1
მეჩვიდმეტე ავენიუსა და ბროდვეის კვეთაზე, თავხედი ყვითელი ტაქსების ბანდა მწვანე შუქის ანთებამდე ღრიალით დაიძრა და აინუნშიც არ ჩაუგდია ჩემი უშედეგო მცდელობები, დავუფლებოდი საკუთარ მანქანას. „კონუსი, აქსელერატორი, სიჩქარე (ნეიტრალურიდან - პირველში? თუ პირველიდან მეორეში?), კონუსი“ - ვიმეორებდი როგორც შელოცვას, რომელიც დიდად ვერ მანუგეშებდა და კიდევ უფრო უძლური იყო, იმ მოგუგუნე მანქანების ნაკადში დამხმარებოდა. პატარა ავტომ ორჯერ დაიღრინა, მოსწყდა და წინ, გზაჯვარედინზე გავარდა. გული ლამის ამომივარდა. მოულოდნელად მანქანა დინებას შეუერთდა და მეც სიჩქარეს ვუმატე, თან - როგორ! ქვემოთ დავიხედე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, მეორე სიჩქარით მივდიოდი, მაგრამ ამ დროს წინა მანქანის საბარგული ავისმომასწავებლად მოახლოვდა და მაიძულა, მთელი ძალით დავწოლოდი მუხრუჭს - ფეხსაცმლის ქუსლიც მოვიტეხე. ჯანდაბა! მორიგი შვიდასდოლარიანი ფეხსაცმელი შეეწირა ჩემს სრულ უუნარობას, მოხდენილად ვმართო რთული სიტუაციები. ამ თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა. მანქანა რომ გაჩერდა, თითქოს შვებასავით ვიგრძენი (ჩანს, საბედისწერო დამუხრუჭებისას კონუსი დამავიწყდა). იმისთვის, რომ მანოლოს1 ფეხსაცმელი გამეხადა და უკანა სავარძელზე მომესროლა, სულ რამდენიმე წამი მქონდა, საკმაოდ მშვიდი წამები, - თუ არ ჩავთვლით გაბმულ საყვირებსა და „დედის“ ათასგვარ ვარიაციას, ყველა მხრიდან რომ დამატყდა თავს. გაოფლილ ხელისგულებს ვერაფერზე შევიწმენდდი, გარდა გუჩის2 ზამშის შარვლისა, რომელიც თეძოებზე ისე მჭიდროდ მეტმასნებოდა, ბოლო ღილაკის შეკვრისთანავე ვგრძნობდი, როგორ იწყებდა ფეხები დაბუჟებას. რბილ ზამშს სველი თითების კვალი დააჩნდა. პიკის საათისას, ქალაქის ცენტრში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ხიფათი იყო ჩასაფრებული, ვცდილობდი ღია, მექანიკური, ოთხმოცდაოთხიათასიანი კაბრიოლეტი მემართა, - ამას უსიგარეტოდ ვერ გადავიტანდი.
- გოგო, გაინძერი! - შავტუხა მძღოლმა, ხშირი ბალანი რომ მოუჩანდა მაისურიდან, თავი გაიგიჟა - ავტოსკოლაში ხომ არ გგონია თავი?! შენი დედაც!
