დროდადრო
რა ჰქვია დროს, როცა მწერალი უბის წიგნაკში, ან ფურცელზე, ან კედელზე – ფიქრს ინიშნავს, ნააზრევს იწერს?
მოცალეობა? თუ ეს ვეფხისტყაოსნური მოცალეობაა, მაშინ ყველა ნამდვილი მწერალი მუდმივად შეყვარებული ყოფილა – მხოლოდ სიყვარულით მობრიალე გული თუ გამოსტაცებს ყოველ წამს მარადისობას.
ადამიანის, სამშობლოს, ღვთის სიყვარულით ანთებული გული.
იქნებ ყოვლად ჩვეული მოუცლელობაა ამის მიზეზი, ან სულაც სიჩუმე, ან პირიქით – მხატვრულ ტექსტში ვერდატეული სათქმელის ტკივილი, ფუთფუთი, ღრიალი შემოქმედის სულში?!
მოკლედ, უსახელო პროცესია. სამაგიეროდ, როცა დიდი მწერლის ჩანაწერებს კითხულობ, საქმე სრულიად განსაკუთრებულ შინაარსთან გაქვს.
დიდი მწერლის ჩანაწერებიც, ისევე, როგორც მთელი მისი შემოქმედება, მისი ცხოვრება – მისივე ქვეყნის ბიოგრაფიაა. დიდი მატიანეა: შენივე სინამდვილე თავიდან გეძლევა – წლებით, თვეებით მონიშნული, კითხულობ მათ და გიკვირს, რამდენი გიცხოვრია, გიომია, ან ამდენი ტყუილის და მართლის შემდეგ როგორ გადარჩენილხარ...
ხოლო ამქვეყნად ყველა დაწერილი სიტყვის უფლებით კი დიდი მწერლის ჩანაწერებს, ყველაზე მეტად მომავლის მიზანი ახლავს. რადგან დრო ბორჯღალივით ბრუნავს და დროდადრო ყველა სიტყვას წინ გიხვედრებს. შენ, მომავალმა, ამ მარადიულ ტრიალში ნამდვილი და დიდებული უნდა იცნო.
თქვენს წინაშეა დიდი მწერლის – ოთარ ჩხეიძის ჩანაწერები.