1
როგორ დავიწყოთ?
ეს დღე უწყინარი სატელეფონო გზავნილით დაიწყო:
ჩაი ხომ არ დაგველია?
ჩაის მოყვარული არასდროს ყოფილა, პირიქით, რაც წონაში მოიმატა, მხურვალე სითხეებს ჭარბი ოფლიანობის გამო ერიდებოდა – ჩაი მხოლოდ საბაბი იყო, საიდანღაც ხომ უნდა დაეწყო.
სანამ ამ შეკითხვას მიწერდა, ორჯერ შეხვდა გაურკვეველი შინაარსის საზოგადოებრივ თავყრილობაზე და საჯაროდ მოუწონა თამამი რეპლიკა (ანა ღირსეულად, არგუმენტირებულად და, რაც მთავარია, გამართული ქართულით ეპაექრა რომელიღაც აგრესიულ ჩინოსანს).
– სიამოვნებით – მოუვიდა ანასგან...
ცხადია, კეთილგანწყობილი სმაილის თანხლებით.
სანამ შეხვედრის ადგილსა და დროზე შეუთანხმდებოდა, სანდრო კარგად უნდა დაფიქრებულიყო, რადგან ზუსტად უნდა სცოდნოდა, რამდენად საშიში იქნებოდა მისთვის ცოლი: ჯერ ქეთის ადგილსამყოფელი უნდა დაედგინა და მერეღა მიეწერა ანასთვის. უსაფრთხო თავისუფლებით ტკბობას (დიდი-დიდი, საათნახევრით) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუკი ცოლისგან დაცულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა. სანდრომ გონების თვალით დაუარა ქუჩებს (ამ დროს მისი ცერა თითი ნერვიულად და მომლოდინედ დაჰკანკალებდა ანასთვის მისაწერ ასოებს), სხარტად და ძრწოლით გაიხსენა ქეთის შემოფეთებისგან დაცული კაფე-რესტორნები და შესაძლო თავზე დადგომისგან დაზღვეულ მრავალ ადგილს შორის ორჯერ ნაცადი და კარგად დაბედებული, ეკლექტური გასტრონომიული ხედვის მქონე რესტორანი ამოარჩია.
ვერ ვიტყვი, გადასარევი დრო ატარა-მეთქი – მთელი საღამო მუცელშეწეული იჯდა და დიდი მონდომებით თამაშობდა ძალიან გამხდარს, თუმცა ტყუილად ნერვიულობდა – ანას უკვე მუცლიანად მოწონდა.
მართალია, ანა ისეთი გოგო არ იყო, რომელიც ჩაცმულობით შეაფასებდა მამაკაცს, მაგრამ ცალი თვალით მაინც აღუნიშნა ზოგიერთი დეტალი. მას, ჩვეულებრივ, უფრო თავისუფლად ჩაცმულ კაცებთან ჰქონდა ურთიერთობა, სანდროს სახით კი მდიდრულად და გემოვნებით აღკაზმული, სარეკლამო ბანერივით მოლაპლაპე ადამიანი გაიცნო. რამდენჯერაც ნახა, ამ კაცს ყოველთვის ასე ეცვა (კინაღამ ჰკითხა – მარტო ასეთი ტანსაცმელი გაქვსო?), მაგრამ დაცულ ტერიტორიაზე გამოცხადებულ სანდროს იმდენად უხდებოდა ცისფერი პიჯაკ-შარვალ-ჟილეტი (ზედ წეთელი ჰალსტუხით), რომ ანას ერთბაშად მიავიწყდა თავისი ცხოვრების ყველა ყოფილი თავისუფლად ჩაცმულ-გახდილი.
ჰო, სწორედ ეს სჭირდებოდა ახლა: კაცი – გამოწყობილი წარმატების უნიფორმაში (სანდროს თითქოს თავზე დასციმციმებდა უხილავი სარეკლამო სლოგანი: კეთილდღეობა, სტაბილურობა, ოპტიმიზმი.).
ანა არც იმ კატეგორიის ქალებს მიეკუთვნებოდა, შეფასების მიზნით თუ ინსტინქტურად ახალგაცნობილი მამაკაცის უკანალისკენ რომ ეპარებათ თვალი, მაგრამ ამჯერად – წმინდა ცნობისმოყვარეობის გამო – მზერა წამიერად შეუყოვნდა სანდროს ქვედატანზე და ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე გამოუტანა განაჩენი: „ცოტა მიბრტყელებული ტრაკი აქვს, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ბიჭია“.
თავად ანას პარამეტრები სანდროს ჯერ კიდევ გაცნობის დღეს შეესწავლა. ახლაც შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად და ტაქტის ფარგლებში აკვირდებოდა ყველა იმ დეტალს, რომელთა აღქმა-გაცნობის საშუალებაც საჯარო სივრცეში არ მიეცა. აგერ უკვე მერამდენე დღეა არ ასვენებდა ერთი ბანალური შეკითხვა: ანას დიდი ლიფი ეცვა თუ ეს მისი ბუნებრივი ზომა იყო?
სანდრო შიშებად და ჯანსაღ ინტერესად იხლიჩებოდა.
რისი ეშინოდა?
A) ქეთის მოულოდნელი გამოჩენის.
B) ქეთის დარეკვის.
მეორე, B-პუნქტი უფრო ნაკლებად აღელვებდა, რადგან ბევრჯერ ნაცადი და სრულიად ლეგიტიმური პასუხი ჰქონდა მომზადებული: შეხვედრაზე ვარ, გადმოგირეკავ. არანორმალური უნდა ყოფილიყავი, რომ ამ სიტყვების თქმის შემდეგაც ჩაძიებოდი საქმეებითა და შეხვედრებით გადატვირთულ ქმარს: „სად ხარ? ვისთან ხარ?“
ცხადია, ბევრად უფრო მშვიდად იქნებოდა, ტელეფონი რომ გამოერთო, მაგრამ თუკი რაიმეს გაკეთება არ შეიძლებოდა (თან კატეგორიულად), სწორედ ეს იყო: გათიშული ტელეფონი აუცილებლად აღძრავდა სახიფათო ეჭვებს, მსოფლიოში ყველაზე მშვიდ ცოლსაც აუშლიდა ნერვებს და შინ მისვლაც გაჭირდებოდა. ასე რომ, ჯობდა, არც ეფიქრა ტელეფონის გამორთვაზე... ერთადერთი, სანდოობის ინტონაციაზე უნდა ეზრუნა.
ამჯერად საჩუქრად ერგო სრული საათი და ოცდათხუთმეტი წუთი (სწორედ ეს დრო დაჰყვეს რესტორანში).
თუკი ოსტატურად მიმალულ ომარს არ ჩავთვლით (სანდროს, რატომღაც, არ უნდოდა, რომ თავის მძღოლიანად ჩვენებოდა ანას), არც გარეთ შეჰფეთებია ვინმე არასანდო; ანა სწრაფად და მოხდენილად შესვა ტაქსიში და რახან ჩქარობდა, მძღოლს იმაზე მეტი შეუყარა, ვიდრე ეკუთვნოდა.
ანა მშვიდობიანად წავიდა.
ახლა თამამად შეიძლებოდა მუცლის გამობერვა.