სამნი ქალაქში 1.
...შოკია: მაკა რომაელი ლეგიონერი აღმოჩნდა! აი ფილმებში რომ მყავს ნანახი, ისეთი. სახე არ უჩანს, თავზე არაფერი ახურავს, მელოტი ტიპია. ვიცოდი, რომ კაცი იქნებოდა, რა მიხვედრა ამას უნდოდა:) ძალიან შორს ჩავიდა. მეოთხე დღეა, მარტო ლიმნიან წყალს სვამს. მე პრინციპში კარგად ვარ. ცოტა მოწყენილი ვიყავი, ბევრი არაფერი ხდება, ჩუმი ქალაქია, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია - უამრავი დრო მაქვს ფიქრისთვის. შემდეგი კურსი ზეგ აქვს. არ დაწერო ამაზე.
გიგი და მაკა უკვე მეორე წელია ბელგიაში ცხოვრობენ. გიგი მხატვარია, მაკა - კლასიკური გრანტიჭამია, რომელიც რაღაც უცნაური და გამოუმჟღავნებელი პროექტების წყალობით დადის ევროპაში და ქმარსაც თან დაათრევს. გიგი ექვსი თვეა, აღარ ხატავს ( „ დროებითი პაუზა მაქვს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემთვის “ ), მაკა წუწუნებს: „ არტპროექტებს აღარ აფინანსებენ “ . როცა ერთი წლის ვნახე მეჰელენში, შვიდ-რვა საათს ატარებდა თავის სტუდიაში და შინ ფერმკრთალი, მშიერი და გაღიზიანებული ბრუნდებოდა. ერთხელ ვკითხე, რაზე მუშაობ-მეთქი და ბუნდოვნად მიპასუხა: სივრცეს ვიკვლევ ობიექტებს შორისო... მახსოვს, მაკას ავადმყოფური იერი ქონდა და ჩემი ზრდილობიანი შეშფოთება გიგისთანაც გამოვთქვი (ამათ თუ სულ ბოდიშებით არ ელაპარაკე, აუცილებლად გაგებუტებიან).
- გადის ხოლმე და ფერსაც ამიტომ კარგავს, - თქვა გიგიმ.
- სად გადის? - დავიბენი.
- ტანიდან. რა სად.
მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი სიფერმკრთალე უჭმელობის ბრალი იყო - რამდენჯერაც არ ვნახე, სულ ცხელ ლიმნიან წყალს სვამდა, ჭამით კი - მოხარშულ კომბოსტოს.
- იმიტომაც არ ვჭამთ, რომ არ დავმძიმდეთ, - ამიხსნა გიგიმ, თუმცა, სიმართლე გამხელილი სჯობს, თვითონ ნამდვილად არ მჯდარა ლიმონიანი წყლისა და მოხარშული კომბოსტოს მარხვაზე. მართალია, თავს ღირსეულად იკავებდა მაკას თანდასწრებით, მაგრამ ერთხელ, როცა ძეხვი აღმოაჩინა ჩემს მაცივარში, არც დაფიქრებულა, უჭოჭმანოდ გადასანსლა. ამ დროს, რომ გეკითხა, ვეგეტარიანელი იყო.
- ხორცი როგორ უნდა ჭამო, გული არ გერევა? - მეჩხუბებოდა ცოლის თანდასწრებით.
