წინათქმა
მასალები „კაუკაზიშე პოსტის“ შესახებ მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე მწირი იყო. 1947 წელს გამოცემულ გ. ბაქრაძის „ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიაში“ მისი დაარსების თარიღიც კი არასწორად არის მითითებული (1909 წელი 1906 წლის ნაცვლად). იქვე ვკითხულობთ: „რამდენი ნომერი გამოვიდა 1909-1917 წლებში – გამოურკვეველია. ბიბლიოთეკებში არ მოიპოვება“ (ბაქრაძე 1947: 206).
„კაუკაზიშე პოსტს“ იხსენიებს ლევან ასათიანი მის დამაარსებელსა და პირველ რედაქტორზე, არტურ ლაისტზე, საუბრისას იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებების შენიშვნებში (მანსვეტაშვილი 1936: 268-269). ასევე გაკვრით ეხება მას შოთა რევიშვილი (რევიშვილი 1969: 37).
„კაუკაზიშე პოსტის“ 1918 წლის 39-ე ნომერში დასტამბულ წერილს იმოწმებს აკად. პაატა გუგუშვილი 1946 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „გერმანელი კოლონისტები და ადგილობრივი გლეხობა ამიერკავკასიაში“ (გუგუშვილი 1946: 212).
1969 წელს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის შრომების მე-10 ტომში დაიბეჭდა რ. დოლიძის გამოკვლევა „რამდენიმე შენიშვნა საქართველოში გერმანელთა გადმოსახლებისა და მათს მეტყველებაში უცხო ენობრივი გარემოდან შესული ზოგიერთი სიტყვის ხმარების თავისებურებათა შესახებ“. გერმანელ კოლონისტთა მეტყველების დახასიათებისას მკვლევარი „კაუკაზიშე პოსტში“ გამოქვეყნებული მასალების მონაცემებსაც იყენებს (დოლიძე 1969: 111-119).
1974 წელს გამომცემლობა „მეცნიერებამ“ დასტამბა გურამ მანჯგალაძის წიგნი „გერმანელი კოლონისტები ამიერკავკასიაში“, რომელშიც „კაუკაზიშე პოსტის“ შესახებაც არის საუბარი (მანჯგალაძე 1974: 120-121).
1978 წელს „ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხების“ მე6 ტომში დაიბეჭდა ვლადიმერ ყავლაშვილის წერილი „გაზეთ „Kaukasische Post“-ის უცნობი ნომერი“ (ყავლაშვილი 1978: 243-246).
1981 წელს „მაცნეს“ (ენისა და ლიტერატურის სერია) მე-4 ნომერში გამოქვეყნდა ვენერა კავთიაშვილის ნაშრომი „ქართული ლიტერატურული თემატიკა ჟურნალ „Kaukasische Post“-ის ფურცლებზე“ (კავთიაშვილი 1981: 171-177).
„კაუკაზიშე პოსტის“ არსებობის შესახებ 1969 წელს, სტუდენტობისას, შევიტყვე ბატონ ნოდარ ტაბიძისაგან, მანვე შემაგულიანა გავცნობოდი თბილისში გამომავალ ამ გერმანულენოვან გაზეთს. თბილისის წიგნსაცავებში „კაუკაზიშე პოსტის“ სრული კომპლექტი არ აღმოჩნდა და ბატონი ნოდარისავე რჩევით ლენინგრადს გავემგზავრე, სადაც სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის ბიბლიოთეკაში მივაკვლიე კავკასიელ გერმანელთა პერიოდულ ორგანოს, მიკროფილმები დავამზადებინე და თბილისში ჩამოვიტანე.
იმ დროს, როცა ჩვენ ამ გაზეთის შესწავლას მივყავით ხელი, „კაუკაზიშე პოსტის“ შესახებ საგაზეთო წერილიც კი არ მოიპოვებოდა.
1971 წელს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ 21 მაისის ნომერში გამოვაქვეყნეთ „კაუკაზიშე პოსტის“ პირველი მიმოხილვა სათაურით „გერმანული გაზეთი თბილისში“ (ბრეგაძე 1971: 3). სადიპლომო ნაშრომიც, პროფ. ნოდარ ტაბიძის ხელმძღვანელობით, ამ თემაზე დავწერეთ (დიპლომის დაცვა 1971 წლის ზაფხულში შედგა).
