ენა, საზრისი, ყოფიერება... -
(მეტათეორიული მიდმოგონებანი) -
I. „შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი...“ ან კიდევ: „ყველასა თურმე ენა აქვს, არა ყოფილა ურჯულო...“ მეტყველებაც და რჯულიანობაც, ანუ ენიანობა საზრისშემოქმედების სხვაგვარი აღნიშვნაა. ენა ყოფიერების საზრისის შემოქმედი ენერგიაა, ანუ ის, რასაც ონტოლოგიალს, ანუ აობაგამოთქმულობას ვუწოდებ: ყოფიერების ონტოლოგიალი საზრისშემოქმედი ენერგიაა, ანუ ენა. ის, რასაც ფილოსოფოსები არსებას, აობას, ანუ ონტოსს უწოდებენ, მხოლოდ საზრისგამოთქმულობაში იძენს ყოფიერებას. არაონტოლოგიზებული, გამოუთქმად-გამოუთქმელი აობა (ონტოსი) არც ერთი ნიშნით არ ხასიათდება. მას არ მიეწერება არც ის უპირველესი ნიშანი არსებულისა, რომელიც გამოთქმულია ფორმულაში – „ღმერთი არსებობს“, ანუ თავად ღმერთის მიერ მოსესათვის ნათქვამ აბსოლუტურ დროში მყოფობის დადასტურებაში: „მე ის ვარ, ვინც ვარ-ვიყავი-ვიქნები“. ამდენად, საუბარი ყოფიერებაზე, მის გამოთქმულობამდე, სრული იდიოტიზმია. გამოთქმულობა კი მხოლოდ ერთი მოდუსით არსებობს (რამდენადაც მხოლოდ მას აქვს ყოფიერება) – ეს არის ენა. ამიტომაც ვამბობ, რომ ენა არის ყოფიერების პირობა: არსებულისა – როგორც არსებულისა და არარსებულისა – როგორც არარსებულისა. ენა ადამიანის ყოფიერებისა და არსებობის პირობაცაა, რადგან ადამიანი გამოთქმადობა-გამოთქმულობაში არის და არა მის „გარეთ“ ან „მანამდე“.
* * *
მგონი, არავის დაუნახავს ენისა და რჯულის (ანუ რელიგიის, რაც თავისთავად „კავშირს“ ნიშნავს) იმგვარი კვანძი, რომელიც ყოფიერების საზრისიანობაზე მიუთითებდეს პირდაპირ და უშუალოდ, თვითცხადად, აქსიომატურად, როგორც ეს ვაჟა-ფშაველას ხედვაშია. ამ აზრით, რჯული იგივე ენაა, ანუ არსებობის საზრისშემოქმედი ენერგია. რჯული აძლევს საზრისს არსებობას (მინდიას ხე-ბალახ-ყვავილ-ფრინველ-ცხოველნი ელაპარაკებიან, გამოუთქვამენ თავის არსებას და არსებობის ზნე-მიზანს!), ენერგია ქმედებაა, ხოლო ქმედება ყოველთვის გულისხმობს იმას, ვინც მოქმედებს. მოქმედება გულისხმობს სუბიექტს, ანუ იმას, ვისაც აქვს ნება. პირველმოქმედი ვინ-რა, ანუ ნების მქონე სუბიექტი – არის ღმერთი (ბუნება, რამდენადაც მას კითხვა ვინ არ დაესმის, ვერ იქნება პირველშემოქმედი, ხოლო გა-ვინ-ებული კი ვერ იქნება ბუნება. ამ თვალსაზრისით, „ღმერთის“ ჩანაცვლება „ბუნებით“ კიდევ ერთი იდიოტიზმია). ბუნებას არც არავითარი კანონი არა აქვს, რადგან ბუნებაში მოქმედი ვინ არის ადამიანი, რომელსაც აქვს ღვთაებრივი ნიშანი, გამოხატული მის საზრისშემოქმედ ნებაში. ეს საზრისშემოქმედი ნება გამოთქმადია, როგორც ენა-რჯული – მოქმედ ვინ-თა კავშირში. ეს სამფორმიანი ყოფიერება გამოთქმადობის ერთიანობაშია მოცემული (ისინი ურთიერთში და ურთიერთით არსებობენ) და მათი განყოფა შესაძლებელია მხოლოდ პირობითად, აზროვნებისა და ანალიზის მოთხოვნილებით. ის, ვინც ამ ერთიანობას ვერ ხედავს, ვერც იფილოსოფოსებს. ეს იგივეა, რაც „სამების“ მიმართ: სამება ერთარსოვანი და განუყოფელია, მაგრამ გაგებისათვის ჩვენ შეგვიძლია მათზე ცალ-ცალკე ვიაზროვნოთ, ცალ-ცალკე ვხედავდეთ (მამაღმერთად, ძეღმერთად – ქრისტედ და სულიწმიდად), თუმცა არ უნდა დავკარგოთ ამ ხედვაში ის, რომ ეს არის ერთარსება, განუყოფელი სამება. რაციონალიზმი, ათეიზმი და მატერიალიზმი სწორედ ამას ვერ სწვდება. ფაქტობრივად, ეს არის ფილოსოფიის ერთი უმთავრესი თემათაგანი.
