ელიგულა და ხავა ელიგულას მამა – ცნობილი ვაჭარი და ქალაქის ხმოსანი იმ საღამოს ასე იგონებს:
– ჩამობრძანდა, ბატონო, ეს რუსული თეატრი – კარგად მივიღეთ, ვერავინ გვისაყედურებს, არაფრად ჩააგდესო, ჩვენი ქალაქი ხომ სიყვარულიანობით, გატანით, სტუმრის პატივისცემით არის ცნობილი. მივედით ისე, რავარც გვეკადრება. დარბაზს რომ გადახედავდი, ისეთი ხალხი მოსულიყო, გული გაგინათდებოდა და კიდევ ერთხელ გადაუხდიდი გამჩენს მადლობას, ამნაირ ქალაქში რომ მოგიწია ცხოვრება: დიდი ვაჭრები, ვექილები, მწერლები, გამჩენისა და ხელმწიფისაგან დაფასებული ხალხი. ზოგი თავადი ახლო-მახლო სოფლებიდანაც კი ჩამობრძანებულიყო, რუსული თეატრი გვეწვია, მიგებებაც უნდა, ტაშიც და დასამახსოვრებელი გასტუმრებაცო, მაგრამ... ფარდა გახსნილიც არ ჰქონდათ, დაიწყეს და რა დაიწყეს, მტრისას და ავისას: დასცხეთ ურიებს, თუ ურიებს ბდღვირს არ გაადენთ, რუსეთი ხელში შემოგვადნება, ვიღუპებითო. ეს სიტყვები დარბაზში რო ტყვიებივით გადმოისროლეს, იმ ღირსეულმა კაცმა – ნიკო ბატონმა, ჩემს შორი-ახლო იჯდა – ისე გადმომხედა, გეგონებოდათ, ბოდიშს მიხდიდა: მე მაპატიე, ჩვენს ქალაქში ზოგჯერ ამნაირი ხალხიც რომ ჩამოდისო – იმან მიიჩნია თავი ბრალეულად. როდის იყო, მწერალს ეკითხებოდნენ, ვინ ჩამოვიდეს ქალაქში და ვინ – არა. ბრალეული მე უფრო ვარ, ვიდრე ის: თეატრი გვსტუმრობს და მაგათი მიღება – პატივისცემის ხარჯებს ხომ არ ინებებდითო. კი ბატონო-თქვა, არ ვაკადრე უარი, არ გავაწბილე ხალხი. იმათ კი კიდევ და კიდევ რო იყვირეს, ურიებს დასცხეთო, იქნება იმ სულმადლიანმა კაცმა დამაკვალიანოს რა ვიღონო, როგორ მოვიქცე-მეთქი და ახლა მე მივუბრუნდი: „რა არი ეს, ნიკო ბატონო, რა ვქნათ, რა გვეშველება?“ მწერალმა მხრები აიწურა: „არ ვიცი, ბატონო, მე მაგდენი ცოდნა ვინ მომცა!“ წამოდგა, მეზობელს მიუბრუნდა: „გამატარე, შვილო, თავმოყვარე კაცი აქ რავა გაჩერდება!“ და ბუზღუნით გავიდა დარბაზიდან. მწერალი გასულიც არ იქნებოდა, ჩვენს წინ, მესამე, თუ მეოთხე რიგში ვიღაცამ შესძახა: „ნე გოჟე, გოსპადა, ნე გოჟე!“ ბევრმა ვერც გაიგო, თუ რას ნიშნავდა ეს „ნე გოჟე“, მაგრამ ის კაცი რომ წამოდგა და ჩაილაპარაკა „რატო უნდა ვუყურო, ამ ამბავს, რა დამიშავებია, გზა, გზა!“ ყველა მიხვდა, თუ რას ნიშნავდა ეს „ნე გოჟე“. იმ კაცის წამოდგომა იყო, ადამიანები ერთი გუნდივით დაიძრნენ გასასვლელისაკენ.
