მობი დიკი რეალური „პიროვნება“ იყო!
„მობი დიკის“ პირველი წიგნის წინასიტყვაობაში მელვილის ახალგაზრდობის წლებზე ვისაუბრეთ, იმ პერიოდზე, სანამ მწერალი გახდებოდა, ხოლო მისი ცხოვრების „ოფიციალური მწერლობის დროინდელი“ ნაწილი, როგორც შეგპირდით, აქ, მეორე წიგნში უნდა მიმოგვეხილა.
სამწუხაროდ, რამდენიმეკვირიანი ძებნის მიუხედავად, ვერც ნაბეჭდ ლიტერატურაში, ვერც ინტერნეტსივრცეში და, მით უმეტეს, ვერც ჩემს მეხსიერებაში ვერ მივაგენი ვერაფერ საინტერესოს, გარდა ზუსტი თარიღებისა და სხვა მშრალი ციფრებისა: მისი წიგნების გამოცემათა ტირაჟებიდან დაწყებული და ჰონორარებით დამთავრებული. ჰო, კიდევ ვალებისა და მევალეების სია - საკმაოდ გრძელი და შთამბეჭდავი...
სამაგიეროდ, თვალში საცემია მელვილის ბიოგრაფიის ერთი საინტერესო შტრიხი: ის მუდმივად „გარბოდა“. ზუსტად ისე, როგორც ნიუ-იორკის უმუშევრობას, ყოველდღიურ ამაოებას და წარუმატებლობას გაექცა ზღვაში, როგორც შემდეგ ბოცმანსა და კაპიტანს გაექცა კანიბალების კუნძულზე და ბოლოს, როგორც ზღვას გაექცა მწერლობაში, ზუსტად ისე მოუხდა 1857 წელს მწერლობიდან გაქცევა - მისი სახელი ათწლეულების მანძილზე დავიწყებას მიეცა.
არადა, 1851 წელს, „მობი დიკი“ სწორედ იმიტომ დაწერა, რომ უკვე „გასაქცევად“ ჰქონდა საქმე და ამ წიგნმა მართლაც შეუნარჩუნა მწერლის „სტატუსი“ კიდევ რამდენიმე წლით.
საქმე ის იყო, რომ „ტაიპისა“ და „ომუს“ შემდეგ, რომლებმაც მელვილს ზღვის, ვეშაპმჭერების, კუნძულებისა და კანიბალების უბადლო მცოდნისა და ამ ყველაფრის უშუალოდ განმცდელის სახელი მოუტანეს (ცხადია, „შესაბამისი ფულადი გამოსახულებითაც“), მისგან ყველა ამ თავგადასავლების გაგრძელებას ელოდა. მელვილმა კი რომანი „მარდი“ გამოაქვეყნა - ფილოსოფიური წიაღსვლებითა და სხვა „სირთულეებით“. ამერიკელი მკითხველი დაიბნა - ასეთი ლიტერატურისთვის მზად არ იყვნენო, ამის თქმა, ცხადია, მათი შეურაცხყოფა იქნებოდა, მაგრამ ამას რომ მელვილისგან არ ელოდნენ და საკმაოდ აგრესიულად თუ არა, ცივად შეხვდნენ - ეს ეჭვგარეშეა.
მელვილს ვალები ჰქონდა აღებული, ახალი სახლიც ნაყიდი და, სასწრაფოდ „გამოსწორდა“: იმავე, 1849 წელს გამოაქვეყნა „რედბერნი“, ხოლო რამდენიმე თვეში - „თეთრი ქურთუკი“. ორივე რომანი საკუთარი საზღვაო შთაბეჭდილებებით და თავგადასავლებით იყო გაჯერებული. ყველაფერი ისევ „თავის ადგილზე“ დადგა.
