* * * ამ წიგნისა და ჩემი ორი წინა წიგნის რედაქტორი გახლავთ მისტერ უილიამ ტომფსონი, რომელიც გონებამახვილი და ჭკვიანი ადამიანია. მან დიდი შრომა ჩადო ამ რედაქტირებაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
ს.კ.
კოლორადოს შტატის ზოგიერთ კურორტზე მსოფლიოში ულამაზესი სასტუმროებია, მაგრამ მათ შორის არ არის ის სასტუმრო, რომლის შესახებაც ამ წიგნში იქნება საუბარი. სასტუმრო „ოვერლუკი“ და მასთან დაკავშირებული ადამიანები მხოლოდ მწერლის წარმოსახვაში არსებობენ.
„ოთახში აბანოზის ხის ვეებერთელა შავი საათიც იყო, რომლის ქანქარა აქეთ-იქით მძიმედ მოძრაობდა და მონოტონურად წიკწიკებდა. მაგრამ როდესაც დარეკვის ჟამი დგებოდა, საათი სპილენძის ფილტვებიდან ისეთ მკაფიო, ხმამაღალ, უაღრესად მუსიკალურ და უცნაურ ბგერებს ამოაფრქვევდა, რომ ორკესტრის მუსიკოსები იძულებულნი იყვნენ, დაკვრა შეეწყვიტათ და საათისთვის ყური მიეგდოთ. ვალსის მოცეკვავე წყვილებიც ძალაუნებურად ჩერდებოდნენ და იქ მყოფ მხიარულ საზოგადოებაში ხანმოკლე დაბნეულობა ისადგურებდა. აუცილებლად შენიშნავდით, საათის რეკვისას ყველაზე არასერიოზული და თავქარიანი ახალგაზრდა ყველაზე მეტად ფითრდებოდა. ასაკოვანი და დარბაისელი ადამიანი კი შუბლზე ხელს გადაისვამდა, თითქოს ამით არეულ-დარეული ფიქრების მოცილება სურდა. ხოლო შემდეგ, როდესაც საათის ხმა საბოლოოდ მიწყდებოდა, ხალხს მსუბუქი სიცილი გადაუვლიდა ხოლმე. მუსიკოსებს თავიანთ ნერვიულობაზე ეღიმებოდათ და თითოეული ჩურჩულით იფიცებდა, საათის შემდეგი ჩამორეკვა ჩემზე ასე აღარ იმოქმედებსო. მაგრამ სამოცი წუთის შემდეგ ისევ კრთებოდნენ და იგივე დაბნეულობა ისადგურებდა.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ირგვლივ მაინც საუცხოო მხიარულება სუფევდა“.
ედგარ ალან პო, „წითელი სიკვდილის ნიღაბი“
მიძინებული გონება ურჩხულებს წარმოშობს.
გოია
რაც მოსახდენია, მოხდება. კაცი თავის ბედს ვერ შემოუვლისო.
ანდაზა