1. ტრამვაი მატარებელი ორ წუთში მოვიდოდა.
ადრე აქ ტრამვაი დადიოდა, ახლა – მწვანე და ფართოშუშებიანი მატარებელი, რომელიც დორნახიდან ჩამოდის და ბაზელის ძველ უბნებში დასრიალებს გველივით – რაინზე გადებული ხიდის ჩათვლით.
ამ ქალაქში გამორიცხულია სპონტანურობა – მატარებელი შეუბრალებელი სიზუსტით მოდის. აქ უკვე ათწლეულებია, არაფერი შეცვლილა უარესობისკენ, ყველაფერი სტატიკური და სხვაზე უკეთესია.
ეს ამბავი ამ ქალაქის ტრამვაიში მოვისმინე მისი შვილისგან 95 წელს – დორნახი-ბაზელი – და ეს ხატი სამუდამოდ დამამახსოვრდა მისი მონაყოლიდან: შავ პალტოში, ხელში ტრამვაის ბილეთით, თმაჭაღარა, ფანჯარაში მაცქერალი...
შვილი არ მაინტერესებდა, შვილი ამბავს მომიყვა და ახლა ამ ამბის აღდგენას ვცდილობდი – მინდოდა გამეხსენებინა, როგორ იმგზავრა ვენაში მამა-შვილმა შორეულ 92 წელს ტრამვაით. ერთი შეხედვით, უაზროდ, უმიზნოდ, ნოსტალგიით, გამოუთქმელი სენტიმენტალურობით, რადგან პრეზიდენტის ქალაქში ტრამვაი დიდი ხანია აღარ დადიოდა, ბავშვობის მერე აღარ მჯდარა. ვენის ტრამვაი თავისი ქალაქის ტრამვაის ახსენებდა: 53, 55, 56 წლის ქალაქს. ახლა მათ სადგურზე ჩაუსვლელად უნდა ევლოთ, წინ-უკან. ადრე მაღელვებდა ეს ისტორია: დევნილ პრეზიდენტს დრო აქვს და ტრამვაით მგზავრობს უცხო ქალაქში, ბოლო გაჩერებამდე და უკან, რადგან ის დრო წარსულში დარჩა, როცა თავის ქალაქში ტრამვაით მგზავრობდა.
მე ვიცოდი, რატომ ჰქონდა დრო ამ კაცს: დილით პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც რევანშზე ილაპარაკა, სახელმწიფო გადატრიალებაზე და ქალაქის ხანძრით გადამწვარ ცენტრზე. ვიცოდი, რომ დილით ტაქსის მძღოლმაც იცნო. რადიოში მასზე ლაპარაკობდნენ და უცებ ჰკითხა: „თქვენზე საუბრობენ?“ გრძელი პალტო ეცვა, მძიმე, ფართო პიჯაკი, რომელიც ოდესღაც კარგად ერგებოდა, ახლა კი, რადგან წონაში დაეკლო, დიდი ჰქონდა.
„ესაა პარლამენტი? – იკითხა, – ხვალ აქ უნდა მოვიდეთ?“
ეს ხვალ ათწლეულების წინ იყო.
„კი, ესაა“, – უპასუხა შვილმა.
„არწივი“, – თქვა.
შვილი ვერ მიუხვდა: „სად?“
მამამ ხელით ანიშნა დროშაზე.
„ჰო, – თქვა შვილმა, – ამათი ერთთავიანია ოღონდ, მოთვინიერებული“.
