შესავალი პერიოდულად უძილობა მაწუხებს, რაც არ გააკვირვებს მათ, ვისაც რალფ რობერტსის (სტივენ კინგის წიგნის „უძილობა“ მთავარი პერსონაჟი.) თავგადასავალი წაუკითხავს. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, რომ უძილო ღამეებისთვის ამბები მზად მქონდეს. როდესაც სიბნელეში ვწევარ, ამ ამბებს საკუთარ თავს ვუყვები, გონებაში ვწერ სიტყვებს, როგორც საბეჭდ მანქანასა თუ ტექსტურ რედაქტორზე, ხშირად ვბრუნდები უკან, ალაგ-ალაგ ვცვლი, ვამატებ ახალ აზრებს, ვშლი აბზაცებს და ვქმნი დიალოგებს. ყოველ ღამით ამაზე ფიქრს თავიდან ვიწყებ და მანამ ვაგრძელებ, სანამ არ ჩამეძინება. მეხუთე ან მეექვსე ღამისთვის თითქმის მთელი პროზაული მონაკვეთი მზად მაქვს. შესაძლოა გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ამ დროს ვმშვიდდები... დროც კარგად გამყავს და ეს პროცესი ცხვრების თვლას ათი თავით სჯობს.
დროდადრო ეს ისტორიები, ისევე როგორც ზედიზედ რამდენჯერმე წაკითხული წიგნი, ცვდება („გადააგდე და ახალი იყიდე, სტივენ, - მეუბნებოდა დედა და გაღიზიანებულ მზერას აპარებდა ჩემი საყვარელი კომიქსის ან თხელყდიანი წიგნისკენ, - ეგ უკვე ნაფლეთებადაა ქცეული“). ამის შემდეგ ახალი ამბის მოფიქრების დრო დგება და იმედს ვიტოვებ, რომ ეს მალე მოხდება, რადგან უძილო საათები მეტისმეტად იწელება ხოლმე.
1992 თუ 93 წელს ვმუშაობდი ერთ-ერთ ასეთ ძილისპირულ მოთხრობაზე, რომელსაც ერქვა „ის, რაც თვალს ატყუებს“. ამბავი იყო სიკვდილმისჯილ ზორბა შავკანიან კაცზე, რომელიც, სასჯელის აღსრულების მოახლოებასთან ერთად, ხელების მოხერხებული მოძრაობისადმი იჩენს ინტერესს. ეს უნდა ყოფილიყო პირველ პირში მოთხრობილი ამბავი ციხის ადმინისტრაციისგან ნდობით აღჭურვილი მოხუცი პატიმრისა, რომელიც ციხეში ურიკით წიგნებს დაატარებდა და აგრეთვე ყიდდა სიგარეტს, ჟურნალ-გაზეთებსა და ისეთ წვრილმანებს, როგორიც მაგალითად, თმის ლოსიონი ან საცხობი ქაღალდისგან დამზადებული თვითმფრინავებია. მოთხრობის ბოლოს, სიკვდილით დასჯამდე მცირე ხნით ადრე, ეს ზორბა პატიმარი, ლუკ კოფი, მოულოდნელად უნდა გამქრალიყო.
იდეა კარგი ჩანდა, მაგრამ სიუჟეტი არ მომწონდა. ასჯერ მაინც გადავაკეთე, მაგრამ მაინც ვერ მივიღე ის, რაც მჭირდებოდა. შემდეგ მთხრობელს შინაური თაგვი გავუჩინე, რომელიც ურიკას დაჰყვებოდა და ვიფიქრე, რომ ეს დამეხმარებოდა, მაგრამ შევცდი. საუკეთესო ნაწილი დასაწყისი იყო: „ეს ამბავი 1932 წელს მოხდა, როდესაც შტატის ციხე ჯერ ისევ ევანს-ნოჩში მდებარეობდა... და, რა თქმა უნდა, იქვე იდგა ელექტროსკამიც, რომელსაც დამცინავად „ბებერ ნაპერწკალას“ ეძახდნენ“. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს ნაწილი მომწონდა. საბოლოოდ ლუკ კოფი და მისი მონეტა, რომელსაც აქრობდა ხოლმე, დავივიწყე და გადავერთე მოთხრობაზე იმ პლანეტის შესახებ, რომლის მცხოვრებნიც, რატომღაც, წვიმის დროს კანიბალებად გადაიქცეოდნენ ხოლმე... ეს მოთხრობა დღემდე მომწონს, ასე რომ, თქვენი ხმა არ გავიგონო!
დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ სასიკვდილო განაჩენის იდეა ისევ დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად სხვა კუთხით. ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა, თუ ეს დიდი ბიჭი დამწყები ილუზიონისტი კი არა, ერთგვარი მკურნალი იქნებოდა. გულუბრყვილო მსჯავრდადებული, გასამართლებული მკვლელობებისთვის, რომლებიც არათუ არ ჩაუდენია, არამედ მათ თავიდან არიდებასაც კი ცდილობდა.
ეს ამბავი მეტისმეტად კარგი ჩანდა საიმისოდ, რომ მასთან ძილის წინ მეთამაშა. ამიტომ პირველი აბზაცი თითქმის სიტყვასიტყვით აღვადგინე, თუმცა ესეც სიბნელეში გავაკეთე, წერის დაწყებამდე კი პირველი თავი მთლიანად გონებაში დავამუშავე. მთხრობელი ნდობით აღჭურვილი პატიმრის ნაცვლად სიკვდილმისჯილთა ზედამხედველად იქცა, ლუკ კოფი ჯონ კოფად გადაკეთდა (აქვე ქედს ვიხრი უილიამ ფოლკნერის წინაშე, რომელმაც შექმნა ქრისტესმიერი პერსონაჟი ჯო კრისმასი), თაგვი კი გახდა... მისტერ ჯინგლსი.
კარგი ამბავი იყო და ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ მისი დაწერა განუზომელ ძალისხმევას მოითხოვდა. იმ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გაცილებით მარტივი რაღაცებიც ხდებოდა, მაგალითად, სცენარი „ნათების“ მინისერიალისთვის, მე კი „მწვანე მილს“ ფრჩხილებით ვეჭიდებოდი. მეჩვენებოდა, თითქოს სამყაროს ნულიდან ვქმნიდი. დიდი დეპრესიის დროს, სამხრეთის საზღვართან მდებარე სიკვდილმისჯილთა საპატიმროს შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. ცხადია, ამის გამოსწორება სათანადო კვლევით მოხერხდებოდა, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ამ კვლევას ჩემს ამბავში სასწაულის მოლოდინის განცდის გაქრობა შეეძლო. ჩემი რაღაც ნაწილი თავიდანვე აცნობიერებდა, რომ მე მჭირდებოდა არა რეალობა, არამედ მითი. ამიტომაც სიტყვების ერთმანეთზე მიბმას განვაგრძობდი და შთაგონების იმ ნაპერწკლის იმედს ვიტოვებდი, რომელიც თუნდაც მცირედ სასწაულს მოახდენდა.
სასწაული ჩემი საზღვარგარეთული უფლებების აგენტის, რალფ ვიჩინანცას ფაქსის სახით გამოჩნდა. მისი თქმით, წლების წინ ერთი ბრიტანელი გამომცემელი წიგნის სერიულად გამოცემას გეგმავდა ჩარლზ დიკენსის მიერ დამკვიდრებული ფორმით. მეკითხებოდა, დავინტერესდებოდი თუ არა მსგავსი პრაქტიკით, ოღონდ ისეთი ტონით, რომელშიც იგრძნობოდა, რომ დადებითი პასუხის იმედი დიდად არ ჰქონდა. ცხადია, ეს სწორედ ის იყო, რასაც ველოდი, რადგან მივხვდი, რომ ამ პროექტის დამსახურებით „მწვანე მილის“ დასრულებას შევძლებდი. თავი იმ რომაელ ჯარისკაცად წარმოვიდგინე, რომელმაც რუბიკონის გადალახვის შემდეგ მასზე გადებულ ხიდს ცეცხლი წაუკიდა. რალფს