პოლიტიკური კულტუროლოგია
კარიბჭე
„თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ.
მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.“
მოციქული პავლე
„თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
მშვიდობა და სიმრთელე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.“
ილია
„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა.“
გალაკტიონი
ორი თემა გამსჭვალავს ადამიანის ყოფიერებას: ერთია თემა პიროვნული თავისუფლებისა მის ზოგად და კერძო სახეში, ხოლო მეორე კი საზოგადოებრივი კეთილმოწყობის, თავისუფლების პირობების შექმნის თემა. ილია ჭავჭავაძის ზემომოტანილი ტაეპი მრავალ კითხვას აღძრავს იმ კონცეპტუალური სისტემის კრიტერიუმებით, რომლებშიც მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, განიხილება თავისუფლების საკითხი. მართლაც, რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ თავისუფლება არის „ჩაგრულისა და წვალებულის საფარი“? გინდაც „წმინდა“? და რომ თავისუფლება არის „აღმზრდელი“? და არა მხოლოდ აქმყოფობისათვის, ან „სრულყოფილი ადამიანობისათვის“, არამედ „ღვთაებამდე“ აღმზრდელი მისი „კაცებრივი ბუნებისა“. მაგრამ „კაცებრივი ბუნების აღზრდა“ მხოლოდ ქრისტეს გზით ხდება, რაც ილია ჭავჭავაძისეულ თავისუფლებას ღრმად რელიგიურ კონტექსტს სძენს და თავისუფლების პავლესეულ გაგებასთან აახლოებს.1 ილიასეულ დახასიათებაში თავისუფლება ჭეშმარიტებას უიგივდება და, ამ გაიგივებით, არის „ვინ“ და არა „რა“ – ზმნა და არა არსებითი სახელი.
თავისუფლების საკითხის დასმა ქართული სოციალური და ეროვნული ბრძოლის ტრადიციაში ქრისტიანობის პრინციპთა გააზრებას დაუკავშირდა. ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას მაგალითი იკმარებდა ამ ტრადიციის საჩვენებლად, რომელიც ქართული კულტურის უღრმესი ძირებისა და ქრისტიანობის სინთეზურ ხედვას ეფუძნებოდა. მაგრამ XX საუკუნის განმავლობაში მოძალებული სოციალისტური და კომუნისტური ათეისტური და მატერიალისტური იდეოლოგიის ზეწოლით ეს ტრადიცია შეწყდა და რელიგიურ-ფილოსოფიური აზროვნების ნიადაგი დამწირდა. ათეისტური და მატერიალისტური იდეოლოგიის მარქსისტულ ყალიბში „ჩასხმულმა“ ქართულმა სოციალ-ფილოსოფიურმა აზრმა დაკარგა თავისი არსებითი მახასიათებელი – თავისუფლება, რის გარეშეც თავისუფლების და, ბუნებრივია, სოციალური მოწყობის პრინციპთა კვლევაც შეუძლებელი ხდებოდა. ტოტალიტარული სისტემისა და იდეოლოგიის ამ „ფანტომური“ ყალიბის ფორმალური გაქრობისა და რეალური რღვევის პროცესში ყველაზე რთული სწორედ ამ სააზროვნო სივრცის აღდგენა და განთავისუფლება აღმოჩნდა. თავისუფალი აზროვნების (ხოლო აზროვნება მხოლოდ თავისუფალი შეიძლება იყოს და ყველა სხვა შემთხვევაში ის ანტიაზროვნებაა) ტრადიციის აღდგენა აუცილებელი პირობაა თავისუფალი ცივილური პიროვნებისა და საზოგადოების ჩამოყალიბებისა და დაფუძნებისათვის. ტოტალიტარული, ათეისტური და მატერიალისტური იდეოლოგიური ყალიბებიდან აზროვნებისაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც იმდენად არის გზა, რამდენადაც აზროვნების ხდომილებებისაგან არის შემდგარი, აუცილებელია, გადააზრებულ იქნეს ის პრობლემატიკა, რომელიც ადამიანისა და საზოგადოების ყოფიერების საფუძველთან – თავისუფლებასთან, სახელმწიფოს დამოუკიდებლობასთან და მის ნაწილთა კეთილმოწყობასთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ ეს საფუძვლები ქმნიდნენ ნამდვილ ღირებულებით საყრდენებს, ნამდვილ პრინციპებს, რომლებზედაც შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მყარი შენობის აგება, ისინი ჯერ აზროვნების ხდომილებებად უნდა შედგნენ. აზროვნების ძალისხმევები განსაზღვრავენ პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს ყოფიერების კეთილისმყოფელ განწყობას.
