ნაწილი პირველი -
„ზღვის ეშმაკი“
არგენტინული იანვრის სულისშემხუთავი ზაფხული იდგა. ღამე ჩამოწვა. შავი ცა ვარსკვლავებით მოიჭედა. „მედუზა“ მშვიდად იდგა ღუზაზე. ღამის მყუდროებას არ არღევდა არც ტალღების შხაპუნი‚ არც ხელსაწყოების ჭრიალი. გეგონებოდათ‚ ოკეანემ ღრმა ძილს მისცა თავიო.
ორანძიანი გემის გემბანზე იწვნენ მარგალიტის ნახევრად შიშველი მაძიებელნი. მუშაობითა და მცხუნვარე მზით დაქანცულები ძილში წრიალებდნენ‚ ხვნეშოდნენ‚ ხან რაღაცას წამოიყვირებდნენ. ხელ-ფეხი ნერვიულად უთრთოდათ. ვინ იცის‚ იქნებ სიზმარშიც თავიანთ მტრებს – ზვიგენებს ხედავდნენ. ამ პაპანაქება სიცხეში ისე იღლებოდნენ‚ რომ მუშაობის დამთავრების შემდეგ გემბანზე ნავების ატანის თავიც აღარ ჰქონდათ. სხვათა შორის‚ ეს არც იყო საჭირო. არანაირი ნიშანწყალი იმისა‚ რომ ამინდი შეიცვლებოდა‚ არ არსებობდა, ამიტომაც ღუზის ჯაჭვზე გამობმულ ნავებს ღამით წყლის ზედაპირზე ტოვებდნენ. არც ქანდარა იყო გამართული‚ გემსართავი ხელსაწყოებიც ცუდად იყო დამაგრებული. გემბანის მთელი არე‚ წინაერდოსა და კიჩოს შორის‚ მოფენილი იყო მარგალიტის შემცველი ნიჟარებით‚ მარჯნოვანი კირქვის ნამტვრევებით‚ მარგალიტის მაძიებელთა ფსკერში ჩასაშვები თოკებით‚ ცარიელი, მომცრო კასრებითა და ჯვალოს ტომრებით‚ რაშიც ნაპოვნ ნიჟარებს ჰყრიდნენ.
ბიზან-ანძის გვერდით სასმელი წყლით სავსე კასრი იდგა და ზედ ძეწკვით რკინის ტოლჩა ეკიდა. კასრის ირგვლივ დაღვრილ წყალს გემბანზე მუქი ლაქა დაეტოვებინა.
დროდადრო ხან ერთი მაძიებელი წამოდგებოდა‚ ხან მეორე. ძილ-ღვიძილში ფეხს ადგამდა მძინარეებს‚ წყლიან კასრთან ტორტმანით მივიდოდა‚ თვალგაუხელელად შესვამდა ერთ ტოლჩა წყალს და‚ სადაც მოუწევდა‚ იქ მიეგდებოდა‚ თითქოს წყალი კი არა‚ სუფთა სპირტი დაელიოს. მაძიებლებს წყურვილი სტანჯავდა: დილით‚ მუშაობის წინ‚ ჭამა სახიფათო იყო‚ რადგან წყალში ადამიანი დიდი წნევის ქვეშ არის, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში‚ სანამ წყალში არ ჩამობნელდებოდა‚ მშივრები მუშაობდნენ და მხოლოდ ძილის წინ შეეძლოთ დანაყრება. მათი საჭმელი კი შაშხი იყო.
ღამის ვახტზე ინდიელი ბალთაზარი იდგა‚ „მედუზას“ მფლობელის‚ პედრო ზურიტას უახლოესი თანაშემწე.
ახალგაზრდობაში ბალთაზარი მარგალიტის განთქმული მაძიებელი იყო; წყალქვეშ ოთხმოცდაათ‚ თითქმის ას წამს ძლებდა – ჩვეულებრივზე ორჯერ მეტს.