არა მხოლოდ თვითონ, არონის შორეული წინაპრებიც კი ამ ქალაქში დაიბადნენ. ცხადია, ამ ქალაქის ნაწილად ქცეულიყვნენ. თუ რამ სასიკეთო კეთდებოდა, უხაროდათ, ამგვარ საქმეში გარევას არ ერიდებოდნენ, მაგრამ თუკი ქალაქის ღირსებას ჩრდილს რაიმე აყენებდა, სწუხდნენ, თავადაც მიაჩნდათ თავი ბრალეულად. ალბათ, ამიტომაც იყო: არონ ელიგულაშვილი იმაზე არაფერს ამბობდა, რომ იმ საღამოს თავად არც კი განძრეულა. ჰკითხეს კიდეც, შენ რატომ არ წამოდექი და არ გაჰყევი იმ ღირსეულ კაცებს, იქნებ, პირველიც კი უნდა წამომდგარიყავ, პროტესტის გამოთქმა ჯერ როგორც ებრაელ კაცს, მერე კი, ამ ქალაქის ხმოსანს გევალებოდაო. პასუხად მხრები აიწურა. ქალაქის კიდევ ერთი ხმოსანი, მუდამ მომღიმარი თავადი ნიჟარაძე ხითხითით ამბობდა: „აგინი? აგინი, იუდეველნი, ბოშო, მიჩვეულნი არიან, უდრტვინველად იტანდნენ ყოლიფერს, ჩვენ გადავირიეთ, ჩვენ ვერ ავიტანეთ იმ სულაძაღლებულთაგან ისრაელიანების ლანძღვა-გინება, ქართველებმა, თვარა, არონი? ისე უშფოთველი იყო, იფიქრებდით, თავისი გემის მოლოდინში პრისტინზე ჩამომჯდარაო“. ამაზე ვიღაცამ შეგონების კილოთი, დინჯად ბრძანა: იმიტომ არ წამოდგა, დარბაზი იმიტომ არ დატოვა, ეწადა, თვალი ედევნებინა, ვინ დაგვიჭერს მხარს, ვინ გამოხატავს უკმაყოფილებას, ასე რომ გვლანძღავენ, ამ ქალაქს, მის მოსახლეობას ყოველთვის მხარში რო ვუდგევარ, აბა, ჩვენთვის ვინ გამოიდებსო თავს.
არც ერთი იყო მართალი და არც – მეორე. არონ ელიგულაშვილს თავადვე ვერ გაეცნობიერებინა, თუ რატომ არ წამოდგა. არც რომ უფიქრია წამოდგომა? თავსაც ვერ პასუხობდა რატომ იმავე წამს არ წამოხტა და არ გაჰყვა მშობლიური ქალაქის ღირსეულ კაცებს. იმიტომ რომ ხმოსანი გახლდათ და ამგვარი მდგომარეობა სათქმელისა, თუ საქნარის ათასჯერ გაზომვა-აწონვას ავალებდა? კი, დინჯიც უნდა ყოფილიყო, აუჩქარებელიც, მაგრამ იმ დიდებულ ქართველ მწერალზე, არტისტზე – მთელი იმპერიის თეატრალური სამყარო რომ ეთაყვანებოდა, დინჯი და აუჩქარებელი არონ ელიგულაშვილი რატომ უნდა ყოფილიყო?
საქმე სულ უბრალოდ იყო: სცენიდან მოსმენილს ისე დაეთრგუნა, წამოდგომის, წელში გამართვის ძალაც ვეღარ მოიკრიბა. ღონეწართმეული იჯდა და ფიქრობდა: „რას უნდა ნიშნავდეს ეს ამბავი? ჩვენს ხალხს წალეკვით რატომ ემუქრებიან? ჩვენი ეშინიათ? გამოდის, ეშინიათ. რატომ? ებრაელობას ხომ არც ჯარი ჰყავს და არც – თავისი სახელმწიფო აქვს, ხვალ რომ რუსეთს მოსდგეს. რატომ, რისთვის უნდა ეშინოდეთ ამ ხალხის, რაში ხედავენ მის ძალას? იმაში, რომ შრომა უყვართ? უშრომელი ერი ქვეყანაზე არ არი – ყოველი ერის შვილი შრომობს.