1974 წელს „ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხების“ მე3 ტომში დაიბეჭდა „კაუკაზიშე პოსტისადმი“ მიძღვნილი ჩვენი ნაშრომი სათაურით „არტურ ლაისტის ჟურნალისტური მოღვაწეობიდან“ (ბრეგაძე 1974: 156-165).
1975 წელს ალმანახ „კრიტიკაში“ გამოვაქვეყნეთ სტატია „არტურ ლაისტის გაზეთი და საქართველო“ (ბრეგაძე 1975: 175-181), რომლის გავრცობილი ვარიანტი შესულია აგრეთვე ლიტერატურული წერილების ჩვენს კრებულში (ბრეგაძე 1982: 136-153).
1991 წელს გამოვიდა კრებული „საქართველო და ევროპის ქვეყნები“. მასში შეტანილია მამუკა შოშიაშვილის სტატია „თბილისის გერმანული გაზეთი – „კავკაზიშე (? – ლ. ბ.) პოსტ“ (1906-1921)“, რომელშიც მოყვანილია მწირი და არაზუსტი ცნობები „კაუკაზიშე პოსტის“ შესახებ. ავტორი გვაუწყებს: „რაც შეეხება გაზეთს „კავკაზიშე პოსტ“, საგანგებო გამოკვლევა ამ გაზეთზე არ მოგვეპოვება, თუმცა მის შესახებ აღნიშნულია რამდენიმე ნაშრომში“ (შოშიაშვილი 1991: 44). აქ სქოლიოს ნიშანია, ხოლო სქოლიოში მხოლოდ გ. მანჯგალაძის ზემოთ დასახელებული ნაშრომია მოხსენიებული. შემდეგ: „...მონოგრაფიულად უნდა იქნას შესწავლილი „კავკაზიშე პოსტ“ და მისი ადგილი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ჩემი სტატია დასაწყისია ამ საქმისა“ (შოშიაშვილი 1991: 44. ხაზგასმა ჩვენია. – ლ. ბ.).
ეს განცხადება უცნაურად ჟღერს; არც ჭეშმარიტებასა და არც მეცნიერულ კეთილსინდისიერებასთან მას არაფერი აქვს საერთო.
* * *
წინამდებარე წიგნის წამკითხველს ნათელი წარმოდგენა უნდა შეექმნას გაზეთის სახეზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე. მაგრამ ჩვენი ინტერესის უმთავრეს საგანს „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე კავკასიის, მეტადრე საქართველოს, შესახებ გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს. როგორ აისახა კავკასიელ გერმანელ კოლონისტთა პერიოდულ ორგანოში ქართული საზოგადოებრივი ცხოვრება, საქართველოს კულტურა და ისტორია, კავკასიის ხალხთა ლიტერატურა? რა ჟანრებს, რა ჟურნალისტურ ფორმებს მიმართავდა საამისოდ გაზეთის რედაქცია? როგორია ქართული თემატიკისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების ლიტერატურული და მეცნიერული დონე? ვინ არიან მათი ავტორები? რამდენად იჩინა თავი „კაუკაზიშე პოსტში“ იმდროინდელმა პროგრესულ-დემოკრატიულმა ტენდენციებმა? ამ კითხვებზე პასუხს წარმოადგენს ეს გამოკვლევა, რომელშიც პირველად არის გამოწვლილვით გაანალიზებული არტურ ლაისტის პუბლიცისტური და მთარგმნელობითი მოღვაწეობა, აგრეთვე რამდენიმე სხვა ავტორის უაღრესად საყურადღებო კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური ნაშრომები, რომლებიც დღემდე ჩვენი მკვლევარების ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი (კარლ ფონ ჰანის, ალექსანდერ ფუფაევის, ედუარდ იუონის, ვოლდემარ ფონ იუქსკიულის ქართულ-კავკასიურ თემატიკაზე შექმნილი მეცნიერული, მემუარული და მხატვრული თხზულებები).
ნაშრომის