შენობა
სივრცის შედედება
დილით, როდესაც განათდა და სხვა.... ათასგზის გადაღეჭილი დასაწყისით...
ცხოვრება ჩვეულებრივად დაიწყო... და ა.შ... ყოველდღიურად...
ხმაური... (ის იპოვეს მკვდარი)... იგი იწვება თვალგახელილი... მისჩერებია ჭერს... გააყოლებ თუ არა თვალს მის მზერას... თქვენ ორნი ხართ ოთახში... შენ და ის. სხეული ერთ ოთახში. ამონაკაწრებში, რომლებიც არ ეტევა შენი მზერის საზღვრებში. ის კითხულობს იმას, რაც გაურკვეველია იმ მზერისათვის, რომელიც მისჩერებია ჭერს და მას უნდა, დაბრუნდეს დასაწყისთან, რათა დააკავშიროს ეს სივრცე და დრო. ნელი სვლით... განა ეს მან არ გადაწყვიტა? განა თვითონ არ არის აქ, ახლა, შენი მზერის წინ, თეთრ ქაღალდზე, ეს მისი სხეულია, მისი სივრცე, რომელიც მას ეპყრა მანამ, ვიდრე შენ არ შეავსებ ამავე სივრცეს შენი მგრძნობიარე ხელების შეხებით. შენ შეიგრძნობ მის ცივ სხეულს თხელი კანის ქვეშ. შეეცადე, შეიგრძნო ეს... შენი თითებით შეეხე სახეს... ხელს... შეეხე ფურცელს... შეიგრძენი ამ სხეულის სიმძიმე... თუ შენს ოთახში არის საკმაო ადგილი, შენ შეგიძლია, მოსცილდე მას... გამოეყო... დაინახო იგი... იმ დროის განმავლობაში, როდესაც შენ კითხულობ, იგი არ მოსცილდება ამ ოთახს ისევე, როგორც მე და გითვალთვალებს, რადგან ყოველივე ეს მხოლოდ საბაბია... საბაბია... საბაბია... და ის, რასაც ამოიკითხავ აქ, მხოლოდ ჩემია და საინტერესო მხოლოდ ჩემთვის... ნამდვილი კი ახლა იქმნება, ამ წუთში, ამ წამში, ამ თვალსაწიერში... ამ თვალსწრებაში... როდესაც შენ გიჭირავს ეს ფურცლები და ცდილობ, შეიგრძნო... განიცადო... დაინახო... ჩასწვდე... ყოველივეს, რაც ჩემს კუთვნილებას წარმოადგენს... და ამგვარად შენ თვითონ იქმნები ახლა... აქ... ყოველწამიერად... ჩვენი გაყოფა შეუძლებელია... ჩვენ ერთი ვართ... მე... შენ... ის... ერთი და იგივეა... და ნამდვილ წიგნს მე სწორედ ახლა ვწერ... და წიგნი ესე არს წიგნი შენი ცხოვრებისა და შესახებ იმისა, თუ როგორ შენ კითხულობ ამ წიგნს და რა კავშირები ჩნდება შენს ხილვათა ნამზერში... რა განცდები... შენს თავში... გარემო, რომელიც შენ გარტყია გარს ამ წიგნის გარემოა... და შენ უნდა დაამყარო კავშირი ამ ხილულსა და ჩემს გარემოს შორის, რომელიც შენა ხარ... ეს არის წიგნი დროის შესაქმის შესახებ და წიგნი სივრცეზე...
და მე ვიძირები...
სხეული ნახევრად დაფარულია და გასული მხედველობის არიდან... თვალები დახურული... თანდათან უჩინარდება ყველა სიტყვა... რომელიც ოდესმე წარმომითქვამს... ან მსმენია... ან მინახავს... ქრება ყველა სანთელი... უქმდება ყველა გზა... ქრება ყველა ნათურა... შენ სხეული ხარ.
ახლა მე წარმოვთქვამ სიტყვას... მე ვხედავ... როგორ მოძრაობენ ტუჩები... განიცდი თუ არა შენ იმ დაძაბვას, რომლითაც იგი ცდილობს, გადალახოს ეს სივრცე... ჩამინული ფანჯრები... ლორწოვანი... მჭრელი ნატეხები დასერილ ტუჩებზე... ის გამჭვირვალეა... სისხლსავსე ტუჩებიდან გამოედინება ბგერათა კომპლექსები... ეს სიტყვაა... ეს ხატია... ხილვადი და სმენადი... ვის ეკუთვნის იგი? სად არის იგი? მის მზერაში თუ ჩემს ბაგეებში... ბაგეებში... შობილი სიტყვა... თუ შენს სმენაში? იქნებ ეს სხეულია?... თუმცა, შეიძლება, სხვაც იყოს, მაგალითად, შენ! სიტყვები... აზრები... ხატები... წინადადებულია თავისთვის და მე... ის... შენ... ვათლით მას... თხელ კანს ჩანგალზე ჩამოკიდებულ ბეკონს... და ვტენით ერთმანეთს შესაძლო მნიშვნელობებს... ახლაც ისმის ხმები... მაგრამ ვინ წარმოსთქვამს მათ... კაცი შენ წინ ამოძრავებს ტუჩებს... თუ არ ამოძრავებს. რხეული იგი ნა... მზერის მხედვაობა... ოდნავ განათებული, ყვითელი სინათლე მის კანზე... ზღვის ქაფში ჩადებული სველი სხეული... ჩუმი ვარსკვლავები ღამურებით ღამეში და შენი თითები მის სველ ბარძაყებზე... ის ნელა აბრუნებს მზერას და შენ გრძნობ მისი თვალების შეხებას სველი კანის ქვეშ და შენი სხეული ხევდება ზღვის ქაფში განათებული მკრთალი ყვითელი სინათლით... მორი. ორი ნაბიჯი განზე. მას აიძულებენ, ხელები თავზე შემოიწყოს და შებრუნდეს... სხეული ნელა ეშვება ჩემ წინ... გადახერგილი გზა... ძაღლი ნელა მოღოღავს დერეფანში და მოათრევს თავის სველ ბალანს... ის იწევს მარცხნივ... სხეულიდან... ეს ხომ იგია! შენ იცვლი ადგილს. ოთახი, რომელშიდაც შენ იმყოფები, ცარიელია. ამის თაობაზე არის საგანგებო დადგენილება: შემოისაზღვროს შენთვის საჭირო ფართობი იმ სხეულით, რომელიც საჭიროებს ამ ფართობს! ამიტომაც, ახლა მაგიდას უკავია ის ფართობი, რომელიც მას უკავია... მე აღარ გავიმეორებ ამას, დაიმახსოვრე! სივრცის კონფიგურაცია დამოკიდებულია იმ სხეულებზე, რომლებსაც უჭირავთ ეს სივრცე, რომელიც უჭირავთ... ამ დადგენილებიდან გამომდინარეობს კანონი: ყოველი სხეული წარმოადგენს საზღვრულ, მაგრამ უსასრულო სივრცეს. შენი თვალები ეხებიან ამ სივრცულ საზღვრებს... ხელი თხელ აპკზე... მიბმული საკუთარ სხეულზე... გრძელი საბელით... რომლის ბოლო იკარგება დერეფნის სიბნელეში... ვის უკავია იგი?.. საწოლი, რომელზედაც იგი წევს, დგას კედელთან. თუ იგი ახლა