პოლიტიკურ-ფილოსოფიური ესე -
კარიბჭე სოლომონ ბრძენზე ჰყვებიან, რომ, ერთხელ, ცხოვრებით დატანჯული ხალხი მივიდა მასთან და შესჩივლა, გავწამდით, აღარ შეგვიძლია მეტი ასე ცხოვრებაო. სოლომონ ბრძენმა, თხები დაიყენეთ სახლში და გეშველებათო. დაუჯერა ხალხმა და იწყო თხებთან ერთად ცხოვრება; ხოლო, როდესაც მთლად აუტანელი გახდა მათი ყოფა, ისევ შეჰბედეს ბრძენ მეფეს, ან დაგვხოცე და ან რამე გვირჩიეო. გაეცინა გულში სოლომონს და უთხრა, აბა ახლა ეგ თხები სახლებიდან გამორეკეთ და ნახავთო. იმათაც გამორეკეს თხები და ცოტა ხნის შემდეგ მეფეს შეუთვალეს,შენ კი გიშველა ღმერთმა, ეს რამოდენა ჭირი მოგვაშორე და ბედნიერი ცხოვრება მოგვანიჭეო...
მას, ვინც რუსეთის ისტორიას გადახედავს, შეუძლებელია, სოლომონის ეს „ლენინური“ სიბრძნე არ მოაგონდეს. ხალხის „საბედნიერო“ ეს სტრატეგია განსაკუთრებული „მიწევნულობით“ იქნა შეთვისებული საბჭოთა პერიოდის „სოლომონ ბრძენთა“ მიერ, რომელთა შორის პირველობა განუყოფლად ეკუთვნის სტალინს. სტალინს ეკუთვნის იმ „კრიტერიუმთა ქსელის“ შექმნის პრიორიტეტიც, რომელიც საშუალებას აძლევს რიგით მომავალ საბჭოთა მეთაურს, უშუალო წინამორბედის დაგმობით „რევოლუციური“ გარდაქმნებისა და რეფორმების ახალი „საბედნიერო“ გეზი დაიწყოს. სტალინის მიერ წარმოებულმა ბრძოლამ ძალაუფლების მონოლითური პირამიდის შესაქმნელად, სტალინისეული მეთოდების „ინკვიზიციურმა“ ხასიათმა, ერთხელ და სამუდამოდ დაუდგინა მომდევნო ეპოქათა ლენინელებს ის შემაძრწუნებელი ფონი, რომელზედაც მოხაზული სურათი „ლღვობად“ და „რევოლუციურ გაზაფხულად“ მოჩანს. საბჭოთა გზა – რუსული გზაა. რუსეთი მიდის და თან მიჰყავს „საბჭოთა კავშირად“ აგებული ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე განლაგებული იმპერიის სისტემაში დაჭერილი რესპუბლიკები, რომელთაც „ეროვნული სახელმწიფოს“ ყველა ნიშანი აქვთ, გარდა ფულადი ერთეულისა, ჯარისა და საერთაშორისო პოლიტიკური უფლებებისა და წარმომადგენლობისა. ამ უკანასკნელი თვალსაზრისით, რესპუბლიკები ფაქტობრივად წარმოადგენენ ნაციონალურ-კულტურულ ავტონომიებს. სამოცდასამი წლის განმავლობაში, თუ რუსეთის საბჭოთა პერიოდს ავიღებთ მხოლოდ, ბოლშევიკებმა შექმნეს ტოტალიტარული რეჟიმი, რომელშიც ინკარნირებული იყო ევროპული და რუსული სოციალური და პოლიტიკური იდეოლოგია თავის ყველაზე რადიკალურად რევოლუციურ სოციალ-დემოკრატიულ და კომუნისტურ ფორმაში. ამ რევოლუციური იდეოლოგიისა და მეთოდოლოგიის რუსულ ბიუროკრატიულ წყობასთან და პრინციპებთან შერწყმამ წარმოშვა მეტად სპეციფიკური ორსახა სახელმწიფო წყობა, რომელშიც ერთ სახეს ქმნის იდეოლოგია, ხოლო მეორეს – იმპერიული „დერჟავნიკული“ ბიუროკრატია. იდეოლოგია, ამ ორსახოვან სისტემაში წარმოადგენს ბიუროკრატიული იმპერიული მანქანის მუხლუხოებს, ხოლო ბიუროკრატია კი სრულიად ავტონომიურ მექანიზმს, რომელიც მიმართულია იმპერიული ბიუროკრატიული სტრუქტურების მწყობრ პირამიდაში დასაკავებლად. საბჭოთა წყობის ამ ორ სახეს, იდეოლოგიასა და ბიუროკრატიას შორის კავშირი პირობითია: იდეოლოგია არ წარმოადგენს იმპერიის ბიუროკრატიული მართვას და არც ბიუროკრატია განასახიერებს იდეოლოგიის მიერ ჩამოყალიბებულ სოციალურ და პოლიტიკურ პრინციპებს. ეს არის ორი ავტონომური სახე, რომელიც უკავია იმპერიულ მოთხოვნილებას, რომელშიც არის განსახიერებული მთელი საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის არსება. ეს შეიძლება გამოითქვას ცნობილი ფორმულით, რომელიც გამოთქმული იყო კავკასიური პრობლემის მიმართ გენერალ ერმოლოვის მიერ: „იარსებებს საქართველო, იარსებებს კავკასიის პრობლემა“ – „იარსებებს იმპერია, იარსებებს ტოტალიტარული სისტემა“ ან, პირიქით, „იარსებებს ტოტალიტარული სისტემა – იარსებებს იმპერია“; რუსეთის იმპერია, ექნება მას საბჭოთა კავშირისა თუ სხვა ფორმა.