ხელი ცახცახით ავწიე და შუათითი ვუჩვენე, შემდეგ შევტრიალდი და ყურადღება აღარ მიმიქცევია. ერთადერთი რამ მადარდებდა მხოლოდ: რაც შეიძლება სწრაფად ამევსო ფილტვები ნიკოტინით. თითები ისევ დამენამა და ასანთის ღერები მიცვიოდა ხელიდან. ბოლოს სიგარეტს მოვუკიდე, მაგრამ მწვანე აინთო. იძულებული გავხდი, სიგარეტგაჩრილს მემართა საჭე, „კონუსი, აქსელერატორი, სიჩქარე (ნეიტრალურიდან პირველში? თუ პირველიდან მეორეში?), კონუსი“ და ყოველი ჩასუნთქვისას სიგარეტს ვექაჩებოდი. სამი კვარტალი გავიარე, სანამ მანქანა მწყობრში ჩადგებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი სიგარეტი გამომეღო, მაგრამ დაფერფლება ვეღარ მოვასწარი და მისი გრძელი, ჰაეროვანი ფერფლი ზამშის შარვალზე სველი თითებისგან დატოვებულ ნაკვალევს დაეცა. არაჩვეულებრივია. სანამ გავიაზრებდი, რომ სამიოდე წუთში, მანოლოს ფეხსაცმლიანად, სულ სამი ათას ასი დოლარის ნივთები გადავყარე წყალში,- მობილურის ხმა შემომესმა. და თუმცა იმ წუთებში მთელი არსებით მჯეროდა, ცხოვრებაში უარესი არაფერი შემემთხვეოდა, აბონენტის ნომერმა დაამტკიცა, რომ ვცდებოდი: თვით იგი, მირანდა პრისტლი, ჩემი უფროსი რეკავდა.
- ანდრეა! ანდრეა! გესმით ჩემი, ანდრეა? - მოვახერხე ჩემი „მოტოროლა“ გამეხსნა, რაც ადვილი არ იყო, რადგან ორივე ხელი და (შიშველი) ტერფები მძღოლის სხვადასხვა ფუნქციის შესრულებით მქონდა დაკავებული. ტელეფონი ყურთან მხრით მივიბჯინე და ფანჯრიდან მოვისროლე სიგარეტის ნამწვი, რომელიც ლამის ველოსიპედისტს მოხვდა. სანამ გამისწრებდა, რამდენჯერმე ერთობ ძველმოდურად შემაგინა: „შენი დედაც“.
- გისმენთ, მირანდა. გამარჯობა, მშვენივრად მესმის თქვენი.
- ანდრეა! სად არის ჩემი მანქანა? ავტოფარეხში აქამდე არ მიგიყვანიათ?
როგორც იქნა, შუქნიშანზე წითელი აინთო. ალბათ - დიდი ხნით. მანქანა ისე გავაჩერე, არაფრისთვის და არავისთვის დამირტყამს. შვებით ამოვისუნთქე.
- მირანდა, სწორედ ახლა მანქანაში ვზივარ. რამდენიმე წუთში ავტოფარეხში ვიქნები, - მივხვდი, ნერვიულობდა და ალბათ ამიტომ მირეკავდა. დავარწმუნე, პრობლემა არ შემქმნია, მეც და მანქანაც წესრიგში ვართ და მალე ადგილზე ვიქნებითმეთქი.
- ჰო, აი, კიდევ რა, - უხეშად შემაწყვეტინა - მინდა, ოფისში დაბრუნებამდე მედელინი ჩემთან სახლში გაიყვანო. წკაპ! და მობილური დადუმდა. რამდენიმე წამით ტელეფონს დავაშტერდი, მაშინ ვერ მივხვდი, რომ სრულებით შეგნებულად გამითიშა, რადგან ჩათვალა, რომ ყველაფერი ნათქვამი ჰქონდა. ვინ ოხერია მედელინი? სად არის ახლა? ნეტა თუ იცის, რომ უნდა მივაკითხო? რატომ ბრუნდება მირანდას ბინაში? და ღვთის გულისთვის, რისთვის ამკიდა ეს ყველაფერი მირანდამ, რომელსაც მძღოლიც ჰყავს, ეკონომიც და ძიძაც?
გამახსენდა, რომ ნიუიორკში საჭესთან ტელეფონით საუბარი კანონით ისჯება, მე კი ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა, რომელიმე ბეჯით პოლიციელს გადავწყდომოდი, ამიტომ პირველ სავალ ხაზზე გადავედი და ავარიული ჩავრთე. „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“ - საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი. ისიც კი გავიხსენე, რომ სანამ ხელის მუხრუჭს გამოვიყენებდი, პედლისთვის ფეხი უნდა ამეშვა. კარგა ხანი იყო, რაც მანქანა მართვის მექანიკური გადამცემით აღარ მეტარებინა, უფრო ზუსტად -