I
უკვდავი გურამას ამბავი პარასკევს ღამით გავიგეთ. მარიკუნასთან ვიყავით სტუმრად. ლაშა და გია აივანზე ეწეოდნენ, მე მარიკუნას ველაპარაკებოდი:
– სკოლის გარეთ დახვდა თურმე, სადარბაზოში, ბიჭებს თავანი გვაქვს და ფული მოგვეციო! დიტუნამ არ მაქო, იმან კიდე, მაშინ სქულ ქარდი (სკოლის ბარათი) ხო გაქვს და წამო, სკოლის სამზარეულოში სენდვიჩები გვიყიდეო.
აღშფოთების გამოსახატად მარიკუნამ ქვედა ტუჩი წამოწია და აქეთ-იქით გააქნია თავი.
– შემთხვევით გავიგე, სხვა ბავშვის მშობელმა მოკრა ყური ამ ლაპარაკს, იმან მითხრა და მერე რო ვიხსენებდი, დიტუნას ცუდი ხასიათები და სახლში გააგრესიულებაც მაგის გადმოსვლას დაემთხვა.
– ანუ, აბულინგებს, ხო? – მკითხა მარიკუნამ.
– მგონი, – ვუპასუხე და კინაღამ გამეცინა.
მე და მარიკუნა უნივერსიტეტიდან ვდაქალობთ, ჯგუფელები ვართ. ქართლელია, მისი სოფელი ახლა ოკუპირებულ ზონაშია. ფოტოგრაფიით პირველ კურსზე დავინტერესდით და ერთად დავიწყეთ აქეთ-იქით ხეტიალი. მარიკუნა თავზეხელაღებული და უშიშარი იყო, მე – ფრთხილი და მორიდებული. მარიკუნა ცნობილი ფოტოგრაფი გახდა, მე ორი შვილი გავაჩინე. უფროსმა, ნიკუშამ სამედიცინო დაამთავრა და პოლონეთში მუშაობს, თერაპევტია. დიტუნა მეცხრე კლასშია და დინოზავრები და კომიქსები უყვარს. მარიკუნა გვიან გათხოვდა. პირველ კურსზე მარიამს ვეძახდი, როცა დავდაქალდით – მაროს, მაშინ სოციალური ქსელი არ არსებობდა. თავიდან მარიკუნას Facebook-ზე მარიამი ერქვა, მერე მარიშკა დაირქვა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი მარიკუნად გადაიკეთა და დღეს ამ სახელით არის ქალაქში ცნობილი. სოციალურად და ვირტუალურად აქტიურია: დადის, პოსტავს, ფოტოგამოფენას არ აცდენს. უშვილოა, მომღიმარი, მოლაპარაკე, თანამედროვე ტერმინების მოყვარული:
– გეი კი არა, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე, – უსწორებს ხოლმე გიას.
ახალი მეგობრები მარიკუნას ეძახიან, ძველები მარიამს – მათ შორის მეც. მარო ერთხელ წამომცდა და ეწყინა.
გია შეძლებული და კარგი ბიჭია. მათი სახლის კედლები მარიკუნას ფოტოებს დაუფარავს. მართლა კარგი ფოტოებია.
ხანდახან მგონია, რომ მშურს მარიკუნასი.
მაგრამ როდესაც, აი, როგორც ახლა, მორიგ „ევროატლანტიკურ“ სიტყვას ამოისვრის ხოლმე, ან მის ვირტუალურ გვერდს „ჩავსქროლავ“, ჩავათვალიერებ მის, სოციალური აქტივობებით და „ვალიდური“ არგუმენტებით გაჟღენთილ პოსტებს და იქ ერთი კითხვის ნიშნის გარეშე დაწერილ, ძახილისნიშნებიან პოლიტიკურ, სოციალურ თუ ფემინისტურ ანალიზებს წავაწყდები, გული მწყდება და ძალიან მენატრება ჩემი, თავანკარა ქართულით მოლაპარაკე ლობიანის მოყვარული ქართლელი დაქალი, დამალობანას „დამლახუჭას“ რომ ეძახდა, ლოთს – „ლოთარხანას“ და თუკი რამე გააოცებდა, საყვარლად პირმოღებული და ოდნავ გვერდზე თავგადაგდებული, თან ხუმრობით, თან კიდევ მთელი გულით წამოიძახებდა ხალხში – „ბიჯოოოო!“
აი, სწორედ ამიტომ შევაკავე სახეზე მომდგარი ღიმილი და გავაგრძელე:
– გავარკვიე რომელი სკოლიდან გადმოიყვანეს, ოღონდ აღმოჩნდა, რომ კი არ გადმოიყვანეს, ლამის გამოაგდეს და ოჯახის ჩარევის შემდეგ ისე გააფორმეს, ვითომ გადავიდა. გამოიცანი, რისთვის აგდებდნენ?
– ხულიგნობისთვის, ხო?
– პარალელური კლასელი დაჭრა დანით.
– მერე, როგორ არ დაიჭირეს?
– როგორ და ჩვენებურად, მამა ოთხმოცდაათიანებში ფულნაშოვნი გადეპუტატებული ბიზნესმენია, ბიძა ეპისკოპოსი და ყველას იცნობენ, – ვთქვი მე და მომეჩვენა, რომ ოცდამეერთე საუკუნის თბილისურ, წელმაგარ ოჯახზე კი არა, რომელიღაცა დიდ და ამბიციურ ფეოდალურ სახლზე ვყვებოდი.
– ჩემი ბიჭი ბანკის ვირთხა კი არ უნდა იყოს, აი, გახდება მალე თვრამეტის და მამა ახალ მანქანას ჩაახუტებს, – კაცურად დაიბოხა ხმა მარიკუნამ, – ეგეთები კიდევ არიან?
– თან ბევრი, – გამეცინა მე, – მაგათი მამა ღვინის ქარხნის დირექტორი ყოფილა კომუნისტების დროს.
– უნდა დააყენო ერთად და სურათი გადაუღო, მაგარი ფოტო გამოვიდოდა, – ახითხითდა მარიკუნა, – და საიდან გაიგე ამდენი ასე მალე?
საიდან და იქიდან, რომ ადრე თბილისი ერთი პატარა და კოხტა ქალაქი იყო, რომელმაც ბოლო წლებში სახე იცვალა და უეცრად იქცა უზარმაზარ და ულამაზო მეგაპოლისად და მიუხედავად ამისა, ჩვენ, იმ პატარა ქალაქის მკვიდრ მოსახლეობას, ჯერ კიდევ გვახსოვს აქაურ მშენებარე ლაბირინთებში შემორჩენილი ურთიერთობების ძველი ბილიკები და ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ ბილიკებზე უხმაურო სიარულით გავიგოთ თითქმის ყველაფერი ჩვენი გაზრდილი და მაინც ციცქნად დარჩენილი ქალაქის შესახებ.
– თეაკოს დავურეკე. დედამისი, ნუნუ, წლები იყო მაგ სკოლის დირექტორი, იმან მითხრა ყველაფერი.
– ლაშამ იცის? – მკითხა მარიკუნამ.
– არა.
– მერე რა ქენი? ელაპარაკე დირექტორს?
– კი...
– დამრიგებელს?
– დამრიგებელს ჯერ არა.
– რატომ?
– რაღაცნაირი ქალია, გაუთხოვარი და სკოლის დარაჯი, წამოცდება სადმე, შეიძლება კლასშიც დააყრანტალოს და ეგ მარტო გააფუჭებს საქმეს. შეიძლება მივიდეს და დიტუნას უთხრას, სახლში როგორ თქვი ეგ ამბავი? მოსულიყავი,