ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე ბოლო ერთი წელია, უცნაურად კითხვას მივეჩვიე...
შინიდან წამოღებულ, ანდა ბუკინისტების დახლიდან პირდაპირ სამუშაო ოთახში მიტანილ წიგნს საწერ მაგიდაზე ვდებ, მერე, როგორც კი თავისუფალ დროს ვიხელთებ, ვშლი და კითხვას იმ გვერდიდან ვიწყებ, რომელზედაც გადაშლისას აღმოვჩნდები. გადაშლით კი წიგნი შეიძლება, სულაც არ გადაგეშალოს მაინცდამაინც პირველ გვერდზე, პირიქით, გაცილებით ხშირად შუა ნაწილისკენ გადაიფურცლება ხოლმე, როგორც საშუალო ზომის, ისე სქელტანიანი ტომი. რომანები იშვიათად ხვდება ჩემ მაგიდაზე, უფრო ბიოგრაფიულ და ესეისტურ ტექსტებს ვეტანები. მათი კითხვა ამგვარადაც დასაშვებია, თუმცა რჩევით არავის ვურჩევ, რომ მომბაძონ და ორი კვირის ან ერთი თვის მანძილზე მეორასე გვერდიდან დაწყებული კითხვა ხან მეთორმეტე და ხან სამასოცდამეშვიდე გვერდიდან გააგრძელონ...
ამჟამად პიტერ აკროიდის ფუნდამენტური, ცხრაასგვერდიანი ნაშრომი მიდევს წინ - „ლონდონის ბიოგრაფია“, რომელშიც სამოცდათხუთმეტი ლარი, თითქმის ორმოცდაათი დოლარი გადავიხადე. რამდენიმე წლის წინ, როცა ეს წიგნი პირველად გამოჩნდა ინგლისის წიგნის ბაზარზე, ლონდონიდან დაბრუნებულმა ჩემმა ძმობილმა, ჩამთრევი რომანების უბადლო მთხზველმა გიო ახვლედიანმა მითხრა, ძალიან მინდოდა მისი ყიდვა, მაგრამ ვერ შევწვდი, ორმოცდაათი ფუნტი ღირდაო...
სამი დღეა, რაც ამ განძის მფლობელი გავხდი და მხოლოდ ორჯერ მოვახერხე მის წიაღში ჩაყურყუმელავება. პირველად ის თავი წავიკითხე, სადაც ლონდონის ლუდხანებისა და ტავერნების ამბავია მოთხრობილი. 1730 წელს თომას ბრაუნს უთქვამს, აქ იმდენი ლუდხანაა, გეგონება, ღმერთებიდან მარტო ბახუსს ეთაყვანებიანო. შეძლებულები ღვინოს ეტანებოდნენ თურმე - რაინისას, ბურგუნდიულს, გასკონიურს და მადერას, ღარიბები კი - ელს და ლუდს. ამ თავს მოხდენილი სახელი - „თითო ყლუპი“ - ჰქვია.
თითო ყლუპისა რა მოგახსენოთ და თითო კათხის გადაყლურწვაზე შეთანხმებული მსმელი ბიჭები, ვთქვათ, ჯეკი, უილი და ტომი, ბარე ათ-ათსაც შთანთქავდნენ რომელიმე „გაი ფოქსში“ ან „რკინის ჰერცოგში“ და ერთი-ორი საათის შემდეგ, ჭარხლებივით დაწითლებულები და ტიკებივით გაბერილები, მძიმე მუშტებსაც დააყრიდნენ ერთმანეთს...
იმ თავში კი, სადაც საუბარია სახრჩობელებსა და სათოკეებზე, ასეთი რამ ამოვიკითხე - ხვ საუკუნეში ჩამოხრჩობით რვა სახის დანაშაული ისჯებოდა, მათ შორის ხანძრის განზრახ გაჩენა და ე. წ. „მცირე ღალატი“ (ცოლის მიერ ქმრის მოკვდინება), მაგრამ, თუკი სიკვდილმისჯილი ბიბლიის ნაწყვეტის, კერძოდ - ორმოცდამეათე ფსალმუნის პირველი ლექსის ზეპირად წარმოთქმას შეძლებდა, ის უმალ ბერი ხდებოდა და ეკლესიის განკარგულებაში გადადიოდა. თითქმის ორი ასწლეულის მანძილზე წიგნიერება გახლდათ ღირსება, რომელსაც მისი მფლობელის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო.
გავარჯიშებული წარმოსახვის მქონე ადამიანს არ გაუჭირდება წარმოიდგინოს ბრბოთი გადავსებული, უბადრუკი შენობებით გარშემორტყმული მოედანი, მოედანზე ეშაფოტი და ეშაფოტზე, სქლად განასკვული ყულფის ქვეშ - გაძვალტყავებული, სახეჩანაცრისფრებული სიკვდილმისჯილი, რომელიც აკანკალებული ხმოთ იწყებს, - „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი...“
თუ არ ვცდები, პატრიკ ზიუსკინდის რომელიღაც პესონაჟი დარდობს, ბევრს კი ვკითხულობ, მაგრამ წაკითხული წიგნებიდან თითქმის აღარაფერი მახსოვსო. ბოლო დროს მეც ასე ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ მეხსიერების საქმე ცუდად მქონდა. არ გამოვრიცხავ, რომ მართალიც ვიყავი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მეხსიერება არ არის მხოლოდ წაკითხული წიგნების საცავი, რომელსაც გამოაღებ, როცა გინდა, გამოიტან სასურველ წიგნს და ხელახლა გადაიკითხავ გონების თვალით. მეხსიერება გაცილებით რთული წარმონაქმნია, ის მარტო ტვინის ხვეულებში არ გახლავთ განთავსებული, ის გაფანტულია ყველგან - ფეხის თითებიდან მოყოლებული, თვალებით დამთავრებული და გონებასთან ერთად წარმართავს ჩვენი ფიქრების მდინარებას, სხეულის მოძრაობას, ჟესტიკულაციას, მიმიკას. რაც არ ახსოვს გონებას, ახსოვთ კიდურებს, კუნთებს, მხედველობის, სმენის, ყნოსვის ორგანოებს. წაკითხული წიგნების გარდა, მათ ბევრი სხვა რამეც ახსოვთ, თუნდაც საქციელი ან გამონათქვამი პიროვნებისა, რომელსაც ბავშვობაში ან მოწიფულობაში მოწიწებით, სულაც აღფრთოვანებით შევცქეროდით. თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ ის, რასაც სხვათა მსგავსად, მეც მეხსიერებას ვუწოდებ და მისი გაუმართავი მუშაობის გამო წუხილს გამოვთქვამ, ტრანსფორმირებული სახით განაგრძობს აქტივობას და მისი სახელი - გამოცდილებაა...
ორჰან ფამუქის ესეების კითხვისას შევიტყე, რომ თურმე თურქ მწერალ ოგუზ ატაის უთქვამს, ვიღაცის ასლი ვარ, მაგრამ ვისი, აღარ მახსოვსო. ჩემი ბოლო ტექსტი „კვლავაც მოდური სილუეტები“ ნაწილობრივ ეხმიანება ამ თემას - მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად „ზაალ სამადაშვილის“ ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო - ვინ არის ის ვიღაც? ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი, ვისაც სულ უფრო და უფრო ვემსგავსები გარეგნულად, დაბადებიდან ორმოცდაათი წლის გასვლის შემდეგ. ულვაში სწორედ ორმოცდაათი წლისამ