შვილისთვის, ვინც ეს მიამბო, მამა ყოველთვის შორეული და ძლევამოსილი იყო, სხვების ყოფისა და ფიქრების განმსაზღვრელი უკანასკნელ წლებში, ახლა კი, როგორც იქნა, მიიბა და დაისაკუთრა, რადგან ტრამვაიდან რომ ჩასულიყო, გზას ვერ გაიგნებდა და დაიკარგებოდა. მთელი ცხოვრება ებრძოდა ძველ რეჟიმს, მაგრამ აქ, ვენაში, თვითონაც ძველი აღმოჩნდა თავისი ჩვევებით. საჯარო ცხოვრებას და პრეზიდენტად ყოფნას მისთვის უკვე ესწავლებინა განსაკუთრებულად თავდაჯერებული და აუღელვებელი ქცევა – დარბაისელი ტრიუმფატორის ღიმილი ოთახის დამლაგებელთანაც კი, რომელიც მისდამი პატივისცემას გამოხატავდა; ამიტომ, თუკი სადმე იბნეოდა, როგორც ყოფით ევროპას შეუჩვეველი უცხო, ამას არა სხვა საბჭოთა მოქალაქესავით დანაშაულზე წასწრებულის დაფეთებულობით, არამედ არისტოკრატული განრიდებულობა-გაშეშებულობით ხვდებოდა – თითქოს სამყაროს თავად უნდა გამოეძებნა გამოსავალი. შვილი რომ ტრამვაიდან ჩასულიყო, მამა ნაბიჯს ვერ გადადგამდა უცხო გარემოში. ახლა ეს კაცი მის ხელში იყო. შვილების დრო მოსულიყო, ვიდრე ისევ მამების დრო დაბრუნდებოდა.
ამასობაში ჩემმა მატარებელმა ბაზელის სადგურამდე მიაღწია და ჩასვლა გადავწყვიტე. პრეზიდენტი კიდევ ორი საათის განმავლობაში ივლიდა ჩემი წარმოსახვის 92 წლის ვენაში. შვილის მონაყოლიდან მახსოვდა, რომ Figaro-Haus-ში ყურსასმენებით მოუსმენია მოცარტის „რეკვიემისთვის“. ემიგრანტის ერთდღიანი ყოფა: რამდენჯერ გამიტარებია დღე ასე, განსაკუთრებით პირველ წლებში, როცა ფედერაციის დახმარებით ვცხოვრობდი.
„რეკვიემის“ მოსმენას ყოველთვის ვერიდებოდი, რადგან რატომღაც ავიკვიატე, რომ ამ მუსიკას სიკვდილი მოჰქონდა: მისი მოსმენა და ვიღაცის სიკვდილის გაგება ერთი იყო. მერე ვხუმრობდი, იმდენჯერ მოვუსმინე 91 წლის ზამთარში ბრუნო ვალტერის შესრულებულ „რეკვიემს“, რომ დეკემბრის ბოლოს სამოქალაქო ომი დაიწყო, რის გამოც დევნილად იქცა ეს კაცი.
პუტჩის მერე ელექტროენერგიის ძაბვა დაეცა და დენს იმდენად დააკლდა სიმძლავრე, რომ მუქ-ყვითელი შუქი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა სამყაროს, ფირსაკრავზე ჩამოდებული ფირფიტა ისე ნელა ტრიალებდა, რომ მუსიკის ტემპი შემაწუხებლად ზანტდებოდა და მომღერლებს სიმახინჯემდე უბოხდებოდათ ძაბვის დასუსტებისგან დეფორმირებული ხმები. ტრამვაიმ ეს ნელი სვლა, დუნე და გამაღიზიანებელი მოძრაობის გამოცდილება გამახსენა. მბჟუტავი სინათლე. და ბუნდოვანება.
***
სეფ-ამდე (საქართველოს ემიგრანტთა ფედერაცია) გზა ისე შევარჩიე, რომ სანტ-ალბანზე გამევლო და როგორმე ძველ და უინტერესო შენობაში აღმოვჩენილიყავი, რომელიც სიამოვნებისა და ტკივილის გამოცდილებას ინახავდა ჩემთვის. აქ ბევრჯერ მოვსულვარ (ადრე მიცხოვრია კიდეც), მაგრამ ამჯერად ეს მოგონებების გასაცოცხლებლად იყო საჭირო – რაღაც ისეთს უნდა შევხებოდი, რაც იქნებ ძალად მექცია ჩასვლის წინ.
წლების წინ – თითქოს წინა ცხოვრებაში – სამოქალაქო ომის მერე, როცა ბაზელში ჩამოვედი სასწავლებლად, ამ უსახურ შენობაში – დახვეწილ ნაგებობად რომ მეჩვენებოდა მაშინ და თურმე სკანდალურად მახინჯი ყოფილა – პირველად შევიყვარე ქალი, როგორც ნებისმიერ მოჯადოებულ 17 წლის კაცს