სახეები და სიტუაციები ერთი სიცოცხლის სამი ნაკადი
მისი მშვენიერებით მოხიბლულმა გოეთემ კი შესძახა: „ შეჩერდი, წამო! “ -ო, მაგრამ წამი არასოდეს შეყოვნებულა. დასაბამიდან ისეთივე სიჩქარით განაგრძობს მოძრაობას, როგორც ტუტანხამონის ეპოქაში, ანაც იმ წუთებში, როცა მზე თამარი ახლადდაბადებულ შვილს – ლაშა-გიორგის უღიმოდა.
ჟამი სრბოლას განაგრძობდა და განაგრძობს – აი, ახლაც, ვიდრე თქვენ ამ სიტყვებს კითხულობთ, რამდენიმე წამი წარსულად იქცა.
თუმცა, გოეთეს შეძახილი მაინც სრულდება – წამის შეჩერება მას ძალუძს, ვინც თავის ფიქრს, განცდას, აზრს ქაღალდზე გადაიტანს. მხოლოდ კალამს ძალუძს დროის შეჩერება. კალმით შეჩერებული წამი არა წარსულის, მომავლის კუთვნილება ხდება. მომავალი კი იმას ითავისებს, რაც საჭიროდ, მნიშვნელოვნად მიაჩნია.
ჩემი ცხოვრება სამ განზომილებაში მოექცა:
ებრაელი ვარ, ვცდილობ ვიცხოვრო, როგორც ებრაელმა – ვატარებდე ებრაელი კაცის მძიმე ტვირთს.
ქართველი მწერალი ვარ, ვცდილობ ვიცხოვრო ქართველი მწერლის არც თუ იოლი ხვედრით.
ერთ რუს მეცნიერს უთქვამს: ებრაელი და თანაც ქართველი? ეს ძალიან მძიმეა.
მიუხედავად ამისა, მე მაინც ჩემსაზე ვდგავარ.
ეს ერთი, მეორე: ლამის სამი ათეული წელია რამდენიმე – ერთობ პრესტიჟული საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციის ხან რიგითი წევრი ვარ, ზოგჯერ ხელმძღვანელ ორგანოებში არჩეულიც კი – ამის გამო წლების განმავლობაში მსოფლიოს ებრაელთა ცხოვრების შუაგულში ვტრიალებ.
დიდებული ქართული მწერლობის წიაღში კი მრავალ ძვირფას, სათაყვანებელ შემოქმედთან მქონია ურთიერთობა.
და მესამე ნაკადი ერთი ადამიანის სიცოცხლისა – ქართული თეატრი – დიდი, მასულდგმულებელი ტაძარი. ამასთან ერთად, საუკუნის მეოთხედზე მეტია ვრედაქტორობ არსებობის ასმეორე წელიწადში გადამდგარ ჟურნალს „ თეატრი და ცხოვრება “ . აქ კი ბევრი რამ იყრის თავს, ისე როგორც ოკეანეში.
ეს წიგნი ასეთმა ცხოვრებამ შემაქმნევინა – ცხოვრების ამგვარმა წესმა და კიდევ იმან, რომ ძალიან მიყვარს ადამიანების ბუნებაზე, ქცევაზე, ცხოვრების მოვლენებზე დაკვირვება.
ეს წიგნი ბოლო 25 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე იწერებოდა. ახლაც იწერება. იწერება ის, რასაც ამ წუთში ვფიქრობ, განვიცდი, ვხედავ, ვხვდები.
ვნანობ, რატომ ადრე არ დავიწყე – მანამდე რას ვაკეთებდი?
სიტყვა
შენი დაწერილი სიტყვა... მტანჯველი ფიქრით, ათას გზის განცდილი სიტყვა განიჭებს ძალას, ის გაგხდის უძლიერესად და ბეჩავად. რამდენ სიხარულს მოგანიჭებს თავის დროზე, თავის ადგილას ნათქვამი სიტყვა. მაგრამ რაოდენ დროულად და ადგილზეც არ უნდა იყოს ნათქვამი, ერთ უნიჭო მსახიობს ძალუძს გული მოგიკლას! რამდენჯერ ყოფილა, სცენიდან ისმენ შენს დაწერილ სიტყვას და იატაკს დასცქერი, ნატრობ: ოღონდ აქ არ ვიყო, გინდაც მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოსო, რადგან წინ, უკან, გვერდით სხედან ნაცნობები, უცნობები, ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ქირქილებენ კიდეც ამ უმწეობის გამო. შენ კი ისმენ არა სიტყვებს, ყურს გჭრის კენჭების რაკა-რუკი და ამ წუთში შენზე საცოდავი არავინაა ქვეყნად – შენ ყველაზე მიუსაფარი ხარ, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგიცავს, რადგან შენ თავად ინებე ასე, თავად დასდე თავი საჯალათო კუნძზე. ჯალათი აღარც არის საჭირო – შენი ჯალათი, ისევე როგორც შვების, სიხარულის მომგვრელი, შენს მიერვე დაწერილი სიტყვაა.
მაგრამ მიხვალ სხვა თეატრში, ნახავ სხვა რეჟისორის მიერ იმავე პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, ისმენ სხვა, ნამდვილი მსახიობის მიერ წარმოთქმულ იგივე მონოლოგს, იგივე სიტყვებს და... სიტყვა ცოცხალია, სიტყვა სუნთქავს, ფერიცა აქვს, წონაც, სიმსუბუქეც და სწორედ ის დინამიკა, ის განწყობა, რომელმაც შვა სიტყვა, ფრაზა და, რომელიც სიტყვას, ფრაზას თავის ადგილზე და თავის დროზე ესოდენ საჭიროდ წარმოაჩენს .
და მსახიობის მიერ წარმოთქმული სიტყვა კენჭებივით არ ცვივა იატაკზე. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. მაგრამ განა ბედნიერება არის ხშირი სტუმარი?
აი, თეატრში ცხოვრებაგამოვლილი ლაშა თაბუკაშვილი. მსახიობის მიერ არასწორი ინტონაციით წარმოთქმული სიტყვა მის მზერაში შეძრწუნებად გაიელვებს. წარმოდგენის შემდეგ კი საცოდავი სანახავი იყო. აშკარა გახლდათ, რომ ეს ორი საათი მძიმე გამოდგა მისთვის. ღონეგამოცლილი, არაქათგამოლეული აკვროდა კედელს.
„ სოვრემენნიკში “ „ პირისპირ “ -ის რიგითი სპექტაკლის შემდეგ დრამატურგი ალ. გელმანი ნახევარ კაცს ჰგავდა, ყოველ შემთხვევაში, ის არ იყო, რაც სპექტაკლის დაწყების წინ – სალმიანი, მომღიმარე და მოალერსე.
ყველაზე დიდ მღელვარებას ჩემი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი მგვრის. აქ ყოველი მსახიობი თავის როლს თამაშობს – ერთი ადამიანის როლს – მე კი ყოველი პერსონაჟისას. ამ წუთებში ერთი რამ მანიჭებს შვებას – ვიცი, აქვე სადღაც, კულისებში ან გამნათებელთან სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დგას. ის ჩემზე უარეს დღეშია, ის ჩემზე მეტად განიცდის და სპექტაკლის შემდეგ მართლა გულით გადავეხვევით ხოლმე ერთმანეთს.
დრამატურგის