-21- -
ეგზეკუცია აუქციონი ხუთ საათზე იწყებოდა. მოქალაქეებს ნივთების დასათვალიერებლად ოთხი საათიდან უშვებდნენ. მეგობრები კი სამზე გამოცხადდნენ და მთელი საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ მანქანათმშენებლების გამოფენას‚ იქვე გვერდით რომ იყო მოწყობილი.
– ისე ჩანს‚ – თქვა ოსტაპმა‚ – რომ‚ თუ მოგვესურვა‚ ხვალვე შეგვიძლია‚ ის პაწია ორთქლმავალი ვიყიდოთ. ნეტავ‚ რატომ ფასი არ აწერია? კარგია‚ როცა საკუთარი ორთქლმავალი გყავს.
იპოლიტ მატვეევიჩი იტანჯებოდა. მისი დაშოშმინება მხოლოდ სკამებს შეეძლო.
იგი სკამებს მხოლოდ იმ წუთში მოშორდა‚ როცა კათედრაზე კუბოკრულ შარვალში და რუსული კოვერკოტის ტოლსტოვკაში გამოწყობილი წვერიანი აუქციონისტი ავიდა.
კონცესიონერებმა ადგილი მარჯვენა მხარეს‚ მეოთხე რიგში დაიკავეს. იპოლიტ მატვეევიჩი საშინლად აღელდა. ეჩვენებოდა‚ სკამები ახლავე გაიყიდებაო, მაგრამ სკამების ნომერი ორმოცდასამი იყო‚ და გასაყიდად ჯერ ჩვეულებრივი სააუქციონო ნაყარ-ნუყარი – სხვადასხვა გერბიანი სერვიზები‚ საწვნე‚ ვერცხლის ლამბაქი‚ მხატვარ პეტუნინის პეიზაჟი‚ მძივების რედიკული‚ პრიმუსის სრულიად ახალი სანთურა‚ ნაპოლეონის ბიუსტი‚ ტილოს ლიფები‚ გობელენი „მონადირე გარეულ იხვებს რომ ესვრის“‚ და სხვა ნივთები გამოიტანეს.
კონცესიონერებს რაღა დარჩენოდათ‚ იმის გარდა‚ რომ ეთმინათ და ეცადათ. ცდა კი ძალიან ძნელი იყო: სკამებს თვალდათვალ ხედავდნენ; მიზანი ისე ახლოს იყო‚ რომ მის მისაღწევად მხოლოდ ხელების გაშვერა კმაროდა.
„რა ორომტრიალი ატყდებოდა‚ რა წივილ-კივილი შეუდგებოდათ‚ რომ იცოდნენ‚ ამ სკამების სახით დღეს რა განძი გაიყიდება“‚ – გაიფიქრა ოსტაპმა და აუქციონის საზოგადოება შეათვალიერა.
– ბრინჯაოს ფიგურა‚ მართლმსაჯულების განსახიერება‚ – გამოაცხადა აუქციონისტმა‚ – კარგად არის შენახული. ღირს ხუთი მანეთი. მეტს ვინ იძლევა? ექვს-ნახევარი‚ მარჯვნივ; ბოლოში – შვიდი. რვა მანეთი პირველ რიგში‚ პირდაპირ. მეორეჯერ‚ რვა მანეთი‚ პირდაპირ. მესამეჯერ‚ პირველი რიგი‚ პირდაპირ.
მოქალაქისკენ, პირველ რიგში რომ იჯდა, ფულის მისაღებად იმწამსვე ქვითრიანი ქალიშვილი გაექანა.
კაკუნობდა აუქციონისტის ჩაქუჩი. იყიდებოდა საფერფ-ლეები‚ სასახლიდან რომ გამოეტანათ‚ ბაკარის მინა‚ ფაიფურის საპუდრე.
დრო ძალიან ნელა გადიოდა.
– ალექსანდრე მესამის ბრინჯაოს ბიუსტი პრესპაპიედ გამოდგება. სხვად კი‚ მგონი‚ არაფრად. შემოთავაზებულ ფასად იყიდება ალექსანდრე მესამის ბიუსტი.
ხალხში აქა-იქ სიცილი გაისმა.
– იყიდეთ‚ წინამძღოლო‚ – დაგესლა ოსტაპმა‚ – მგონი‚ გიყვარდათ.
იპოლიტ მატვეევიჩი სკამებს თვალს არ აშორებდა და დუმდა.
