდი, სასაცილო ფორმის ყავისფერი ფეხსაცმელები ეცვა; ის ახალი ხმებიც მახსოვს, უცებ ჩამოწოლილ სიჩუმეში რომ შემოჰყვა ახალ მასწავლებელს: აჭრიალებული ფიცრები, ყავარჯნების რეზინწამოცმული ძირების ყრუ ბაკუნი, იატაკზე ფეხსაცმლის ლანჩების უსიამოვნო ხახუნის ხმა, მსუბუქი ქშენა.
თამაზი მასი პირდაპირ მაგიდისკენ წავიდა, ცალი ყავარჯენი იღლიიდან გამოაცურა, ოდნავ გადაიხარა გვერდზე, მთელი ტანით მეორე ყავარჯენს დააწვა, სკამი გამოსწია, მერხის ზედაპირს ხელით დაეყრდნო, მეორე ყავარჯენიც გამოათავისუფლა, სკამზე დაჯდა, ყავარჯნები იქვე, კედელზე მიაყუდა, მხოლოდ ამის შემდეგღა ასწია თავი და ხმამაღლა თქვა:
– უკაცრავად, რომ დავიგვიანე, მაგრამ თქვენი კლასი ყველაზე შორსაა სამასწავლებლოდან, – გაგვიღიმა და ჭაღარაშეპარული შავი ულვაშის ქვემოდან დიდი ყვითელი კბილები გამოუჩნდა.
ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, გამორჩეული მასწავლებელი იყო-მეთქი. რაღაცეები იცოდა, რაღაცეები – არა, როგორც სკოლის ყველა მასწავლებელმა. მკაცრიც არ ეთქმოდა, ჩუმი კაცი იყო, გაკვეთილის გარდა თითქმის არაფერზე ლაპარაკობდა, მოსწავლეებთან დისტანცია ეჭირა, ხმის აწევაც არ უყვარდა და არც სჭირდებოდა, რადგან არ ვიცი, რატომ და როგორ, მაგრამ მის გაკვეთილზე ყველანი წყნარად ვიქცეოდით, სწავლით თავს არ ვიკლავდით, თუმცა ხმაური არასოდეს აგვიტეხია.
იმ დროის მანძილზე, რაც თამაზი მასი გვასწავლიდა, ხშირად ვაკვირდებოდი და ბევრი ახალი რამე გავიგე მის შესახებ: ცაცია იყო და ძლიერი ხელიც მარცხენა ჰქონდა, სკამზე დაჯდომისას ყოველთვის მარჯვენა ხელს ითავისუფლებდა, გვერდზე გადახრილი ტანის სიმძიმე კი მარცხენათი ეკავა, რომლითაც ყავარჯნის რკინის სახელურს ბღუჯავდა და მუქი ფერის მტევანზე ბადესავით ებურცებოდა ვენები; წამოდგომასაც ყოველთვის მარცხენა ხელით იწყებდა: აიღებდა ყავარჯენს, დაეყრდნობოდა, წამოიწეოდა და ამის შემდეგღა იშველიებდა მეორეს. კიდევ შევამჩნიე, რომ არც ისეთი მხრებში მოხრილი და უკისრო იყო, როგორიც ადრე მეჩვენებოდა. ყავარჯნების გამო ჩანდა ეგეთი: ამოიდებდა იღლიაში, მოცურავის მოძრაობით გადასჭიდებდა ზემოდან მკლავებს, დაბლა დაწეული მხრები მაღლა ადიოდა, თავი წინ იხრებოდა, კისერი კი წამოწეულ მხრებში იკარგებოდა; მახვილი სმენა ჰქონდა და ბოლო მერხიდანაც რომ გეკარნახა ვინმესთვის, გაიგებდა. თითზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა, ცოტა შელახული, მაგრამ ყოველთვის სუფთა და კარგად გაუთოებული ტანსაცმელი ეცვა, ულვაში არასოდეს ეზრდებოდა ზომაზე მეტად, არც ფერიმჭამელები უმრავლდებოდა სახეზე და არც ყურებიდან და ცხვირიდან გამოსდიოდა საცეცებად თმა, ესე იგი, ან თავს უვლიდა, ან მზრუნველი ცოლი ჰყავდა.
სკოლაში მოარული ჭორიც გავიგე, თუ რატომ ვერ დადიოდა: წლების წინ მეზობლებს აშველებდა თურმე, მოჩხუბრებიდან ერთმა მეორის შესაშინებლად თოფი გამოიტანა, გაუვარდა და ხერხემალში მოარტყა თამაზი მასს.
მეტად რაღას უნდა დავეინტერესებინე ორმოცდაათს მიტანებულ, მუდო და ხეიბარ მათემატიკის მასწავლებელში? მაგრამ მიშკას ამბავმა ყველაფერი შეცვალა.
მიშკა ჩემი ძმაკაცი და პარალელურკლასელი იყო, იშვიათად შევხვედრივარ მისნაირ ვაჟკაც, სამართლიან და ადრე დაკაცებულ ბიჭს. არ ვაზვიადებ, როგორც გვჩვევია, როდესაც ქუჩას, ბავშვობის მოგონებებს, ან მიცვალებულებს ვიხსენებთ, კაცი რომ აღარ არის და ყველაფერ კარგს მივაწერთ, ყველაფერი ცუდი კი, რაც ჰქონდა, გვავიწყდება.
ერთს მოვყვები: მიშკამ, მაშინ, მგონი, მეცხრე კლასში ვიყავით, ელიაზე თუ ავლაბარში დალია ძმაკაცთან, ფეხით წამოვიდა და ტყუილუბრალოდ გალახა ვიღაც სომეხი ბიჭი ქუჩაში. მეორე დღიდან კი ძებნა დაუწყო, ორი დღე ეძება და ბოლოს იპოვა, ის ბიჭი არავინ ისეთი არ აღმოჩნდა, შეეშვი, ყლეაო, უთქვამთ მიშკასთვის ავლაბრელ ძმაკაცებს, არც ღირს, რომ ნახოო, მიშკამ კი მაინც ნახა და, როგორც გავიგე, ნახევარ საათს უხადა ბოდიში. როდესაც ვკითხე, რატო ქენი ეგრე, ხო შეგეძლო, დაგეკიდებინა-მეთქი, მიპასუხა, აი, ზუსტად ეგ იქნებოდა ჩემ პონტში არაკაცობაო, იმიტო რო, ვინმე მურტალი ტიპი რო ყოფილიყო, ვინც