– რატომ? იმიტომ‚ რომ ჩვენს დროს იცოდნენ‚ როგორ ესწავლებინათ და‚ ამას გარდა‚ სწავლას ბავშვობიდანვე გვაწყებინებდნენ‚ – ეუბნებოდა ბალთაზარი მარგალიტის ახალგაზრდა მაძიებლებს‚ – ჯერ კიდევ ათი წლის ბიჭუნა ვიყავი‚ როდესაც მამამ სასწავლებლად ტენდერზე ვინმე ხოზეს მიმაბარა. მას თორმეტი შეგირდი ჰყავდა. გვწვრთნიდა ასე: წყალში თეთრ ქვას ან ნიჟარას ჩააგდებდა და გვიბრძანებდა: აბა‚ ჩაყვინთე და ამოიღე. ქვას კი თანდათან უფრო ღრმა წყალში ისროდა. არ ამოიღებდი და – ლინით
ან მათრახით აგიჭრელებდა ზურგს‚ ან ძაღლის ლეკვივით გისროდა წყალში. სხვა რა გზა იყო‚ უნდა გეყვინთა. ასე გვასწავლა ხოზემ ყვინთვა. შემდეგ გვასწავლა‚ როგორ უნდა გაგვეძლო წყალქვეშ დიდხანს. ეს ძველი‚ გამოცდილი მაძიებელი წყლის ფსკერზე ჩაეშვებოდა და ღუზაზე კალათას ან ბადეს მიაბამდა. ჩვენ კი უნდა ჩაგვეყვინთა და მოგვეხსნა ის. სანამ არ მოვხსნიდით‚ ზევით ცხვირს ვერ ამოვყოფდით. აბა, გაგვებედა‚ ლინი ან მათრახი მზად იყო.
უმოწყალოდ გვცემდნენ. ბევრმა ვერ გაუძლო. მე მაძიებლებში პირველი ვიყავი, კარგ ფულსაც ვშოულობდი.
როდესაც ბალთაზარი მოხუცდა‚ მარგალიტის მაძიებლის სახიფათო ხელობას თავი გაანება. მარცხენა ფეხი ზვიგენის კბილებით ჰქონდა დასახიჩრებული‚ ფერდი კი ღუზის ჯაჭვს გამოეფლითა. ბუენოს-აირესში ერთი პატარა დუქანი ჰქონდა და მარგალიტებით‚ მარჯნებით‚ ნიჟარებითა და ზღვის ნაირ-ნაირი იშვიათობებით ვაჭრობდა. მაგრამ ხმელეთზე მოწყენილობა გულს უწყალებდა და ამიტომ ხშირად გაჰყვებოდა ხოლმე მარგალიტის მაძიებლებს ზღვაზე. მრეწველები აფასებდნენ მის გამოცდილებას. ბალათაზარზე უკეთ არავინ იცოდა ლა-პლატას ყურე‚ მისი ნაპირები და ის ადგილები‚ სადაც მარგალიტიანი ნიჟარების პოვნა შეიძლებოდა. მარგალიტის მაძიებელნი პატივს სცემდნენ და ბერიკაცსაც ყველა მადლიერი ჰყავდა – მაძიებლებიცა და მრეწველებიც.
ახალგაზრდა მაძიებლებს ის თავისი რთული ხელობის ყველა ხერხს ასწავლიდა: როგორ შეეკავებინათ სუნთქვა‚ როგორ მოეგერიებინათ ზვიგენის თავდასხმა და‚ თუკი ბედი გაუღიმებდა‚ იმასაც გაუმხელდა‚ როგორ გადაემალათ პატრონისგან იშვიათი მარგალიტი.
ხომალდის მფლობელ-მწარმოებლები ბალთაზარს კარგად იცნობდნენ და კიდეც აფასებდნენ‚ რადგან მარგალიტს ერთი შეხედვით უშეცდომოდ შეაფასებდა და საუკეთესოებს პატრონს სწრაფად გადაურჩევდა.
ამიტომ მწარმოებლებს იგი ხშირად აჰყავდათ თანაშემწედ და მრჩევლად.
ბალთაზარი მომცრო კასრზე იჯდა და მსხვილ სიგარას დინჯად აბოლებდა. ანძაზე მიმაგრებული ფარნის სინათლე სახეზე ეცემოდა. მას ნამდვილი არაუკანელის
სახე ჰქონდა – მოგრძო სახით‚ სწორი ცხვირით და დიდრონი, ლამაზი თვალებით. ბალთაზარი ნელა ხუჭავდა და ახელდა თვალებს. თვლემდა. მაგრამ, როცა მის თვალებს ეძინა‚ ყური ფხიზლობდა და‚ თუ რაიმე საფრთხე ელოდა‚ უმალვე აფრთხილებდა‚ თუნდაც ღრმა ძილში ყოფილიყო წასული. ახლა ბალთაზარს მხოლოდ მძინარეთა ხვნეშა და ლუღლუღი ესმოდა. სანაპიროდან მოდიოდა მარგალიტის შემცველი საპინების ლპობის სუნი‚ – მათ