პარისიკონი - წიგნი პირველი
“Merde... Merde” სიტყვასრულად შეაფრქვია მსროლელმა... ხოლო ხის აივნიდან გადმოყუდებულმა ბებერმა რამდენიმეჯერ ხმამაღლა წარმოსთქვა:
– სიზმრებს ესიზმრებიან სიზმრები!.. და მიაყოლა სხვადასხვა ენაზე ხითხითით: ჰხე, ჰხე... LES REVES RÊVENT LES REVES... Hhxe, hxe... DREAMS ARE DREAMING DREAMS... Hhxe, hxe... DIE TRAÜMEN TRAÜMEN DIE... hxe, hxe... LES REVES RÊVENT LES REVES... hxe, hxe... I SOGNI SOGNANO I SOGNI... hxe, hxe... СНОВИДЕНИЯ ВИДЯТ СНЫ... hxe... hxe... hxe... LES REVES RÊVENT LES REVES... ვიდრე სრულიად არ გაახმოვანა ბაბილონის უნიათო ცდის შემდეგ დედამიწაზე მიმობნეულ ენათა ჯარი და ისევ ენაწყლიან ქართულს არ დაუბრუნდა, რომლის ხმოვანება და მიმოხვრა განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრიდა ახლა... – სიზმრებს ესიზმრებიან სიზმრები! ჩაიმეორ-ჩაიხითხითა და წვერის ცანცარით გადაჩოჩდა ტახტზე.
მას არც გაჰკვირვებია, რომ სიტყვები აცურდნენ მის წინ სივრცეში და აციმციმდნენ. ხმა არ ისმოდა... ხედავდა მხოლოდ მოხუცის ტუჩების მოძრაობას და ხითხითს, რომლის დროსაც სიტყვები ცვიოდნენ მის ბაგეთაგან, ვიდრე არ შეავსეს სივრცე და არ აირივნენ, აიზილნენ ერთმანეთში ისე, რომ ერთი მთლიანი მორგვი არ გაკეთდა, რომელშიც შეტმასნულ წინადადებებს აღარავითარი აზრი აღარ შერჩათ, ხოლო მას კი თვალის გუგები ისე გაეჭედა, რომ ტკივილმა ნაკაწრივით გადაუსერა თვალი. ხოლო მოხუცი განაგრძობდა ენათმეტყველებას და ავსებდა სივრცეს ისე, რომ უკვე სუნთქვაც შეუძლებელი ხდებოდა, მაგრამ ეს მას არ აწუხებდა, როგორც ჩანს, რადგანაც ყოველ გამეორებაზე ხითხითებდა და სულ უფრო და უფრო ჩოჩდებოდა ტახტზე, ხოლო სიტყვების მორგვი კი თანდათან ავსებდა სივრცეს და აგორდებოდა მას და მიხვდა იგი, რომ შეუძლებელი იყო ამ სივრცეში არსებობა და ვერც გაჩერებულიყო, სიტყვები კი ზვავივით მოექანებოდა მისი ტახტისაკენ და ისე ავსებდნენ გუგების სივრცეს, რომ მათ დასანახად და გასარჩევად აღარც გადაჩოჩება იყო საკმარისი და აღარც თავის გაწევა და დაინახა, რომ, უეცრად, მოხუცმა ხმა ამოიღო და სიტყვები გაახმიანა:
– ჰხე, ჰხე... სიზმარი ესიზმრება სიზმარს... ჰხე, ჰხე... – გაიგონა მან გარკვევით და თვალი შეაღო.
მზეს მიფიცხებულს უეცრად მოეჩვენა, რომ ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი და შეშფოთებული შეკრთა.
რკინის ბურთი მძიმედ დაეშვა მიწაზე და ღორუკელასკენ გაგორდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა ინერციით, სხვა ბურთებს გვერდი აუარა და ჩასუქებული ფრანგის ფეხებთან გაჩერდა.
– Merde – სიტყვასრულად შეაფრქვია მსროლელმა... „ესენიც კოჭობანას თამაშობენ!?“ – გაიფიქრა ზანტად მზეს მიფიცხებულმა. მცირე ხნით ისევ დახუჭა თვალები. მოხუცი თუმც ხითხითებდა კვლავინდებურად, მაგრამ სიტყვებს ვეღარ წარმოსთქვამდა, რადგანაც წარმოთქმულის მომწყდარმა ზვავმა შუაში მოიქცია და პირი ამოუვსო. – „სიზმარს დაესიზმრა სიზმარი“ – თითქმის ხმამაღლა წარმოსთქვა მან. და ჩაეცინა: უცნაურია, როგორ აცნობიერებს გონება სიზმარში დანახულ სიზმარს... აზრი კი არა, მდგომარეობა აცნობიერებინებს.. სითბო, რომელიც იღვრება იდუმალი წყაროდან მთელს სხეულში და ატკბობს სულს... თუ ხორცს.....
– ხორცს, რადგან სიზმარს ხომ სული ხედავს და არა ხორცი... იქ, იმ კარებში ხორცს შესასვლელი არა აქვს, სულია, რომ მიმოდის დროსა და სივრცეში, ხოლო ხორცს კი... ხორცს რაღა რჩება? ან რაღა შეუძლია? გადაადგილება და მხოლოდ... სული არ გადაადგილდება, იგი არის, არის ყველგან და ყოველთვის... მაგრამ ახლა ვეღარც მოხითხითე მოხუცი მოიხელთა და ვეღარც სიტყვების ზვავი იხილა. და თვალები ისევ შეაღო. მზის სითბო უკვე აღარ ეფინებოდა სახეზე გამოფხიზლებულს და მძიმედ წამოდგა. წამოიწია მოპირდაპირე სკამზე გაშოლმა კლოშარმაც.
– Pardon, M„sieur, est-ce que vous avez deux francs? – მოხუცს არც გაჰკვირვებია კლოშარის ხმა. მხოლოდ მძიმედ დააკვირდა და ჩაიცინა:
– Non, je n„ai que dix francs, désolé! – მის შიგნიდან გამოეპასუხა ვიღაც, მოხუცმა ორშაურიანი ხელში შეაბრუნა და მაშინვე მიხვდა, რომ ბურუსმა გაჟონა მთელს ტანში. კლოშარი გაკვირვებული შეაჩერდა წამით, ვიდრე თავის მოსწრებულ ტირადას დაიწყებდა იმის შესაგონებლად, რომ არავითარი განსხვავება, არსებითად, ორ ფრანკსა და ათ ფრანკს შორის არ არის, და რიცხვი ორი „ფრანკის“ წინ პირობითობას წარმოადგენს, და საერთოდაც, ფრანკები და ფრანგები ერთი და იგივეა, განურჩევლად რიცხვისა, ასე რომ, არაფერმა არ უნდა დაუშალოს კეთილ ადამიანს, გაიღოს ფრანკების ის რაოდენობა, რომელიც ხელთ აქვს და არა ის, რომელსაც სიმბოლურად მოითხოვს მისგან კლოშარი, რომელიც თუმც ფრანკებით არ არის ამჟამად მდიდარი, მაგრამ პირწმინდა ფრანგია, რაც მის შანსს ცხოვრებაში იმდენად ამაღლებს, რომ შესაძლებლობა ეძლევა, ფრანკების ისეთ რაოდენობას მოუყაროს თავი, რამდენიც მოესურვება, თუმცა კარგად ესმის, რომ მისი ფრანგობისათვის სრულიად არა აქვს მნიშვნელობა, ფრანკების რა რაოდენობა