1851 წელს „მობი დიკიც“ გამოქვეყნდა და... ისევ „გაუბრაზდნენ“: რა არის ეს, ზღაპარი თუ რეალობა? ეს წიგნი ვეშაპებზეა, მეზღვაურებზე თუ ისევ „ფილოსოფოსობს“ (ისე, არც უამისობა იყო: მეგობრებსა თუ ლიტერატურულ სალონებში მელვილი, მართლაც, ფილოსოფიაზე უფრო მეტს ლაპარაკობდა, ვიდრე თავის საზღვაო თავგადასავლებზე ან ლიტერატურაზე, იმ პერიოდში აღფრთოვანებული იყო კანტით)?! მაგრამ „მობი დიკი“ მაინც ზღვასა და ვეშაპებზე იყო, ამიტომ, დროებით „დაინდეს“. თუმცა, მართლაც დროებით; აღარც ერთმანეთის მიყოლებით გამოსულმა კიდევ რამდენიმე წარუმატებელმა რომანმა „უშველა“ და 1857 წელს უკვე საბოლოოდ „გაიქცა“ მწერლობიდან - თითქმის 7-8 წლის განმავლობაში ამერიკის პროვინციულ ქალაქებში საჯარო ლექციების კითხვით, ფაქტობრივად კი, საკუთარი თავგადასავლების თხრობით ირჩენდა თავს და 1866 წელს საბოლოოდ „დანებდა“: ნიუ-იორკის საზღვაო საბაჟოს ინსპექტორის თანაშემწედ მოეწყო, სადაც 19 წელი იმუშავა.
მისი სახელი საბოლოოდ მიეცა დავიწყებას (მის სიცოცხლეში), იმდენად, რომ როდესაც ერთი მდიდარი ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალურად ჩასულა ნიუ-იორკში თავისი საყვარელი მწერლის სანახავად, ლიტერატურულ წრეებში მისთვის უთქვამთ:
- ჰო, იყო ასეთი მწერალი, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
პირველი წიგნის წინასიტყვაობაში ვთქვით, ბოლო 25 წლის მანძილზე მისი სახელი ერთადერთხელ, მისი გარდაცვალების მაუწყებელ განცხადებაში გამოქვეყნდაო. სიმბოლურია, რომ იმ განცხადებაშიც, რომელიც საბაჟოს ღვაწლმოსილი მუშაკის გარდაცვალებას იუწყებოდა, სახელიც კი არასწორად ეწერა: ჰენრი მელვილი...
ეს 1891 წელს მოხდა. მერე კი XX საუკუნე შემოტორტმანდა და ის მელვილის საუკუნედ იქცა. დამსახურებულადაც, და ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სანამ კაცობრიობას წერა-კითხვა არ დაავიწყდება, ყველა მომავალი საუკუნე მისი იქნება.
დაბოლოს: „ვინ“ იყო მობი დიკი? კაპიტნის ან თვით მწერლის აკვიატება? სიმბოლო ბოროტი ან სამართლიანი ძალისა?
ეს ყოველმა მკითხველმა თვითონ განსაზღვროს. აქ კი ამ კითხვას სრულიად კონკრეტული პასუხი შეიძლება გაეცეს: მობი დიკს პროტოტიპები ჰყავდა.
საერთოდ, ვეშაპებზე მონადირეთა ისტორია სავსეა თავგადასავლებით, ხიფათით, გმირებითა და მსხვერპლით. გმირებში კი არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ ვეშაპებიც იგულისხმება - ისინი ამ ისტორიის სრულფასოვანი პერსონაჟები არიან: „პაიტა-ტომი“, „ახალზელანდიელი ჯეკი“, „მორკანი“, „დონ მიგუელი“, კიდევ ბევრი სხვა - ეს იმ ვეშაპების სახელებია, რომლებიც ერთდროულად შიშის ზარსაც სცემდნენ მათზე მონადირეებს და მათი ცხოვრების მთავარ სამიზნესაც წარმოადგენდნენ. ზოგი მათგანი მელვილის რომანშიც არის ნახსენები. ვეშაპებზე ნადირობის ისტორიაში კი წერია: ახალზელანდიელი ტომი ბოლომდე დაუმარცხებლად დარჩა, ის ვერ დავიჭირეთ, მაგრამ ხშირად გვინახავს წლების მანძილზე სხეულში ჩარჩენილი უამრავი ჰარპუნის გამო გიგანტურ ზღარბს დამსგავსებული ეს ურჩხულიო; პაიტა-ტომმა (პაიტა - ოკეანის ყურეა პერუს სანაპიროსთან, იქ „ბუდობდა“ ალბათ) კი სხვადასხვა დროს 100 მეზღვაური