„ მედიტაციური ვარჯიშებით “ ჯერ კიდევ შვეიცარიულ ცუგში ცხოვრების დროს დაინტერესებულან (მაკა დაინტერესდა, თორემ გიგის რა შეეძლო), სადაც მორიგი გრანტით მოუწიათ ყოფნა. მაკა ინტერნეტში წაწყდომია ვიღაც შენიღბული და ტაქტიანი დემაგოგის აგნოსტიკურ და მსუბუქად ეზოთერულ ლექცია-სავარჯიშოებს და მალე მის აქტიურ მხარდამჭერ-მსმენელად ქცეულა. მთელი წელი უვლიათ ამ კაცის პრივატულ, ნახევრად პრივატულ და სრულიად არაპრივატულ საჯარო ლექციებზე (130 ევრო წელიწადში) და ლანჩის პატივიც რგებიათ მასთან ერთად ხუთჯერ თუ ექვსჯერ. „ ანათებს ტიპი, - გული გადამიშალა გიგიმ, - აშკარად ხედავ, როგორ უშვებს პოზიტიურ ბიოენერგიას “ , თუმცა, როცა დიდი ყოყმანის შემდეგ, გურუს ფოტო მაჩვენა საიტზე, მანათობელი ღვთაების მაგივრად, ერთი ხილულად მოაფერისტო იერის მქონე ოქროსფრად თმაშეღებილი ბერიკაციღა შემრჩა... მაგრამ რა ვიცი, იქნებ საიტი იყო უხარისხო.
მაკას წარმატებული ვარჯიშებისა და „ სულიერი წინსვლის “ შესახებ გიგი დეტალურად მაწვდიდა ცნობებს, რადგან ჩემს მეტი ფაქტობრივად არც არავინ ყავდა, ვინც ზურგს უკან არ დასცინებდა.
მაგრამ, მგონი, ახლა სწორედ ამას ვაკეთებ... ამ დროს, მართლა არ ვაპირებდი გიგიზე და მაკაზე წერას. და, პრინციპში, არც ახლა ვაპირებ.
ამ მელანქოლიურ ბელგიურ ქალაქში ჩემი აბსტრაქტული პროფესიის გამო მოვხვდი და ძალიან მინდოდა, ეს სიმშვიდე ახალი მოთხრობის დასაწერად გამომეყენებინა. ყველაფერი მქონდა ამისთვის: ბრაბანტის ჰერცოგთა სასახლე (სავარაუდოდ, თავისი ლოენგრინით და ელზათი), ოთახი სხვენში, მაგიდა, დღიური სარჩო, ნათურა, საწოლი, ინდივიდუალური მაცივარი და საზიარო ტუალეტი, საიდანაც პირველივე ღამეს შემომესმა მეზობლის მოულოდნელი კუჭგახსნილობის შედეგად წარმოქმნილი მგრგვინავი ქარების ხმა. რა უნდა გვექნა, თხელი კედლები იყო, მაგრამ არ დავმალავ, შურისძიების საშუალება მეც არაერთხელ მომეცა...
ჩემმა მასპინძლებმა ყველაფერი იღონეს, რათა თავი მშვიდად, კომფორტულად და მწერლურად მეგრძნო. მაგრამ როგორც არ ვეცადე, ერთი წინადადებაც ვერ გამოვადნე. მთავარი შეცდომა ის იყო, რომ გიგისთვის არ უნდა შემეტყობინებინა ჩემი აქ ჩამოსვლის ამბავი (ერთი საათიც არ უნდა მეჰელენიდან ტურნაუტამდე ჩამოსვლას). თუმცა ჩემმა გიჟურმა ქვეყანამაც საკმარისად მანერვიულა - ჩემი წამოსვლის წინ უკვე პიკისთვის მიეღწია წინასაარჩევნო ისტერიკას და პოლიტიკისგან აგზნებულ მოსახლეობას ბრძოლის ველად ექცია ინტერნეტპორტალები. შუადღისას ჩემმა მასპინძელმა შემომიარა და დეტალურად ამიხსნა, როგორ უნდა მეცხოვრა ამ ქალაქში; სად მეჭამა, სად მექირავებინა ველოსიპედი (თუკი გადავწყვეტდი), სად დამელია ბელგიური ლუდი და რომელი გასაღებით გამეღო ჩემი Begiijnhofი. ჰო, იმ უცნაურ და დამაფიქრებლად ლამაზ ქუჩაზე, რომელზეც მე ვცხოვრობდი, ღამის თორმეტ