საბჭოთა ტოტალიტარული კომუნისტური იმპერია სტადიალურად ყალიბდებოდა, ეძებდა ფორმას. პირველი ეტაპი – ოქტომბრის გადატრიალებიდან 1924 წლამდე ტოტალიტარიზმი სპეციფიკურ პირობებში ყალიბდება და იძენდა სახეს. ამ ეტაპს „ლენინური ეტაპი“ შეიძლება ეწოდოს და „ტოტალიტარიზმის ემბრიონული ინკარნაციის“ ეტაპად განისაზღვროს. ნამდვილ ტოტალიტარიზმს საბჭოთა რუსულ იმპერიაში ფორმა და სახე მისცა სტალინმა. ეს „სტალინური ეტაპი“ არ შემოიფარგლება მხოლოდ სტალინის სიცოცხლის ამ პერიოდით (1924–1953), არამედ მოიცავს პოსტსტალინურ ეპოქასაც, რადგან სტალინის შემდგომი ეპოქაც სტალინიზმის სპეციფიკური ასპექტების გამოვლინება იყო. ამგვარი იყო ხრუშჩოვისეული „ლღვობის“ ანუ „დესტალინიზაციის“ პერიოდი, რომელსაც მოჰყვა ბრეჟნევის ჯერ „რესტალინიზაციის“ ან „დეხრუშჩოვიზაციის“ და შემდეგ „სტაგნაციის“ ეპოქა. ყოველი ეს პერიოდი თუ ეპოქა წარმოადგენს მეტად სპეციფიკურ ვითარებაში ტოტალიტარიზმის არსებისა და გარდასახვების ენერგიის გამჟღავნებას. ამჟამად სისტემა იმყოფება პოსტსტაგნაციურ პირობებში და ხდება ტოტალიტარიზმის ახალი ფორმის ძიება, შესატყვისად იმ ვითარებისა, რომელიც შეიქმნა მსოფლიოში სამოცდაათიანი წლების მიწურულს და ოთხმოციანის დასაწყისში. ოთხმოციანი წლების დასაწყისის ყველაზე სიმპტომატურ ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ ძველი პოლიტიკური კადრების მიხრწნილობა („გერონტოკრატია“) და მოსალოდნელი ცვლილებები, რომელსაც უნდა მოჰყვეს პოლიტიკური ცენტრის სრული გადახალისება და გაახალგაზრდავება. ეს კი არაორაზროვნად მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს პროცესი ტოტალიტარიზმის რეინკარნაციისა, ანუ ახალი წყობის, ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების მქონე თაობის იდეოლოგიურ „ბაზისზე“ დაფუძნებული ტოტალიტარული სისტემის რეკონსტრუირებისა, რომელიც შემძლე იქნება, შეინარჩუნოს იმპერია და ამავე დროს იპოვოს თანამედროვე ფორმა, შესატყვისი მეოცე საუკუნის დასასრულისათვის და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისისათვის.
წინამდებარე წიგნის მიზანია, „სურათისა და ფონის“ სიღრმითი ფენების და სტრუქტურული კავშირების გაანალიზება და თანამედროვე ვითარების არსებაში გარკვევა; პოსტსტაგნაციურ საბჭოთა კავშირში მიმდინარე „რეფორმისტული