შესავალი ანას, ჩემ სხვას
2008 წლის ნოემბერში (რიცხვი ზუსტად არ მახსოვს) დამირეკა ერთ-ერთი ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორმა და საახალწლო ნომრისთვის მოთხრობის დაწერა მთხოვა. სწორედ ამ თხოვნის შედეგად დაიწერა ეს წიგნი. რაც შეეხება ჟურნალის დასახელებას, მას მკითხველი სამ ცდაში აუცილებლად გამოიცნობს, რადგან საქართველოში სულ სამი ლიტერატურული ჟურნალი გამოდის. მიუხედავად ასეთი ჩამორჩენილობისა, ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, არ დავყრით ქუჩაში ნაგავს, დავიცავთ მოძრაობის წესებს და არ მივცემთ და არ ავიღებთ ქრთამს; ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ეს ანდაზა, როგორც ანდაზების უმეტესობა, ზოგადად ძალიან საეჭვო ჭეშმარიტებას ღაღადებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთლად ზუსტად თუ არ არის ნახმარი, არც თვალშისაცემად უზუსტოა და ვტოვებ, მითუმეტეს, რომ ამ წამს სხვა ანდაზა ან ფრთიანი გამონათქვამი გალაკტიონ ტაბიძის „ ფრთები, ფრთები გვინდას “ გარდა არ მახსენდება და თან, დიდი ეჭვი მაქვს, მთლად ზუსტად ვერ ვიხსენებ. ასეც რომ არ იყოს, ფრაზა პათეტიკურია და ჩვენი ტექსტის განწყობას არ შეესაბამება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ შეესაბამება.
რედაქტორთან საუბრის შემდეგ მობილური ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, სიგარეტის ნამწვი ქუჩაში დავაგდე, ქუჩა არასწორად გადავჭერი და სახლისკენ მთლად ჰერი-ჰერით არა, მაგრამ მხნედ დავიძარი.
საბედნიეროდ, არავისთვის არ მქონდა მისაცემი ქრთამი და სამწუხაროდ, არც არავის არ ქონდა ჩემთვის ქრთამი მოსაცემი. ასეთი უანგარო მდგომარეობა პროზის საწერად ზედგამოჭრილია.
1.
სხვა მწერლების მიერ პროზის შესახებ გამოთქმული იდეების განვითარებას ან უარყოფას (რაც, თავისთავად, განვითარების რადიკალური ფორმაა) საკუთარი ლიტერატურული გამოცდილების მიხედვით ვახდენ. ჩემი ლიტერატურული გამოცდილება, რა თქმა უნდა, უნივერსალური არ არის, აქედან გამომდინარე, მართებული იქნებოდა, წიგნისთვის „ ჩემი პროზის შესახებ “ მეწოდებინა, მაგრამ ეს სახელწოდება ორი მიზეზის გამო დავიწუნე, მიზეზი პირველი: ასეთი სათაური აქვს ხ.ლ. ბორხესის ცნობილ ლექციას, მაგრამ ეს სუსტი მიზეზია და პირდაპირ რომ ვთქვა, თავისუფლად დავიკიდებდი ფეხებზე, რომ არა გაცილებით მნიშვნელოვანი მეორე მიზეზი: ვთვლი, რომ ჯერჯერობით ჩემი პროზა არ არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს ჩემ მიერ დაწერილი წაკითხვის ღირსი რამდენიმე ნაწარმოები, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩემი პროზის არსებობას. ეს არ არის პოზიორობა და ყალბი თავმდაბლობა, პირიქით, ეს ძალიან ამბიციური განცხადებაა, რადგან ჩემი პროზის არარსებობაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი ნაწერები არ არის ისეთი დიდი და დამოუკიდებელი მოვლენა, როგორც, დავუშვათ, დოსტოევსკის ან ტოლსტოის პროზა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სამყაროში ჯერჯერობით არ არსებობს დ. ქართველიშვილის პარარლელური სამყარო. სამაგიეროდ არსებობს პროზა და ვარსებობ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) მე, ამიტომაც წიგნს „ პროზისა და საკუთარი თავის შესახებ “ დავარქვი.
2.
სამზარეულოში, მაგიდასთან ვზივარ. ლობიოს და პურს ვჭამ, რა თქმა უნდა ვიცი, რომ რამდენიმე მართლაც დიდი და ასევე ბევრი საშუალო მწერალი შიმშილით მოკვდა და მორალური უფლება არ მაქვს, უფრო მრავალფეროვან და მსუყე სადილზე ვიფიქრო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რადგან როგორც ადამიანების უმრავლესობას, მეც წარსულისადმი ამორალური დამოკიდებულება მაქვს ანუ ძირითადად მის იგნორირებას ვახდენ.
ვფიქრობ მრავალფეროვან და მსუყე სადილზე, უფრო სწორად, ასეთი სადილის მოპოვების ლიტერატურულ ხერხზე და ათასმეერთედ ვიღებ გადაწყვეტილებას, დავწერო დეტექტივი ან ჯაშუშური რომანი, ან სენტიმენტალური აბდაუბდა დიასახლისებისათვის.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალი ოთარ ჩხეიძე თავის ერთ-ერთ წერილში (თუ არ ვცდები წერილი ივანე მაჩაბელს ეხება) აღნიშნავს, რომ ქართველმა მკითხველმა დეტექტივი და სენტიმენტალური რომანი არ მიიღო და ამიტომაც ჩვენში ეს ჟანრები არ განვითარდა. ეს ნაწილობრივ სწორია, ანუ ქართველმა მკითხველმა არ მიიღო ქართული დეტექტივი და სენტიმენტალური რომანი, თორემ ვერ ვიტყვით, რომ ქართველები არ კითხულობენ ბრიტანულ და ამერიკულ დეტექტივებს ან ლათინოამერიკულ საპნის ოპერებს. პრინციპში, კითხვა აუცილებელი აღარ არის, რადგან მსგავსი რამეების ნახვა უკვე ტელევიზიით არის შესაძლებელი.
გამოდის, რომ ქართველებს ქართველი ჭკვიანი და პატიოსანი დეტექტივის და ქართველი პროვინციელი, სენტიმენტალური, მეოცნებე გოგონას არსებობის არ გვჯერა, ან ქართველ მწერლებს არ გვჯერა და აქედან გამომდინარე ასეთ თემებზე დამაჯერებლად წერა არ შეგვიძლია.
3.
ვისადილე. ნასადილევზე, როდესაც, გული და კუჭი დამდგარია, ხოლო იმას, რა ჭამე, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, კვლავ დიდ პროზაიკოსობაზე მეოცნებე დ. ქართველიშვილი ვხდები და რამდენიმე წუთის წინანდელი ჩემი სურვილი დეტექტივის ან სენტიმენტალური რომანის დაწერის შესახებ სამარცხვინოდ მიმაჩნია. ეს იყო წამიერი სისუსტე, ჩავარდნა, რომელიც ვახშმობისას აუცილებლად განმეორდება, რადგან არა მგონია, მრავალფეროვანი და მსუყე ვახშამი მელოდებოდეს. ჯერჯერობით კი კვლავ დიდი ლიტერატურის მისადგომებთან ვტრიალებ, რომელიც დეტექტიურ