საზოგადოების კეთილმოწყობის პრინციპთა შორის თავისუფლების სხვაგვარ დახასიათებად და მის სიმეტრიულ გამოხატულებად ისახება ფედერალური წყობა.
სახელმწიფოსა და საზოგადოების ფედერალურ პრინციპებზე მოწყობის იდეა უაღრესად აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ იდეათა რიგს ეკუთვნის. სულ უკანასკნელ დროს ბელგიის სამეფოს ვალონურ და ფლანდრიულ ფედერაციად გარდაქმნამ, ბასკების, კატალონიელების, ჩრდილო იტალიელების მისწრაფებამ ავტონომიისა თუ დამოუკიდებლობისაკენ, ჩეხოსლოვაკიის გაყოფამ, თვით საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოსური წარმოშობის მოსახლეობის ნაწილის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადიღეური (აფსუა) წარმოშობის მოსახლეობის ნაწილის სეპარატიზმმა, სხვადასხვა წარმოშობის მოსახლეობის კომპაქტურად დასახლებულ ჯგუფთა მოსალოდნელმა მისწრაფებამ გამოყოფისაკენ (პოლიტიკური მანიპულაციებისათვისა და ზეწოლისათვის ამ თემის გამოყენების აზრით თუნდაც), ევროპის გაერთიანების მრავალასპექტოვანმა პრობლემებმა და სხვა; თვით ფედერაციის იდეის კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემატიკის გაღრმავებამ, ცენტრალისტური იდეის რეალურმა გაუფასურებამ და დეცენტრალიზაციის ტენდენციის საყოველთაო გაძლიერებამ აუცილებელი გახადა ბევრი ისეთი ასპექტის გადააზრებაც, რომლებიც პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფიის მიერ, თუ საბოლოოდ დამუშავებულად არა, საკმაოდ საფუძველმდებ იდეებად წარმოიდგინებოდა.
ცოდნის თანამედროვე სისტემა, ინფორმაციული გზატკეცილების მშენებლობის პრობლემები, გლობალიზაციის და გახსნილობის (ქვეყნის ჩაკეტვის შეუძლებლობის) და მასთან გადაჯაჭვული საკითხები, როგორებიცაა: თავისუფლების, ერის, კულტურის, ისტორიის, საზოგადოების, ცივილიზაციის, ცოდნის, ზნეობრივი, პოლიტიკური, სამართლებრივი და სხვა, აგრეთვე პრობლემები, დაკავშირებული ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებასთან, სოციალურ წყობასთან, საერთაშორისო სამართალთან და ა.შ. მოითხოვენ ინტეგრალური თვალთახედვით ხელახალ გადააზრებას.
ყოველი ეპოქის გამომხატველი პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფია წარმოადგენდა თავისი ეპოქის ცოდნის მარაგის გამოხატულებას. ცოდნის ველის ჰორიზონტი განსაზღვრავდა არა მხოლოდ ინდივიდუალური აზროვნების, არამედ სოციალური ხედვისა და გაგების სიღრმესაც. მაგრამ ცოდნის ველს არასოდეს არ ჰქონია ისეთი „საკაცობრიო“ და „გლობალური“ განზომილება და ჰორიზონტი, როგორიც მან შეიძინა XX საუკუნის დასასრულს. ფაქტობრივად, ახლა იხსნება შესაძლებლობა ინტეგრალური