Freudland შეუსრულდა თუ არა ჩემს ძმისშვილს თექვსმეტი წელი, მამამისმა, ჩემმა ძმამ, არცთუ ხუმრობით, რაღაცნაირი კატეგორიულობით მთხოვა დავხმარებოდი.
- ჩემგან ტრავმული იქნება, - მითხრა, - შენგან არა, თანხას ჩემს თავზე ვიღებ, გაყვები, მეტი არაფერი.
- უკვე დროა? - გამიკვირდა, რადგან ჯერაც ბავშვად მივიჩნევდი ძმისშვილს.
მართალია, მამამისის მზრუნველ ხელს უკვე მოესწრო მისი გაპარსვა (ოღონდ საბრალო ბიჭი მერე ორი კვირა ტუჩზეხელაფარებული დადიოდა, რადგან საშინლად რცხვენოდა თავისი უღინღლო და მოლაპლაპებული სახის), მაგრამ მიუხედავად ამისა, ზრდასრულ მამაკაცს მაინც არ ჰგავდა.
- ჯერ ერთი, ითხოვს, - თქვა მამამისმა, - და მეორეც, არ მინდა, ცუდად დაამახსოვრდეს, კაცმა არ იცის, ვინ შეხვდება, ვის გადაეყრება, სად წაათრევენ და შემდეგ როგორ აისახება ეს ყველაფერი მის ფსიქიკაზე. წარმოიდგინე, რამდენს დაუმახინჯეს ასე გონება! ამიტომ მინდა, ამ საკითხს სუფთად და კანონიერად მივუდგე, დაცულ და სანდო გარემოში გაჰყვე, მით უმეტეს, რომ აქებენ.
მივხვდი, რა მიაჩნდა „ დაცულ და სანდო გარემოდ “ , რადგან ბევრი აქებდა ამ უცნაურ ადგილს. არა, „ ბევრი “ გადაჭარბებული სიტყვაა - ძირითადად სნობები აქებდნენ, თორემ კრიტიკოსები როგორ არ ჰყავდა (ახალ ხილს, მოგეხსენებათ, ჩვენში ყოველთვის დიდი სკეფსისით სინჯავენ), თუმცა, რახან კარგად ვიცნობდი ჩემი ძმისა და მისი ცოლის, ესე იგი, ჩემი რძლის ცხოვრებისა და აზროვნების სტილს, სავსებით ბუნებრივად მივიჩნიე, რომ საბას (ჩემი ძმისშვილის სახელია) სწორედ ასეთ, ვერ ვიტყვი, უსიამოვნო, მაგრამ საკმაოდ დამაფიქრებელ გამოცდას მოუწყობდნენ.
- ოღონდ, გემუდარები, დედაჩემთან არ წამოგცდეს, - შემეხვეწა ჩემი ძმა, - ამ ქალის ქაქანის თავი არა მაქვს.
რატომ უნდა წამომცდენოდა, რა სისულელეა! საბას პარსვაზე რა მოაწყო და, წარმომიდგენია, ეს რომ გაეგო, რას დაატრიალებდა. დედა ანუ საბას ბებია, ჯიუტად მოითხოვდა საბას საულვაშე ღინღლის გაპარსვის გადადებას, რადგან სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ეს ბავშვს დამატებით თავსატეხს გაუჩენდა.
- ცხოვრება ისედაც მოკლეა, - ამბობდა, - სად გეჩქარებათ! რატომ უნდა შეუმცირდეს ბავშვობა!
ჰო, ამაზე, ცხადია, კრინტს არ დავძრავდი, მაგრამ მე რატომ მერგო ეს პატივი, რა დამსახურებისთვის?
- შენ უფრო ბავშვური ხარ, - ამიხსნა, - თან მისნაირი, თან დიდი. არ ხარ მისი ტოლი, სისულელეს არ ჩაადენინებ, შეკითხვაზე სწორ პასუხს გასცემ, სიმსუბუქეს შეჰმატებ პროცესს, მოსარიდებელი არაფერი ექნება.
- ეჰ, ნეტა ჩემზე ეზრუნათ ასე, სულ სხნაირად წავიდოდა ჩვენი ცხოვრება!
- შენ ეგა თქვი, - დამეთანხმა სიცილით, - რამდენ შეცდომას ავიცდენდით, რამდენ არასაჭირო კომპლექსს მოვილევდით.
ვერ ვიტყოდი, რომ როცა ეს პირველად მოვილიე, ტრავმული იყო ჩემი ფსიქიკისთვის, მაგრამ, რაც მართალია მართალია, ის კი მახსოვს, როგორ ვერ მოვიშორე იმის განცდა, რომ შეუბრალებლად მატყუებდნენ.
- ხოდა ამიტომაც არ ენდობი არავის, - გაუხარდა ჩემს ძმას, - აი, ამისი ბრალია … პირველი ტყულის! პირველი სიმულაციის!
არ ვიცი, იმ დღის ბრალი იყო თუ არა (ან ვის არ ვენდობოდი - ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მე მიგდებდა აბუჩად), მაგრამ შესაძლოა მართლაც სხვანაირად განვითარებულიყო რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო, ჩემს ცნობიერს რომ ევაჟკაცა და ის დღე (თუ ღამე, აღარც მახსოვს) სამუდამოდ განედევნა ცნობიერიდან.
კეთილი, წავალთ, რატომაც არა, მით უმეტეს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ მიფიქრია მათზე სტატიის დაწერა (ჯერ კიდევ როდის მთხოვა რედაქტორმა, მივსულიყავი), თუმცა იმდენად მეზარებოდა ვენელი ექიმის თხზულებების გადახედვა (და თუკი სტატიას დავწერდი, ყოველ მიზეზგარეშე უნდა გადამეხედა), რომ ყოველთვის ხვალისთვის ვდებდი იქ მისვლას. ახლა კი არათუ მხოლოდ ბავშვთან ერთად, არამედ მის გარეშეც, მიწევდა მისვლა, რათა მამამისის თხოვნით, წინასწარ მომეხილა იქაურობა.
- ბევრი არაფერი დასჭირდება, - მითხრა მთავარმა კონსულტანტმა, დარდიმანდმა და მხიარულმა ქონდრისკაცმა, - დედამისის კაბა, ის, რომელშიც ყველაზე ხშირად ხედავს და მამამისის შარვალ-პიჯაკი, ან რაიმე სხვა. რას იცვამს ყოველდღიურად?
- ვერ იტანს პიჯაკებს და ჰალსტუხებს.
- სულ ერთია. მთავარია, მისი იყოს. რა ზომაა? L? XL? ორი XL?
- მე L ვარ, მგონი, XL-ია.
- ვიპოვით, - გაიცინა, - რამეს მოვარგებთ.
და იქნებ უკუეფექტი გამოეწვია დედ-მამის ტანსაცმელს, იქნებ სწორედ ტანსაცმელს, ანუ ახლობლობის განცდას შეენელებინა (არ მინდა ვთქვა, შეეფერხებინა) მისი მზაობა?
-