რამდენადაც ბუნება არ არის მოქმედი ვინ, მას არა აქვს საზრისი და ის ვერ შექმნის საზრისს. ბუნების საზრისი იქმნება პირველმოქმედი სუბიექტის – ღმერთის და თანამოქმედი სუბიექტის – ადამიანის მიერ ენაში გამოთქმულობით, ანუ ონტოლოგიალიზებით. ის, რასაც ბუნების კანონები ეწოდება, სხვა არაფერია, თუ არა პირველმოქმედი ვინ-ის მიერ მიცემული საზრისი, რომლის ამოცნობა-ხედვა ხელეწიფება მხოლოდ ადამიანს, როგორც თანამოქმედსა და საზრისშემოქმედს. ადამიანი ხედავს ბუნებას არა მხოლოდ მის შიგნიდან, რამდენადაც ის ბუნებაში იმყოფება, არამედ ბუნების გარედანაც, რამდენადაც ის მეტაბუნებრივი არსებისაა. ეს ორმაგობა ხედვისა შესაძლებელი და განპირობებული ხდება ენით.
* * *
ადამიანი ყოველთვის მეტყველებს, უხმოდაც კი: არტიკუ-ლირება სიტყვისა მეტყველების უმთავრესი მახასიათებელია. წარმოთქმადობა ხდება ენის გაპიროვნულების ფორმა: ენა პიროვნულდება წარმოთქმაში. მეტყველება ენის არსებობის (ნამდვილობის) ფორმაა. ენის საზრისწარმომქმნელი ენერგია ამ ენაზე მეტყველი ადამიანების (პიროვნების, ერის, კულტურის...) საზრისიანი არსებობის ფორმით ვლინდება. ააქედან: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...“, რადგან ენის წახდენა საზრისშემოქმედი ენერგიის წახდენაა, არსების, ანუ ბუნების გადაგვარება, გაურჯულოება... („ყველასა თურმე ენა აქვს, არა ყოფილა ურჯულო“!).
ქართველი ერის უბედურება, რომელიც XX საუკუნის ყველაზე დიდმა ტრაგედიამ – ბოლშევიკურმა გადატრიალებამ რუსეთში და, შემდგომ, საბჭოთა კომუნისტური ტოტალიტარიზმის დაფუძნებამ რუსეთის იმპერიის ყოფილ საზღვრებში – გამოიწვია, ფაქტობრივად, გადააგვარა ქართველი ადამიანის ბუნება და შეაბრუნა ის ღირებულებითი სკალა, რომელიც კულტურის სახით მოვლენათა ცვალებად ისტორიულ მიმოქცევაში უნარჩუნებდა მას განსაკუთრებულობას და თავისთავადობას. ისტორიის ძარღვი გაწყდა და კულტურის მატრიცა დაირღვა. ეჭვი არ არის, ეს ყოველივე ხელოვნურად შექმნილი წყობის მიერ ძალმომრეობით იყო თავს მოხვეული. იმ წყობის, რომელიც რუსეთის სახელთან არის დაკავშირებული უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში, მაგრამ საკუთარი მინდობითაც: უპირობო და უღირსებო შემგუებლობით, ეროვნული თუ პიროვნული ღირსების გრძნობის თანდათანი, სრული დაკნინებით, უმტრო ქართველმა საქართველოს, ანუ ქართულ ენას,