ათი დღე
14 ოქტომბერი
...
ლადო თხუთმეტ (ძველი სტილით, ხუთ) ოქტომბერს გარდაიცვალა. დილის ცხრის ნახევარზე. შვილებმა უარი თქვეს გაკვეთაზე ( „ მეცოდება “ , უთქვამს უფროსს), თუმცა რატომღაც ყველა ერთსა და იმავეს გაიძახოდა, გული გაუსკდაო. როგორც ჩანს, ტყუილად არ ღეჭავდა ვალიდოლს. ცხადია, ინერვიულა, გადანაცვლებული დღეები, დროულად ვერაღებული ჯილდო, ჩამოუსვლელი სტუმრები... ცოტა ხომ არაა, კიდევ კარგად გაუძლო. ამ დროს, ბოლო შეხვედრის დროს შესაშურად ყოჩაღად გამოიყურებოდა. რას ვიფიქრებდი, რომ ვეღარასდროს ვნახავდი.
შემეცოდა რომელია, შეიძლება ითქვას, შოკში ჩავვარდი. მიზეზებს არ ჩამოვთვლი - რატომ. დაკრძალვის ორგანიზება ჟღენტს დაევალა. აუტანელი იყო იმის ყურება, თუ როგორ ემლიქვნელებოდა ლადოს უფროს შვილს (ამბობდნენ, რომ სწორედ ის ჩაიბარებდა ფაბრიკას). მე კი ასე გადავწყვიტე: „ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემით არ წავალ. გამაგდონ “ .
ნუცამ ლადოს გარდაცვალების დღესვე შემომთავაზა ნიშნობის გადადება, ყველა თავ-თავიანთი კალენდრის დალაგებით იყო დაკავებული და ჩვენთვის არავის ეცალა.
- გუშინ პირველად მეძინა ნორმალურად, - მითხრა, - აღარ შემეძლო ამაზე ფიქრი. დავიტანჯე სტუმრების სიის რედაქტირებით.
ერთკვირიანი ინტერვალის შემდეგ, პირველად არ მეთქვა სექსზე უარი.
- ალბათ, დავხოცავდით იმ ათ დღეში ერთმანეთს, - თქვა, - ნიშნობა კი არა, შენი ნახვაც არ მომინდებოდა. კარგია, რომ გაუქმდა.
ჩვენთვის - კი (მართლაც, კაცმა არ იცის, ამ ათ დღეში - ნერვულ ფონზე - რამდენ სისაძაგლეს ვეტყოდით ერთმანეთს: ან მას მოუწევდა გაქცევა, ან მე), მაგრამ ლადოსთვის? არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული. თუკი კაცს თხუთმეტ ოქტომბერს ეწერა სიკვდილი, კალენდარი რომ არ შეცვლილიყო, სავარაუდოდ კიდევ ათ დღეს იცოცხლებდა, ეს კი სულაც არაა ცოტა ოთხმოცდახუთი წლის მოხუცებულისთვის.
- ნუღარ ფიქრობ ამ სისულელეებზე, - მეჩხუბა ნუცა, - რა შუაშია კალენდარი!
ჰო, მართლაც... რა შუაშია, მე ხომ ფატალისტი არა ვარ.
ლაშა ბუღაძე
2011, ნოემბერი