– მსურველი არავინაა? ალექსანდრე მესამის ბრინჯაოს ბიუსტი აუქციონიდან იხსნება. ახლა – მეორე ფიგურა. ახლახან რომ მართლმსაჯულების ფიგურა გაიყიდა‚ მგონი‚ იმის ცალი უნდა იყოს. ვასილ‚ აჩვენე ხალხს „მართლმსაჯულება“. ხუთი მანეთი‚ მეტს ვინ იძლევა?
პირველი რიგიდან ხვნეშა მოისმა‚ ეტყობოდა‚ იქ მოქალაქეს სურდა‚ „მართლმსაჯულების“ სრული შემადგენლობა ჰქონდა.
– ბრინჯაოს „მართლმსაჯულება“ – ხუთ მანეთად!
– ექვსი! – მკაფიოდ წარმოთქვა მოქალაქემ.
– ექვსი მანეთი – პირდაპირ‚ შვიდი. ცხრა მანეთი ბოლოში‚ მარჯვნივ.
– ცხრა და ათი შაური‚ – წყნარად წარმოთქვა „მართლმსაჯულების“ მოყვარულმა და ხელი ასწია.
– ცხრა-ნახევარი‚ პირდაპირ‚ მეორეჯერ‚ ცხრა-ნახევარი‚ პირდაპირ. მესამეჯერ‚ ცხრა-ნახევარი.
ჩაქუჩი დაეშვა. პირველ რიგში მჯდომ მოქალაქეს ქალიშვილი მიაფრინდა. მოქალაქემ ფული გადაიხადა და თავისი ბრინჯაოს მისაღებად მეორე ოთახში გაჩანჩალდა.
– ათი სკამი სასახლიდან‚ – წარმოთქვა უცებ აუქციონისტმა.
– როგორ თუ სასახლიდან? – ეშმაკსაც წაუღიხარ! – გაბრაზდა ოსტაპი.
ისმინეთ და თქვენს ტყავში დაეტიეთ.
– ათი სკამი სასახლიდან. კაკლის ხის‚ ალექსანდრე მეორის ეპოქისა. სრულ წესრიგში‚ ჰამბსის საავეჯო სახელოსნოს ნახელავი. ვასილ‚ ერთი სკამი რეფლექტორთან დადგი.
ვასილი სკამს ისე უხეშად მიათრევდა‚ რომ იპოლიტ მატვეევიჩი ზეწამოიჭრა.
– დაჯექი‚ წყეულო იდიოტო! – გამწარებით წაიჩურჩულა ოსტაპმა‚ – ამას ვის გადავეკიდე! დაჯექით. თქვენ გეუბნებიან!
იპოლიტ მატვეევიჩს ქვედა ყბა აუკანკალდა. ოსტაპმა პოზა მიიღო‚ თვალებში ნათელი ჩაუდგა.
– ათი სკამი‚ კაკლის ხის. ოთხმოცი მანეთი.
დარბაზი გამოცოცხლდა‚ – ახლა უკვე ოჯახში გამოსადეგი ნივთები იყიდებოდა. ერთმანეთს ხელების აწევას აღარ აცდიდნენ. ოსტაპი კი არხეინად იჯდა.
– რატომ არ შეევაჭრებით? – ეცა მას ვორობიანინოვი.
– აქედან დამეკარგე‚ – კბილებში გამოსცრა ოსტაპმა.
– ას ოცი მანეთი‚ უკან. ას ოცდათხუთმეტი‚ იქვე‚ ას ორმოცი.
ოსტაპმა კათედრას მშვიდად შეაქცია ზურგი და კონკურენტები დაცინვით შეათვალიერა.
აუქციონი ბობოქრობდა. თავისუფალი ადგილები აღარ იყო. ერთ მანდილოსანს‚ ოსტაპისს უკან რომ იდგა‚ სკამები ძალიან მოსწონდა („რა საუცხოო ნახევარსავარძლებია. მშვენიერი ნახელავია‚ სასახლიდანაა“.) ქმარს მოელაპარაკა და ხელი ასწია.
– ას ორმოცდახუთი‚ მეხუთე რიგში, მარჯვნივ, ერთი.
ეს ფასი ეძვირათ. დარბაზი მიწყნარდა.
– ას ორმოცდახუთი ორი.
– ოსტაპი გულგრილად მისჩერებოდა ლავგარდანს.
– იპოლიტ მატვეევიჩი თავდახრილი იჯდა და ბორგავდა.
– ას ორმოცდა ხუთი, სამი.
მაგრამ სანამ შავი გალაქული ჩაქუჩი ფანერის კათედრაზე დაეცემოდა‚ ოსტაპი მიტრიალდა‚ ხელი წინ გაიშვირა